Accessibility links

logo-print

პოლიტიკური ძალების უმრავლესობა არჩევნების გადადების წინააღმდეგია


ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების ვადის გახანგრძლივების მიუხედავად, "სოციალისტური პარტიის" ლიდერი ვახტან რჩეულიშვილი არჩევნების 2 კვირით გადავადების ინიციატივით გამოდის.

" საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ეჭვები თუ დარჩება, ამას არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ძალები საპროტესტო გამოსვლებისთვის გამოიყენებენ. რევოლოციის თავიდან ასაცილებლად ღირს არჩევნების გადადება", - ფიქრობს "სოციალისტური პარტიის" ლიდერი, მაგრამ მის ინიციატივას, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების გარდა, სახელისუფლებო ბლოკშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები. არჩევნების გადადების მოთხოვნით რჩეულიშვილი აშკარა უმცირესობაშია. არჩევნების გადადებას გამორიცხავს პრეზიდენტიც.


ზუსტად ერთი კვირის წინ სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ხმები იმის შესახებ, რომ ამ ბლოკში არჩევნების გადადების საკითხი განიხილებოდა. გასული ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტმაც საჭიროდ მიიჩნია განემარტა, რომ ის არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს. პრეზიდენტი გამოთქმული შეხედულების ერთგული რჩება, სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვახტანგ რჩეულიშვილი კი არჩევნების თარიღის 2 კვირით გადაწევის ინიციატივით გამოდის. მოთხოვნა საარჩევნო სიებში მიკვლეული ტოტალური უზუსტობების გასწორების მოთხოვნიდან ამოდის. რჩეულიშვილი ეჭვობს 30 ოქტომბრამდე ამ უზუსტობების აღმოფხვრა მოესწროს, შესაბამისად, შიშობს, რომ გაურკვევლობებს სიებში ოპოზიციური ძალები საპროტესტო გამოსვლებისთვის გამოიყენებენ, ოღონდ არჩევნების შემდეგ - მას მერე, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილების ტალღა აზვირთდება. "თუ არჩევნები 2 კვირით გადაიწევს, ეს ვადა საკმარისი იქნება ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად", - ფიქრობს სოციალისტური პარტიის ლიდერი.

[ვახტან რჩეულიშვილის ხმა] " თუ ვერ მოესწრება, უნდა გადაიდოს. რა, ერთი კვირის გამო რევოლუცია მოვაწყოთ? "

ოპოზიციის წარმომადგენლები თავად არჩევნების გადადების ინიციატივაში ხედავენ რევოლუციისკენ მოწოდებას.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] " ამ არჩევნების გადადება იგივე იქნება, რაც უცბად გააჩერო გაქანებული რაკეტა ან გაქანებული სუპერმატარებელი, რაც გარდაუვლად გამოიწვევს კატასტროფას. "

ეს იყო ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის კომენტარი. მასთან ერთად არჩევნების 2 კვირით გადავადების ინიციატივა 27 ოქტომბერს სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმაც დაგმეს და არამარტო იმ მოტივით, რომ ინიციატივის ხორცშესხმა სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი კობა დავითაშვილი რჩეულიშვილის წინადადებას ანტიკონსტიტუციური ნაბიჯისკენ მოწოდებად განიხილავს:

[კობა დავითაშვილის ხმა] "არსებობს საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებს ნიშნავს არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არჩევნების გადადება. ეს იქნება ანტიკონსტიტუციური და ეჭვქვეშ დააყენებს გადადებული არჩევნებით არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას."

კონსტიტუცია უზენაესი კანონია, მაგრამ არსებობს კანონი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს შეუძლია არჩევნების გადავადება: თუ ქვეყანაში ცხადდება საომარი ან საგანგებო მდგომარეობა, ან თუ საარჩევნო პროცედურა ვერ ესწრება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით გადაიდოს არჩევნები. რჩეულიშვილის მოთხოვნა ხსენებული კანონის ხსენებულ მესამე ვარიანტზეა მორგებული, მაგრამ დავითაშვილი თავად ამ კანონს მიიჩნევს ანტიკონსტიტუციურად. ამას გარდა, საარჩევნო პროცედურების მოუსწრებლობის მოტივით არჩევნების ორი კვირით გადავადების ინიციატივას არ იზიარებს ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანიც. ის ფიქრობს, რომ დარჩენილ ვადაში უნდა მოხერხდეს სიებში წაროქმნილი პრობლემების მოხსნა. ასევე ფიქრობენ სახელისუფლებო ბლოკის რიგი წარმომადგენლები. 27 ოქტომბერს არჩევნების გადადების ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდა ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე. რჩეულიშვილი, თავისი იდეით, აშკარა უმცირესობაში დარჩა.

სიების დაზუსტებისთვის არჩევნების 2 კვირით გადაწევის იდეა ოპოზიციური ძალების სხვადასხვა წარმომადგენლებმა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს.
XS
SM
MD
LG