Accessibility links

ფონდის მისიას საქართველოში ერთგვარი აგრესიული განწყობა დახვდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგულარული მისიის მორიგ თბილისურ ვიზიტს ქართული მედიის გარკვეული ნაწილი საკმაოდ აგრესიული პუბლიკაციებით შეხვდა. აქამდე საქართველოში ანტიგლობალისტური

გამოსვლებით საზოგადოების საკმაოდ ვიწრო სეგმენტი იყო ცნობილი და, როგორც წესი, ეს პოზიცია ოფიციალურად ფრთხილად გამოითქმებოდა. ამჯერად "ანტიფონდისტური" განწყობა საზოგადოების იმ ნაწილზეც გავრცელდა, რომელიც ამ ორგანიზაციის ძაგებაში აქამდე არ იყო "შემჩნეული". ამგვარი საზოგადოებრივი აზრი, ბუნებრივია, საარჩევნო მარათონთანაც არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ ქართულ რეალობაში შედარებით წარმატებულ პრ-ად ნეგატიურ განწყობებზე პედალირება ითვლება, ეს ტენდენცია სავალუტო ფონდზეც გავრცელდა. არადა, თუ რამე პოზიტიური გაკეთებულა საქართველოს ეკონომიკაში, აქ ამ საფინანსო ინსტიტუტის როლი არცთუ უმნიშვნელო გახლდათ. აქვე ნუ წარმოვიდგენთ, რომ ფონდი საქართველოს მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია და მისი რეკომენდაციები აბსოლუტურ პანაცეას წარმოადგენს. რასაკვირველია, ყველა საფინანსო თუ სხვა პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს თავისი მიზნები. როგორც წესი, ეს მიზნები მისი მსხვილი დამფუძნებლებისა და წევრების ინტერესებთან იკვეთება, რაც ყოველთვის მისაღები შეიძლება არ აღმოჩნდეს ჩვეულებრივი წევრი ქვეყნისათვის და ამის მაგალითებიც ყოფილა თუნდაც იმავე საქართველოს რეალობაში. თუმცა ის ელემენტარული ჭეშმარიტეტები, რაც, რეკომენდაციების სახით, ფონდის ემისრებისაგან მოდის, წლების მანძილზე არის აპრობირებული და მათ შესრულებას ყველა პატიოსანი ხელისუფალი სხვისი რჩევის გარეშეც უნდა ცდილობდეს.

მართლაც, ელემენტარული ეკონომიკური ჭეშმარიტება გახლავთ ის, რომ ბიუჯეტის კანონის შესრულება სავალდებულოა, გადასახადების ამოღება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური და საზოგადოებრივი ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია, მოხმარებული ელექტრო თუ სხვა ენერგიის საფასურის გადახდა საჭიროა, კორუფცია ცუდია, არაქმედითი მთავრობა უსუსურია თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად და ა.შ. ეს ის უფასო რჩევებია, რასაც ფონდი, აგერ უკვე მერამდენე წელია, პერმანენტულად გვაძლევს და, ამ რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, კრედიტსაც გვთავაზობს.

ფონდი კი გვირჩევს, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ან არ სურს რჩევის გათვალისწინება, ან არ შეუძლია, ან პრინციპულად წინააღმდეგია. პირველ შემთხვევაში ხელისუფლება არაპროფესიონალია, მეორე შემთხვევაში - უსუსურიც და მესამე შემთხვევაში - უგუნური.

რაც შეეხება სავალუტო ფონდის მისიის ამჟამინდელ სტუმრობას, პაოლო ნოიჰაუზის თბილისური ვოიაჟი შედარებით მცირეხანს გასტანს და ერთი კვირით შემოიფარგლება.

ნოიჰაუზის თბილისში ჩამოსვლამდე გასული კვირის ბოლოს ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოს „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა" მოუწონა, რაც ხელისუფლებამ რატომღაც პროგრამის აღდგენად მიაწოდა საზოგადოებას. არადა, ეს ამგვარად ნამდვილად არ არის. "ვაშინგტონური" გადაწყვეტილების მიუხედავად, ემისრების საქმიანი შეხვედრები ხელისუფლებასთან დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს და, წინა ვიზიტებისაგან განსხვავებით, უფრო გასაიდუმლოებულიცაა.

მისია შუალედურია და, ტრადიციული მემორანდუმის ნაცლად, ნოიჰაუზი თბილისში ე.წ. სამახსოვრო ჩანაწერს დატოვებს. ფონდი გარკვეულ შეფასებას მისცემს ამჟამად არსებულ მდგომარეობას და 2004 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებითაც გამოთქვამს მოსაზრებებს, მომავალი წლის ძირითადი ეკონომიკური კანონის პროექტი ფინანსთა სამინისტროს პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს, თუმცა მისიის "რევიზიის" შემდეგ ამ პროექტის თავდაპირველი ვარიანტისაგან, ალბათ, უცვლელად მცირე რამ დარჩება, თუ, რა თქმა უნდა, მთავრობამ ფონდის რჩევები ყურად იღო.

ხელისუფლების წარმომადგენლები თავად აღიარებენ, რომ ფონდთან პრობლემების მიზეზი ბიუჯეტის ფისკალურ ნაწილში არსებული გარღვევა იქნება. სხვათა შორის, ფისკალურ პრობლემებსა და სუსტ ადმინისტრირებაზე იმავე დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზეც მიგვითითეს. ამასობაში მთავრობას არც მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირება, ანუ ტექნიკური სეკვესტრი, დაუსრულებია. მისიის წევრებს ასევე განსაკუთრებით აინტერესებთ ნავთობპროდუქტებიდან და თამბაქოდან გადასახადების მობილიზების საკითხი.

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის რწმუნების მიუხედავად, თითქოს საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სექტორმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის თითქმის ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ქვეყანაში ფონდის პროგრამის აღდგენას პრობლემებს არ შეუქმნის, დამოუკიდებელი ექსპერტები ამგვარად სრულებითაც არ ფიქრობენ.

მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი თავად აღიარებს, რომ ფონდის რეკომენდაციებთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" მიერ ენერგოსაბითუმო ბაზარში თანხების გადახდის დაბალი მაჩვენებელია. "მართალია, "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია" ადრე აღებულ კრედიტებს ისტუმრებს და ბიუჯეტში გადასახადს იხდის, მაგრამ საბითუმო ბაზარში თანხის გადახდის მაჩვენებელი დაბალი აქვს", - აღიარებს ნიკოლაიშვილი.

სავალუტო ფონდის რეკომენდაციებიდან ოთხი სწორედ ენერგოსექტორს ეხება. მათ შორის არის: ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, ბაზრის მიერ პირდაპირი მომხმარებლიდან თანხის ამოღების მაჩვენებლის 70 პროცენტამდე ამაღლება, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა, სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის მიერ კი ბაზარში თანხების გადახდის მაჩვენებლის გაუმჯობესება. ასე რომ, ვერც ენერგეტიკოსები იქნებიან პირნათელნი ნოიჰაუზის მიმართ.

დღეს უკვე ცნობილია, რომ ოქტომბრის ვიზიტს პროგრამის დაფინანსების აღდგენა არ მოჰყვება და ამჟამინდელ სტუმრობას ე.წ. შუალედური ხასიათი აქვს. თუ ხელისუფლება შეძლებს ამჯერად დატოვებული რჩევების შესრულებას, ფონდის მისია საქართველოს ნოემბრის არჩევნების შემდგომ ეწვევა.
რაც შეეხება პროგრამის აღდგენის პერსპექტივას, ეს უკვე დეკემბრის მოლაპარაკების შემდეგ, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG