Accessibility links

გაეროს კვირეული საქართველოში და პროექტი, რომელიც სადღესასწაულო ღონისძიებებში არ ჯდება


გაეროს დღე, 24 ოქტომბერი, საქართველოში საზეიმო კვირეულით აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები იმის ნათელი დასტურია, რომ, ზოგადი კრიტიკის მიუხედავად,

გაეროს გავლენა საქართველოს შიდა და გარე ცხოვრებაზე საგრძნობი და მნიშვნელოვანია, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით. აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში გაეროს სამოქალაქო პოლიციის 20 კაციანი კონტინგენტის შემოყვანის კონკრეტული მექანიზმის შესამუშავებლად 29 ოქტომბერს თბილისს სამოქალაქო პოლიციის მთავარი ოფიცერი ეწვევა. ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, შეძლებს თუ არა გაერო კონფლიქტის მხარეთა წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფების შექმნას. ვიდრე დეტალები დაკონკრეტდება, ხაზგასასმელია, სულ მცირე, ერთი პოზიტიური თანხვედრა: სოხუმიც და თბილისიც ერთნაირად მიესალმებიან უსაფრთხოების ზონაში გაეროს სამოქალაქო პოლიციის შესვლას.

გაეროს ეგიდით ბალკანეთში პოსტკონფლიქტური გამოცდილების შესწავლის მიზნით მივლინებული ქართულ-აფხაზური დელეგაცია სამშობლოში რამდენიმე დღეა დაბრუნდა. მას შემდეგ საინფორმაციო საშუალებები თითქმის ყოველდღიურად ავრცელებენ თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოების ზონაში გაეროს სამოქალაქო პოლიციის შესვლა ხელს შეუწყობს კონფლიქტის დარეგულირებას. უფრო მეტიც, შამბას მტკიცებით, სოხუმის ხელისუფლება მზადაა გაეროს სამოქალაქო პოლიციის გამოცდილების შესასწავლად კოსოვოში ათამდე აფხაზი მილიციელი გაგზავნოს. სოხუმი ამით ცდილობს დეკლარაციის დონეზე დაადასტუროს, რომ იგი მიესალმება გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებას და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვას კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესებით აპირებს.
არსებითად, ანალოგიური მიზნები ამოძრავებს ქართულ მხარესაც, რაზეც განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე მოგვითხრობს:

[მალხაზ კაკაბაძის ხმა] "ამ წუთში ჩვენი მთავარი პრობლემა დღესდღეობით ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოების პირობების შექმნა. რომ ადამიანებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, რომ იცოდნენ, რომ მათ თუ ექნებათ, ვთქვათ, უსაფრთხო ცხოვრების, გადაადგილების და ასე შემდეგ , თავისუფლეად აზრის გამოთქმის საშუალება, რომ ისინი არ იქნებიან დასჯილები."(სტილი დაცულია)

გაეროს სამოქალაქო პოლიციის აკადემიის მთავარი ოფიცრის ბატონ ვახეს საქართველოში ჩამოსვლამდე სამოქალაქო პოლიციელთა საქმიანობის სპეციფიკაზე, პრაქტიკულად, არ საუბრობენ. ზოგად განმარტებას კი გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პრესმდივანი ენვერა სელიმოვიჩი მოგვცემს:

[ენვერა სელიმოვიჩის ხმა] "უახლოეს ხანში ჩვენს მისიას საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციელების 20 კაციანი შემადგენლობის პირველი ჯგუფი შემოუერთდება. ისინი განლაგდებიან გაეროს დაკვირვების საპასუხისმგებლო ზონებში,კერძოდ: თბილისში, ზუგდიდში, გალსა და სოხუმში."

გაეროს სამოქალაქო პოლიციელები თავიანთ საქმიანობას საქართველოში, სავარაუდოდ, დეკემბრიდან შეუდგებიან.
XS
SM
MD
LG