Accessibility links

logo-print

ვინ დააკვირდება აჭარას 2 ნოემბრის არჩევნებზე


საქართველოში დადის ხმა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების უფლებას არავის მისცემს. თუმცა აღორძინების წარმომადგენლები

საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ და მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებას ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, ენდიაი-ს (NDI) დირექტორს აბრალებენ. საქმე ის გახლავთ, რომ ხსენებული ინსტიტუტის დამკვირვებლები 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებზე აჭარაში, მართლაც, არ დაუშვეს.

შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებზე ენდიაი-ს ბედი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმაც გაიზიარეს და აჭარის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარი მათაც იგემეს. და იქნებ უარი დიდი სიამოვნებით წელსაც გამეორებულიყო, ამჯერად საქმეს სრულიად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რომ არ წყვეტდეს. ბოლო მონაცემებით, ცეესკოსგან საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების ნებართვა მიიღო 45-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთაგანაც ზოგიერთს საერთაშორისო სტატუსი აქვს. მათ შორისაა: სამართლიანი არჩევნები და მისი მთავარი პარტნიორი - ამერიკის ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტი.

თუკი აღორძინების წევრს, პარლამენტარ ჯემალ გოგიტიძეს შევეკითხებით, ენდიაი-სთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აბსოლუტურად ჰარმონიული დამოკიდებულება აქვს და ის პრეტენზიებს მხოლოდ დირექტორის, უსამართლო მარკ მალენის, მისამართით გამოთქვამს. გოგიტიძე დარწმუნებულია, რომ მალენს არჩევნებზე აჭარაში არც წელს დაუშვებენ:

"მარკ მალენი არსად არ იქნება დაშვებული, ენდიაი - ყველგან იქნება დაშვებული. იმიტომ რომ, მარკ მალენი არის არაობიექტური და მხარს უჭერს - ჟვანიას, სააკაშვილსა და შევარდნაძეს."

ამ ჯგუფური ბრალდების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებზე დაშვება-არდაშვების საკითხს, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაინც ცეესკო წყვეტს და აჭარის საოლქო კომისიებს დამკვირვებელთა დაწუნების უფლება არ აქვთ.

ენდიაი-ს მისამართით აღორძინების მხრიდან გამოხატულ ამგვარ გაღიზიანებას სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ზურა ჭიაბერაშვილი ასე ხსნის:

"სამართლიან არჩევნებს ყოველთვის ჰქონდა გარკვეული პრობლემები აჭარაში დაკვირვებასთან დაკავშირებით. ხოლო ენდიაი, როგორც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია, ამას ყოველთვის ამბობდა საჯაროდ და, ბუნებრივია, ეს იწვევდა აჭარის ხელისუფლების რეაქციას."

ნაციონალური მოძრაობისთვის მუშტი-კრივით გაწეული მასპინძლობის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს ბუნებრივად გაუმძაფრდათ ეჭვი, რომ საპარლამენტო არჩევნების დაკვირვება აჭარაში არც ისე ადვილი იქნება. სწორედ ასეთი აზრისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერი თინათინ ხიდაშელი:

"ძალიან რთულია ილაპარაკო სამართლიან არჩევნებზე აჭარაში. ძალიან რთული იქნება აჭარაში სადამკვირვებლო მისიის შესრულება."

მიუხედავად ყველაფრისა, ენდიაი-საქართველოს დირექტორი ლინკოლნ მიჩელი იმედოვნებს, რომ ობიექტური დამკვირვებლები საპარლამენტო არჩევნებზე სრულიად საქართველოს მასშტაბით იმუშავებენ და ისინი საერთაშორისო საზოგადოების იმედებს არ გააცრუებენ. ყველაფერი კი უკეთ მაინც 2 ნოემბერს გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG