Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გადადგა საქართველოს კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე


თითქმის ერთადერთი სეგმენტი ქართულ ბიზნესში, რომელიც წლითიწლობით სულ უფრო ვითარდება, ტელეკომუნიკაციების სფეროა. დღემდე ეს იმითაც იყო შესაძლებელი, რომ კავშირგაბმულობისა და

ტელეკომუნიკაციების სექტორი პოლიტიკისგან მეტნაკლები თავისუფლებით სარგებლობდა. თუმცა ამ ბოლო დროს წინასაარჩევნო დაძაბულობა კავშირგაბმულობასაც გადაედო. კერძოდ კი, ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური ძალების ზეწოლის შედეგად, 24 ოქტომბერს ფოსტისა და კავშირგაბმულობის სფეროს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ გადადგომა გამოაცხადა. რამ აიძულა აბაშიძე გადადგომის გადაწყვეტილება მიეღო?

საქართველოს ხელისუფლებაში, ალბათ, არავინ იფიქრებდა, თუ პრეზიდენტის ყოფილი პრესმდივანი, შემდეგ კი პრეზიდენტის ხელდასმით კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დანიშნული ვახტანგ აბაშიძე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ გამოვიდოდა. 24 ოქტომბერს ვახტანგ აბაშიძემ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო:

[ვახტანგ აბაშიძის ხმა] "მე დღეს პრეზიდენტს მივმართე განცხადებით და დღესაც ვახმაურებ ამ განცხადებას, რომ მე ვიხსნი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას."

ამის მიზეზი ის პოლიტიკური ზეწოლა გახდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტელეკომპანია "ო-ერ-ტეს" სამაუწყებლო სიხშირის მესაკუთრის გარკვევის მცდელობამ გამოიწვია. ეს სიხშირე რამდენიმე წელია, რაც გამოთავისუფლებულია. მისი გამოყენების სურვილი მიმდინარე წლის ზაფხულში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა გამოთქვა. კომპანიის პრეზიდენტის ეროსი კიწმარიშვილის საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილმა წერილმა სკანდალიც კი გამოიწვია.

რომ არა ეს სკანდალი, პრეზიდენტი შევარდნაძე მზად იყო, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტელესიხშირე, თავისი ბრძანებულებით, ხელისუფლებისათვის მიუღებელი საინფორმაციო პოლიტიკის მქონე რუსთავი 2-ისთვის გადაეცა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა გამოსავალი მაინც იპოვა და მარეგულირებელ კომისიას სიხშირეზე ტენდერის გამოცხადება დაავალა, რადგან ტენდერში გამარჯვებით "ო-ერ-ტეს" ყოფილი არხი რუსთავი 2-ის განკარგულებაში უფრო კანონიერად გადავიდოდა. მარეგულირებელი კომისიის წევრი დავით პატარაია ფიქრობს, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით ხელისუფლება დამოუკიდებელი კომისიის მუშაობაში ჩაერია.

[დავით პატარაიას ხმა] "ჩვენ გვქონდა გეგმაში 2 ასეთი დიდი კონკურსის ჩატარება - ერთი სპეციალიზირებული, მეორე საერთო და დაემატა მესამეც, გამომდინარე თვითონ კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით, და, მეორეს მხრივ, გამომდინარე გარკვეული პოზიციიდან, რომელიც არსებობდა სახელისუფლებო ძალების გარკვეულ ნაწილში." (სტილი დაცულია)

ასე გაგრძელდა შემდგომაც, როდესაც სახელისუფლებო ძალების ინტერესი რუსთავი 2-ის მიმართ შეიცვალა და ტენდერში მონაწილე მეორე სუბიექტიც გამოჩნდა, პრეზიდენტთან დაახლოებული ბადრი პატარკაციშვილის მედიაჰოლდინგის შემადგენელი ფირმის, "ტექნომედიის", სახით. ისიც ცხადია, რომ ხელისულებაში ილუზიებით არ იკვებებოდნენ "ტექნომედიის" გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ. ამიტომ ვახტანგ აბაშიძეს ტენდერის გადადება შემდეგი მიზეზით მოსთხოვეს:

[ვახტანგ აბაშიძის ხმა] "დღეს ხელისუფლება თავად აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მას შეექმნება სერიოზული პოლიტიკური პრობლემები."

ამას არც სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი ვახტანგ რჩეულიშვილი უარყოფს. რუსთავი 2-ის პრეზიდენტი ეროსი კიწმარიშვილი, ედუარდ შევარდნაძესა და ავთანდილ ჯორბენაძესთან ერთად, მარეგულირებელ კომისიაზე ზეწოლაში სწორედ მას ადანაშაულებს. რჩეულიშვილი ამბობს, რომ მან აბაშიძეს ურჩია ტენდერი არჩევნების შემდეგ ჩაეტარებინა.

[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] "ვინც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს, იმან უნდა გაიმარჯვოს. მაგრამ, ჩემი აზრით, აი, ამ არჩევნების წინ განაწყენება, პროცესები, ბრალდებები... ვიღაცას მთავრობა უჭერს მხარს, ვიღაცას - არა... უბრალოდ, დაძაბავს სიტუაციას. მით უმეტეს, რომ მასმედიას შეუძლია გაამწვავოს მდგომარეობა და რომელიმე განაწყენებულ კომპანიას - რუსთავი 2 იქნება ეს თუ სხვა - შეუძლია დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს საქმე."(სტილი დაცულია)

ხელისუფლებას შეეძლო ეს იმ დროს გაეთვალა, როდესაც მარეგულირებელ კომისიას ტენდერის ჩატარებას ავალებდა. თუმცა მაშინ პოლიტიკური კონიუნქტურა სულ სხვა პოზიციას უკარნახებდა საქართველოს ხელისუფლებას. კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების რეგულირებაზე სწორედ პოლიტიკური შეხედულებებით ზემოქმედება გახდა ვახტანგ აბაშიძის გადადგომის მიზეზი.
XS
SM
MD
LG