Accessibility links

logo-print

ამომრჩეველთა დამოკიდებულება პოლიტიკური რადიკალიზმისა და ზომიერების მიმართ


ბათუმის მწვავე ინციდენტის შემდეგ კიდევ მეტ აქტუალობას იძენს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური სპექტრის მიმართ. მაგრამ მიტინგის დარბევა აჭარის დედაქალაქში

შედეგს გამოიღებს უფრო მეტად ადამიანის უფლებადაცვითი, ვიდრე წმინდა პოლიტიკური კუთხით.
ის ფაქტი, რომ პოლიტიკური რადიკალიზმი საქართველოში რადიკალურად დასჯადია, ეჭვს აღარ იწვევს. მაგრამ დასჯილებიც, დამსჯელებიც და მათ მიღმა მდგომებიც საკუთარი პოლიტიკური ნების ორბიტაზე ტრიალებენ. ოღონდ, რაც დრო გადის, ყველა პარტია და ლიდერი უკეთ ავლენს თავის სახეს.

მაგალითად, საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია რადიკალურ პოლიტიკურ ორგანიზაციებად იყო მიჩნეული. მაგრამ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სურათი განსხვავებულია: სააკაშვილი გაცილებით აგრესიულ კამპანიას ატარებს, ვიდრე ვინმეს ოდესმე ჩაუტარებია საქართველოში; ხოლო ნათელაშვილის ხმა საერთოდ გაქრა საარჩევნო არენიდან.

ნაციონალურ მოძრაობას რადიკალურ ფრთაზე კონკურენტი აღარ ჰყავს. მაგრამ ახლა მიხეილ სააკაშვილის ქცევას მისივე ნებაყოფლობითი ფუნქცია განსაზღვრავს. ამიტომ, რაც მეტად დასჯიან ნაციონალურ მოძრაობას თავისი შეურიგებელი პოზიციისთვის, მით მეტად გაძლიერდება ეს პოლიტიკური ორგანიზაციაც და მისი ლიდერიც.

სხვათა შორის, იგივე ზედმიწევნით ეხება ასლან აბაშიძესაც: ჟანდარმის ფუნქციის შესრულებამ კიდევ მეტად განამტკიცა მისი ტრადიციული იმიჯი. "აჭარის ლომი" შეუბრალებლად გაუსწორდა "აჭარული სამოთხის" დაუპატიჟებელ სტუმრებს. აბაშიძემ თავისი რადიკალიზმით სრულად გადაფარა ნაციონალური მოძრაობის რადიკალიზმი და თავისი მომხრეების წინაშე პირნათლად შეასრულა "ძლიერი ხელით" მმართველის ფუნქცია. თუმცა მავანმა მის ქცევაში ძლიერი შიშის მოტივი დაინახა.

ზომიერმა ოპოზიციამ ბათუმის ინციდენტი ორმხრივად გამოიყენა: მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას უფლებადაცვითი კუთხით, მაგრამ თავის მომხრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ზომიერებას ბადალი არ გააჩნია. ბათუმურმა კონფლიქტმა, ალბათ, საკუთარი არჩევანის უპირატესობაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკის და ახალი მემარჯვენეების მხარდამჭერები.

საფიქრებელია, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციისა და ნაციონალების ოფისის დარბევას ამომრჩევლის უკვე ჩამოყალიბებულ სტრუქტურაში ცვლილება არ შეუტანია: ყველა ლიდერი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მისგან ელოდნენ მისივე მომხრეები. შესაბამისად, ეს მოვლენა პოლიტიკური მნიშვნელობით ბევრს არაფერს წარმოადგენს. სამაგიეროდ, დიდია მისი მნიშვნელობა ღირებულებების დაცვისა და მათი გაქელვის კუთხით, თავისუფლებისკენ მოწოდებისა და ამ მოწოდების ჩახშობის კუთხით, ადამიანის უფლებების აღზევებისა და მათი დაცემის კუთხით. ამიტომ, მთელი მოაზროვნე საქართველოს მასშტაბით, ხუთშაბათი სწორედ უბრალო ადამიანების დღე იყო და არა პოლიტიკოსების.
XS
SM
MD
LG