Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს სტუდენტური სპექტაკლებისა


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს სტუდენტური სპექტაკლებისა

და ფილმების კონკურს-ფესტივალ "დებიუტზე" მოგითხრობთ. ფესტივალის ორგანიზატორი თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სტუდენტები არიან. ის წელს მეორედ იმართება. ფესტივალზე ყველას შეეძლება გაეცნოს ქართველი - და არამარტო ქართველი - სტუდენტების შემოქმედებას, გაიგოს მსახიობების, თეატრისა და კინოს რეჟისორების რა თაობა იზრდება. წლევანდელი ფესტივალი შარშანდელზე ფართოა. აქ საკუთარი საკურსო თუ სადიპლომო ნამუშევრები სომეხმა და თურქმა სტუდენტებმაც უნდა წარმოადგინონ. რას ნიშნავს სტუდენტებისთვის სასწავლო ნამუშევრების კონკურს-ფესტივალის ტრადიციის დამკვიდრება, ამის შესახებ ეკა წამალაშვილი თეატრალური ინტიტუტის სტუდენტებს თეა კახიანს, გეგა ქურციკიძეს და ნიკა გელაშვილს ესაუბრა. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნახევარს, თქვენ შეხვდებით გიორგი კანდელაკს - ოღონდ არა მოკრივეს, არამედ მოძრაობა "კმარას" წევრს. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა "კმარას" არჩევნებამდელი და არჩევნების შემდგომი სტრატეგია იქნება - თუ ის, ცხადია, არსებობს.

ეკა წამალაშვილი:

თეა კახიანი და გეგა ქურციკიძე თეატრალურ ინსტიტუტში უმაღლეს სარეჟისორო კურსებს გადიან - დრამის მიმართულებით. თეა სტუდენტური კონკურს-ფესტივალის "დებიუტის" ერთ-ერთი ორგანიზატორია. კონკურსზე საკუთარი ნამუშევარი მას არ გააქვს, რადგან საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობამ ამისთვის დრო არ დაუტოვა. გეგა "დებიუტის" შარშანდელი გამარჯვებულია. სტუდენტურ კონკურსზე მის მიერ შარშან გატანილი საკურსო სპექტაკლი საუკთესო რეჟისურისა და სცენოგრაფიისთვის დაჯილდოვდა. რას ნიშნავდა გეგასთვის ეს წარმატება, ამის შესახებ თავად იტყვის:

[გეგა ქურციკიძის ხმა] " ნებისმიერ კონკურსზე გამარჯვება დიდი სტიმულია. სტიმულია იმისთვის, რათა დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ეს არ მოხდა შემთხვევით და ეს არ არის ერთჯერადი. როგორც კი გაიმარჯვებ, ვფიქრობ, მაშინვე რაღაც ეტაპი უნდა დამთავრდეს და უნდა იფიქრო შემდეგზე. რა იქნება შემდეგ. ეს შემდეგი გამარჯვებისთვის დიდი სტიმულია, მაგრამ გული მწყდება, რომ შემდეგ ვეღარ მივიღებ სასწავლო კონკურს-ფესტივალში მონაწილეობას. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლას ვასრულებ. "

გეგა ქურციკიძე წლევანდელ კონკურსზე სადიპლომო ნამუშევარს წარადგენს. ეს იქნება სპექტაკლი "რა მოხდა სამხეცეში", ედვარდ ოლბის მიხედვით, - აბსურდი, რომლითაც რეჟისორი შეეცდება დაგვანახვოს პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობა ჩვენს რეალობაში.
"დებიუტის" შარშანდელი გამარჯვებულია თეატრალური ინსტიტუტის კონოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი ნიკა გელაშვილიც.
შარშანდელ კონკურსზე მან ტრილოგიის ორი ნაწილი გაიტანა. ესენი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "უძილობა" და "ბოლო დღე". წლევანდელ კონკურს-ფესტივალზე ნიკას ტრილოგიის მესამე ნაწილი გააქვს. ამ ნამუშევარში გრძელდება წინა ფილმების თემა. თემა კი, როგორც თავად ნიკა ამბობს, ფილმებიდან ამოდის და ადამიანის არჩევანს უკავშირდება. შარშანდელი წარმატება ნიკა გელაშვილისთვისაც სერიოზული სტიმული იყო. სასწავლო ნამუშევრების კონკურს-ფესტივალის ტრადიციის დამკვიდრება მასაც და გეგასაც ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. გეგას თქმით, ამით მას და თეატრის სხვა, მომავალ, რეჟისორებს, მომავალ მსახიობებთან ერთად, საშუალება მიეცათ ერთმანეთისთვის მაინც ენახვებინათ ის, რაც სასწავლო სცენაზე ერთი ან ორი წარმოდგენის შემდეგ უნდა მომკვდარიყო. შარშანდელისა არ იყოს, წლევნადელ კონკურსზე თავის წარმოჩენის კარგი საშუალება ექმნებათ მომავალ კინორეჟისორებსაც. ისინი კი, როგორც ნიკა ამბობს, მუშაობენ და საკმაოდ აქტიურადაც.

[ნიკა გელაშვილის ხმა] "რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, თეატრალურში იღებენ იმაზე გაცილებით მეტ ფილმს, ვიდრე ადრე იღებდნენ. ეს ვიდეოს შემოსვლის ბრალია. ვიდეო არის გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომი. ადრე თუ გამოგიყოფნენ ხოლმე ფირს 10 წუთისთვის, ახლა გაცილებით მეტი შეგიძლია გადაიღო და დაამონტაჟო. მართალია, სხვა არ გაფინანსებს, მაგრამ გადაღება ისე ძვირი აღარ ჯდება, როგორც ადრე ჯდებოდა. ამდენად, პროდუქცია არის. საკურსო ფილმები არის. "

საკურსო ფილმები არის. არის საკურსო სპექტაკლებიც და ამ ფილმებისა და სპექტაკლების რეჟისორებს, ოპერატორებს, მხატვრებს, მუსიკალურ გამფორმებლებს და მსახიობებს, - საერთო ჯამში, სტუდენტთა იმ თაობას, რომელიც მომავალში ფართო შემოქმედებით ასპარეზზე გასვლას აპირებს, სჭირდება შეფასება და სტიმული სამომავლო წარმატებისთვის. სწორედ ამისთვის ტარდება კონკურს-ფესტივალი "დებიუტი", რომელშიც წელს შარშანდელზე მეტი სტუდენტური ფილმები და სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი. შარშანდელისგან განსხვავებით, როცა სტუდენტური "დებიუტი" რესპუბლიკურ ღონისძიებად შედგა, წლევანდელი კონკურს-ფესტივალი საერთაშორისო ღონისძიების ნიშნებს იძენს. "დებიუტის" ორგანიზატორებმა წელს თბილისში სომეხ და თურქ სტუდენტებს უნდა უმასპინძლონ. მათი და ქართველი სტუდენტების ფილმების ჩვენება "კინოს სახლში" შედგება, სპექტაკლების კი - "თეატრალურ ინსტიტუტში", "კულტურის ინსტიტუტში" და "პანტომიმის თეატრში." როგორც "დებიუტის" ერთ-ერთი ორგანიზატორი თეა კახიანი ამბობს, სტუდენტების სურვილი მიიღონ მონაწილეობა კონკურს-ფესტივალში, წელს იმაზე დიდია, ვიდრე შარშან იყო.

[თეა კახიანის ხმა] "ძალიან დიდი დაინტერესებაა სტუდენტებში. ცოცხალი იდეაა ამ ფესტივალის ჩატარება. იდეა არ არის ხელოვნური, ცოვხალია. "დებიუტი" სასწავლო პროცესის შემაჯამებელი ღონისძიებაა და, ვფქირობ, ძალიან საინტერესო იქნება მასზე გამოცდილებების ურთიერთგაცვლა. "

სტუდენტური კონკურს-ფესტივალი "დებიუტი" თბილისში 20 ნოემბერს გაიხსნება და 30 ნოემბერს დაიხურება. ფესტივალის დახურვა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის გამართვა ორგანიზატორებს კინოთეატრ "ამირანში" სურთ. კონკურსის ორგანიზებაში მათ რამდენიმე ორგანიზაცია ეხმარება. კიდევ ერთხელ განვმარტავ: სტუდენტური კონკურს-ფესტივალის, "დებიუტის", იდეა თეატრალური ინსტიტუტის რამდენიმე სტუდენტს დაებადა და მათ დამოუკიდებლად შეძლეს ამ იდეის ხორცშესხმა.
მეტი დაფინანსების და მეტი თანადგომის შემთხვევაში ისინი შეძლებდნენ კონკურს-ფესტივალისთვის ჯეროვანი სარეკლამო სამსახურის გაწევას, მაგრამ რა გაეწყობა. მთავარია, რომ სტუდენტების სასწავლო ნამუშევრების შეფასება წელსაც შედგება და ამით ეს პროცესი ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდება.
დავით პაიჭაძე:

ეს არის ახალგაზრდული პროგრამა. ახლა მოუსმენთ ინტერვიუს გიორგი კანდელაკთან - მოძრაობა "კმარას" ერთ-ერთ წევრთან.

[იხ. აუდიო ვერსია]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG