Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ბრიტანეთის ჟურნალი "ჯეინს დაიჯესტი" კომენტარს უკეთებს რუსეთსა და უკრაინას შორის მომხდარ უთანხმოებას,

რაც ორ ქვეყანას შორის მდებარე ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ ჯებირის მშენებლობამ გამოიწვია. ჯებირის მშენებლობა რუსეთმა 29 სექტემბერს დაიწყო თავისი ნაპირიდან ქერჩის სრუტის დაუსახლებელ პატარა კუნძულ ტუზლამდე, რომელსაც უკრაინა თავის ტერიტორიად მიიჩნევს. გაზეთი წერს:

"მოსკოვის განზრახვას, 40 მეტრის სიგანის ჯებირის მეშვეობით რუსეთის ტერიტორიასთან შეეერთებინა კუნძული ტუზლა, მძაფრი რეაქცია მოჰყვა ოფიციალური კიევის მხრიდან. გაურკვეველია, რით უნდა იყოს გამოწვეული მოსკოვის ესოდენ გაბედული ნაბიჯი იმ დროს, როცა უკრაინა-რუსეთის ურთიერთობა თითქოს უმჯობესდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ განვლილი ერთი წლის მანძილზე ვერა და ვერ გამოიკვეთა ოფიციალური კიევის საგარეოპოლიტიკური გეზი, ვინაიდან კუჩმას და მისი მოკავშირე ოლიგარქების მთელი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, იმუნიტეტით იყვნენ დაცული ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლური ორიენტაციის რეფორმისტი ვიქტორ იუშჩენკო გაიმარჯვებს."

25 ოქტომბერს ქალაქ ნოვოსიბირსკის აეროპორტში დააკავეს რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოსის" მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი და, როგორც სტოკჰოლმში მოქმედი გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომელი ერიკ ბერგლოფი აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით, ოლიგარქები, რუსეთში, ძნელი არჩევანის წინაშე დადგნენ. შვედი მკვლევარი წერს:

"ოლიგარქებს ისღა დარჩენიათ, გაყიდონ რუსეთის მრეწველობაში შეძენილი აქციები და დატოვონ რუსეთი, ან კიდევ დარჩნენ და ჩაებან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ვეებერთელა რისკათანაა დაკავშირებული. რუსეთის კონსტიტუცია ხომ წარმოუდგენლად ფართო საკანონმდებლო და აღმასრულებელ უფლებებს ანიჭებს პრეზიდენტს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სასამართლო სისტემასა და სახელმწიფო დუმაში პუტინის მომხრეები დომინირებენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობს".

გაზეთ "ქრისჩენ საიანს მონიტორის" მიმოხილველის ფრედ ვეარის აზრით, ის არეულობა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა აზერბაიჯანში, კარგს არაფერს უქადის მეზობელ საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ოპოზიციის ლიდერები თბილისში აცხადებენ, რომ ხელისუფლება უხეშად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი შიშობს, ვაითუ ოპოზიციის ლიდერებს შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლას სამოქალაქო ომი მოჰყვესო. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მსგავსად, ედუარდ შევარდნაძეც ხომ ყოფილი კომუნისტი ფუნქციონერია. ორივემ ავტორიტარული მეთოდებით შეძლო წესრიგის დამყარება, დაზავებას მიაღწია რუსეთის მიერ ზურგგამაგრებულ სეპარატისტებთან და პროდასავლური გეზი აიღო საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად გამოვლინდა დარღვევები აზერბაიჯანში 15 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მსვლელობაში, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ არჩევნების მისამართით ხმამაღალი კრიტიკა არ გამოუთქვამს."

სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ინდეპენდენტმა" გამოაქვეყნა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი რობინ კუკი წერს, რომ დასავლეთის მთავრობებმა არ უნდა დაიახლოვონ რეპრესიული რეჟიმები, მიუხედავად იმისა, რომ ანტიტერორისტულ ომში ამ ქვეყნების მხარდაჭერა ესაჭიროებათ. რობინ კუკი განაგრძობს:

"ცივი ომის დროს საბჭოთა კომუნიზმთან დაპირისპირებული დასავლეთი მზად იყო ალიანსში შესულიყო დიქტატორულ რეჟიმებთანაც კი, რამაც დასავლეთს ავტორიტეტი შეულახა. უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი რეპრესიულ ზომებს მიმართავს ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ. თუმცა ძალადობითა და რეპრესიებით შეუძლებელია ამგვარი ფუნდამენტალური მოძრაობების დამარცხება, პირიქით, კიდევ უფრო იმატებს ამ მოძრაობებში მარტვილთა რიცხვი. ხოლო ფუნდამენტალისტურ მოძრაობათა არსებობა სულაც არ აძლევს ქარიმოვს უფლებას, რეპრესიებს მიმართოს იმათ წინააღმდეგ, ვინც მთავრობას აკრიტიკებს ქვეყანაში მოქალაქეობრივ უფლებათა შეზღუდვის გამო."
XS
SM
MD
LG