Accessibility links

logo-print

სკანდალურობით ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს ფედერალური მოწყობის გეგმა წარუდგინა


სტანისლავ ბელკოვსკი რუსეთში სტრატეგიული კვლევის საბჭოს ხელმძღვანელობს. ბელკოვსკი და მისი ორგანიზაცია უწყინარ პოლიტოლოგიურ ორგანიზაციად არ არის ცნობილი, ყოველ შემთხვევაში - რუსეთში.

ბელკოვსკის სახელს, უფრო ზუსტად კი მისი 33-კაციანი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალებს რუსეთში ოლიგარქების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის, მათ შორის, "იუკოსთან" დაკავშირებული სკანდალის ერთ-ერთ ხელშემწყობ ინფორმაციად მიიჩნევენ. რუსეთის პრესაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ სტანისლავ ბელკოვსკი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის დაკვეთას ასრულებდა, როცა "იუკოსზე" შავ "პი-არს" აწარმოებდა. თუმცა, ბელკოვსკის "იუკოსთან" და ზოგადად რუსეთის ოლიგარქებთან დამოკიდებულებაზე დღეს არ ვილაპარაკებთ, ამის შესახებ ჩვენს მომდევნო გადაცემებში. მანამდე კი გვსურს გესაუბროთ ბელკოვსკის ქართულ ვნებებზე. კერძოდ, მის მიერ საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ გამოთქმულ იდეებზე, რომლებიც გეგმის სახით, როგორც თავად ბელკოვსკი აცხადებს, 27 ოქტომბერს გადაეცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. საქართველოს მომავალ მოწყობაზე, მოგეხსენებათ, რუსეთში ბევრი "ზრუნავს". რამდენად საყურადღებო მოვლენასთან გვაქვს საქმე ამჯერად?

ჯერ თავად ფაქტის გადამოწმება ვცადეთ, ანუ იმის დადასტურება ან უარყოფა, მართლაც გადასცა თუ არა სტანისლავ ბელკოვსკიმ საქართველოს ფედერალური მოწყობის გეგმა პუტინის ადმინისტრაციას. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურში მორიგემ მიპასუხა, რომ [ფონი: პრეს-სამსახურის თანამშრომლის ხმა] მსგავსი ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ქვეყნდება, მათ შორის ცნობები ადმინისტრაციაში შესული დოკუმენტების შესახებაც. ვებ-გვერდზე საქართველოს სტრატეგიული მოწყობის გეგმის შესახებ, ბუნებრივია, არაფერი იყო ნათქვამი. ისე, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის განყოფილების მთავარ გვერდს ამშვენებს ვლადიმირ პუტინის ციტატა: "თანამეგობრობის სივრცეს ჩვენ განვიხილავთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესების სფეროდ, ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ თანამეგობრობის ქვეყნებიც რუსეთს თავიანთი ნაციონალური ინტერესების ზონაში აღიქვამენ. ამასთან ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია თანამეგობრობის სივრცეში სტაბილურობითა და ეკონომიკური პროგრესით". იქნებ, პუტინის ყოველწლიური გამოსვლის სწორედ ამ პოსტულატს დაუმიზნა სტანისლავ ბელკოვსკიმ, როცა გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე ეზრუნა და ეს საკითხი სწორედ პუტინის ადმინისტრაციის კომპეტენციად მიიჩნია.

მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად ყურადსაღებია რუსეთის სტრატეგიული საბჭოს მიერ წამოწყებული საქმე, შეიძლება ნაადრევია, მაგრამ არ უნდა იყოს ნაადრევი ზოგიერთ მოვლენათა შეჯერება. თავიდანვე გეტყვით, რომ საქართველოში არც პრეზიდენტის პრეს-სამსახური და არც ის ადამიანები, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია რუსეთის სტრატეგიული კვლევის საბჭოს ხელმძღვანელს, სერიოზული შეშფოთების საგანს ვერ ხედავენ იმაში, რომ რომელიღაც პოლიტოლოგმა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ფედერალური მოწყობის გეგმა შეიტანა. ცოტა ხნით ყველა ვარაუდებს თავი დავანებოთ და თავად ბელკოვსკის მოვუსმინოთ, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა:

[ბელკოვსკის ხმა]
"გეგმა ითვალისწინებს, რომ უახლოეს წლებში ფაქტობრივად უნდა დაფუძნდეს საქართველო - როგორც ახალი ფედერაციული სახელმწიფო, რომლის დამფუძნებელიც იქნება შვიდი სუბიექტი, მათ შორის - აფხაზეთი, აჭარა და სამხრეთი ოსეთი, ანუ ტერიტორიები, რომლებსაც თბილისი ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს. ამ ფედერაციულ სახელმწიფოში სუბიექტები სამხედრო და საერთაშორისო ფუნქციების ცენტრისთვის დელეგაციას მოახდენენ. ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფუნქციებს თავად სუბიექტები გაუძღვებიან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სხვა გზას ჩვენ ვერ ვხედავთ. ეს გეგმა გადაეცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვიმედოვნებთ, რომ ის ნელნელა წინ წაიწევს. თუმცა, მის პროგრესს ვუკავშირებთ ელიტის შეცვლას როგორც საქართველოში, ისე რუსეთში."

განუცხადა ჩვენს რადიოს რუსეთის სტრატეგიული კვლევის საბჭოს ხელმძღვანელმა სტანისლავ ბელკოვსკიმ და მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა:

[ბელკოვსკის ხმა]
"მე ვიცი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან ჩვენი თანამოაზრეები. ჯერ მათ სახალხოდ არ ვასახელებ. დავუცდი მომენტს, როცა ჩვენი დისკუსია ჩვენი გეგმის შესახებ ოფიციალურ დონეს მიაღწევს".

სტანისლავ ბელკოვსკის თანახმად, საქართველოს ფედერაციული მოწყობის მის მიერ მომზადებული გეგმის ტექსტი ჯერ არავის უნახავს საქართველოში. მისი თქმით, გეგმის ძირითად მიმართულებებზე მას ორი თვის წინ თბილისში გამართულ ერთ სემინარზე უსაბრია, რომელზეც ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და საქართველოს პოლიტოლოგიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და რომლის ინიციატორიც ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია "The War and Peace Institute" იყო. ამ ორგანიზაციის ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას ბელკოვსკიმ ვერ გაიხსენა. ამ სემინარის რამდენიმე მონაწილესთან სატელეფონო საუბარმა დამარწმუნა, რომ სტანისლავ ბელკოვსკის იდეა არავისთვის იყო ახალი და დიდად ყურადსაღები. მითუმეტეს, რომ ბელკოვსკის მისი გეგმის სახელმწიფო დონეზე (ვგულისხმობ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციას) განვითარების გეგმაზე მაშინ არაფერი უთქვამს. თბილისის სემინარის ერთ-ერთი მონაწილე გახლდათ საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდის წამყვანი ექსპერტი არჩილ გეგეშიძე:

[გეგეშიძის ხმა]
"თბილისში გამართულ სემინარზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და რუსმა პოლიტოლოგებმა, გაჟღერდა რა ბატონი ბელკოვსკის მიერ ეს მოსაზრება საქართველოს სამომავლოდ ფედერალური მოწყობის თაობაზე, იქ მას განემარტა ქართველი პოლიტოლოგების მიერ, რომ ეს თემა და ეს საკითხი ახალი არ არის საქართველოსთვის, რომ ამაზე დიდი ხანია მუშაობენ როგორც აკადემიურ, ისე პოლიტიკურ წრეებში შემუშავებულია სხვადასხვა მიდგომები, მოდელები და რომ ეს არ ახალია საქართველოში და რომ ამაში რამე ახალი და განსაკუთრებული არ არის და ამის შემდეგ ეს საკითხი მოიხსნა სემინარის დღის წესრიგიდან. შემდგომი გაგრძელება ამ საკითხის განხილვას აღარ ჰქონია".

სტანისლავ ბელკოვსკიმ ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა ისიც, რომ გარდა სემინარის მონაწილეებისა, თავის გეგმაზე ის საქართველოს ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს - "პრაიმ_ნიუსს" ესაუბრა. სწორედ ამ სააგენტოს საშუალებით გავრცელდა კიდეც სახალხოდ ინფორმაცია მისი გეგმების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ბონდო მძინარაშვილმა ამ ცნობის გამო განმიცხადა:

[მძინარაშვილის ხმა]
"ასეთი ცენტრები რუსეთში ბევრია. ვინ რას დაწერს და როგორ დაწერს, ჩვენ ამაზე ოფიციალურ განმარტებას არ გავაკეთებთ. თუ იქნება ოფიციალური პოზიცია, სახელმწიფოსი, შემდგომ შესაბამისი რეაქცია გვქენება. სულაც არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ელემენტარულად პროვოკაცია. რომლითაც უნდათ, რომ ახლა აჟიოტაჟი გამოიწვიონ საქართველოში, მაგრამ დამერწმუნეთ ამას ნამდვილად არ მოყვება აჟიოტაჟი."

საგანგაშო, იქნებ, ამ ეტაპზე მართლაც არაფერი იყოს, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბელკოვსკის გეგმა არა საქართველოს დეზინტეგრაციას, არამედ მის ფედერალურ მოწყობას ითვალისწინებს. ეგ არის, რომ არც მისი და არც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპეტენციაში (რაოდენ სტრატეგიული ინტერესების სფეროშიც არ უნდა იყოს საქართველო მოქცეული) არ შედის მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა.
XS
SM
MD
LG