Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გააყალბა ამომრჩეველთა სიები


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 ოქტომბერს იწურება ამომრჩეველთა სიების მოსაწესრიგებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის დათქმული ვადა. 25 ოქტომბერს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები განცხადებებს

აკეთებდნენ სიებში არსებულ ხარვეზებთნ დაკავშირებით. 25 ოქტომბერს ანტიკორუფციული საბჭოს წევრები იმას არკვევდნენ, როდის და ვინ გააყალბა საარჩევნო სიები.

პოლიტიკური პარტიები კვლავ შეშფოთებას გამოთქვამენ ამომრჩეველთა სიებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თუ აქამდე, როგორც წესი, მათ სიების გაბერვა აშფოთებდათ, ბოლო დღეების განცხადებებში სიებიდან გამორჩენილი ათასობით ამომრჩეველი ფიგურირებს.
ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" კანდიდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ვასილ მაღლაფერიძე გენერალურ პროკურატურას მიმართავს თხოვნით, აღძრას სისხლის სამართლის საქმე რაიონის პოლიციის უფროსის მიმართ, საბოტაჟის მუხლით. საქმე ის გახლავთ, რომ, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, სიიდან "გამქრალია", დაახლოებით, 25 ათასი ამომრჩეველი. სიებში მათი შეყვანის მოთხოვნას კი რაიონის პოლიციის განყოფილება აინუნში არ აგდებს.
როგორც ჩანს, ამომრჩევლის "გამორჩენა" მხოლოდ თბილისურ სინდრომად ვერ ჩაითვლება. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" განუცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა დალი დავითაშვილმა, გამორიცხული არ არის, ამჟმად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ 2807 საარჩევნო უბანს კიდევ რამდენიმე დაემატოს. მისივე ვარაუდით, შესაძლოა, დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგეს თბილისში, ქუთაისსა და გორში.
მაინც, ვინ და როდის შეძლო საარჩევნო სიების გაყალბება? - როგორც მოგეხსენებათ, წინასაარჩევნოდ ამ მეტად აქტუალურ კითხვაზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები გაისმის. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მის მიერ ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სიები რადიკალურად განსხვავდება არსებული სიებისგან. ყოფილი ცენტრალური საარჩევნო კომისია სიების გაყალბებაში ელექტონული სიების შემქმნელს, საერთაშორისო ორგანიზაცია "აი-ფი-ეს"-ს ადანაშაულებს. იმის დასადგენად, თუ ვინ გააყალბა სიები, იურისტი დავით უსუფაშვილი და ანტიკორუფციული საბჭოს წევრი ლაშა ტუღუში 25 ოქტომბერს ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს, დღის მეორე ნახევარში კი ორგანიზაცია "აი-ფი-ეს"-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრების შემდეგ დავით უსუფაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს:
[ დავით უსუფაშვილის ხმა] " ძირითადი მიზეზი მაინც არის ძალიან სერიოზული ხარვეზები მენეჯმენტსა და საქმის გაძღოლაში, რამაც შექმნა სიტუაცია, როცა ძალიან ბევრ ადგილას შეიძლებოდა შეცდომების დაშვება, რომელსაც სხვა აღარ ასწორებდა."
იყო თუ არა ამ უთავბოლობის ერთ-ერთი მიზეზი ბოროტი განზრახვა, ამის დადგენას, დავით უსაფაშვილის თქმით, სამიოდე დღე კიდევ დასჭირდება.
XS
SM
MD
LG