Accessibility links

logo-print

გაუგებრობები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამომრჩევლთა სიების დასაზუსტებლად დაწესებული ვადა ისევ შეიცვალა - ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, ვადამ 26 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გადაიწია. ამის მიუხედავად,

თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ 2 ნოემბრის არჩევნებამდე სიების მოწესრიგება ვერ მოხერხდება, რაც, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგს, მთლიანობაში, ეჭვის ქვეშ დააყენებს. რა ხდება ამომრჩეველთა სიების ირგვლივ?

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემა 2 ნოემბრის არჩევნების ყველაზე საინტერესო ინტრიგად რჩება. 27 ოქტომბერს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის "აი-ეფ-ი-ეს"-ის თანამშრომლები პოლიციამ სამსახურში არ შეუშვა. ნაშუადღევს "აი-ეფ-ი-ეს"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელნაწერი სიების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი წყვეტს ამომრჩეველთა საარჩევნო სიის ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობას.
დამოუკიდებელი ექსპერტები დავით უსუფაშვილი, ლაშა ტუღუში და გოჩა ცქიტიშვილი, რომლებიც ბოლო სამი დღის მანძილზე ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ რა დროს იქნა დაშვებული შეცდომები ამომრჩეველთა სიების შედგენისას - შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თუ "აი-ეფ-ი-ეს"-ში, 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბოროტი განზრახვით დაშვებულ შეცდომებზე ალაპარაკდნენ. იურისტ დავით უსუფაშვილის განცხადებით, ერთი კონკრეტული ქუჩის საარჩევნო სიების შემოწმებისას კიდევ უფრო გამყარდა აზრი, რომ გაუგებრობა სიებში განზრახ დაშვებული შეცდომების გამო მოხდა:
[ დავით უსუფაშვილის ხმა] " მხოლოდ ქაოსური სიტუაციის და მხოლოდ კორექტურული და ოპერატორის შეცდომების შედეგი არ არის სიებში არსებული ეს მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები და უნდა გამოვლინდეს, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი განზრახ. ვინაიდან აქ შემთხვევითობის ელემენტი, ჩვენი აზრით, გამორიცხულია."
პრესკონფერენციაზე მოსული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კვლავ კატეგორიულად უარყოფენ ამომრჩეველთა სიების შინაგან საქმეთა სამინისტროში გაყალბების შესაძლებლობას. სხვათა შორის, დაპირების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ ჯგუფს არ გადასცა თბილისის ამომრჩეველთა ელეტრონული სია, რომელიც საფუძვლად დაედო დღეს არსებულ ელექტრონულ ვერსიას. ლაშა ტუღუში დარწმუნებულია, რომ სურვილის შემთხვევაში იმის დადგენა, თუ ვინ გააყალბა სიები, შესაძლებელია ჯერ კიდევ არჩევნებამდე:
[ ლაშა ტუღუშის ხმა] " მე მგონია, რომ იმ ხალხის წრე, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, არის ძალიან პატარა. ანუ ის ხალხი, ვინც ფიქრობდა, გადაწყვეტილებებს იღებდა - ბევრი არ არის. და ამის დადგენა არც ისე ძნელია, თუ ჩატარდა სერიოზული გამოძიება."
და მაინც, რა მიზანს ისახავდა ამომრჩეველთა სიებში "მკვდარი სულების" შეყვანა იმ პირობებში, როცა თბილისის საარჩევნო უბნებში არჩევნების დღეს, კომისიის წევრების გარდა, უამრავი დამკვირვებელი იქნება და როცა საარჩევნო ყუთში დამატებითი ბიულეტენების ჩაყრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია - აქ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა თუ შეიძლება. ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა ადასტურებს, რომ ყველაზე "საპროტესტო" ამომრჩეველი სწორედ თბილისშია. შესაბამისად, გაბერილი საარჩევნო სიებისა და რეალურად არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა ძირეულად განსხვავებული იქნება. ანუ, გაბერილი სიები, შესაძლოა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდეს - ილუზიის შექმნას, რომ თბილისში ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან დაბალი იყო და ბევრ უბანში არჩევნები, უბრალოდ, არ შედგა.
სხვათა შორის, ეს ხერხი უკვე წარმატებით იყო აპრობირებული ამ 6-ოდე თვის წინ საბურთლოს მაჟორიტარული ოლქის არჩევნებისას, როცა "გამარჯვებული" სწორედ ამომრჩევლის პასიურობის მომიზეზებით ვერ გამოვლინდა.
XS
SM
MD
LG