Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებს თუ არა სასამართლო ხელისუფლება არჩევნების დროს პოლიტიკური დისბალანსის გაწონასწორებას


როგორც წინასაარჩევნო კამპანია ცხადყოფს, საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა როდი იქნება არჩევნების შედეგებით კმაყოფილი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი

მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ გადაწყვიტა, რომ კენჭისყრის პროცესმა გაყალბებით ჩაიარა. მსგავსი მოწოდებები გაისმის სხვა ძალების მხრიდანაც, თუმცა საქართველოში მოქმედი საარჩევნო კოდექსი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს სამართლის სასამართლოში ძიების უფლებას აძლევს.

საქართველოში ბევრი შიშობს ან წინასწარმეტყველებს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბაქოში განვითარებული მოვლენების თბილისში განმეორებას. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, საქართველოში არჩევნების შემდგომ სისხლისღვრის თავიდან აცილება, მნიშვნელოვანწილად, სასამართლო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "გარკვეული ნიშნები იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკურ დისბალანსს რაღაცნაირად დააბალანსებს პოლიტიკური სისტემის მესამე ნაწილი, სასამართლო სისტემა, ამის ნიშნები არსებობს და აქ ძალიან პოზიტიური იყო ის გადაწყვეტილება, რაც საოლქო სასამართლომ მიიღო მასმედიასთან დაკავშირებით, როდესაც გააუქმა ძველი ცსკ-ს გადაწყვეტილება, რომლითაც იზღუდებოდა სამი რამ..."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცენზურისგან მასმედიის გათავისუფლების გარდა, უზენაესმა და საოლქო სასამართლოებმა არჩევნებთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე სარჩელი განიხილეს. დღეისათვის წინასაარჩევნო დარღვევებზე სარჩელთა შეტანის ვადა უკვე ამოწურულია. თუ არ ჩავთვლით საოლქო სასამარლოებს, უზენაესმა სასამართლომ ოქტომბრის თვეში არჩევნებთან დაკავშირებული 29 საქმე განიხილა.

ამ საქმეებიდან 2 ეხებოდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სარეფერენდუმო საკითხების რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის მიზანშეწონილობას და ასევე ორი წარმოადგენდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების შეჩერების მოთხოვნას.
ერთ-ერთი მათგანი არასახელისუფლებო ბლოკ "სამშობლოს" პარტიული საარჩევნო სიიდან იგორ გიორგაძის ამოგდებას ეხებოდა. სასამართლომ ამ და კიდევ სამი სასარჩელო საკითხის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

დანარჩენ 25 საქმეში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები უშუალოდ ითხოვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ განკარგულებების გაუქმებას, რომელთა საფუძველზე რეგისტრაციაში გატარდნენ ან არ გატარდნენ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში პოლიტიკურ პარტიათა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. სარჩელთაგან ნაწილი დაკმაყოფილებულია, ნაწილი კი არა, თუმცა ეს გაცილებით მეორეხარისხოვანია იმ შედეგთან შედარებით, რაც სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას მოჰყვა. ანუ არც ერთ პოლიტიკურ ძალას სურვილიც კი არ გასჩენია სასამართლო გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციებით დაპირისპირებოდა. თუ სასამართლო ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგაც ასე იმუშავა, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, თბილისში ბაქოს მოვლენების მსგავსი არეულობის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "თუ პოლიტიკური სისტემა არის რაღაცნაირად დაზეთილი ისე, რომ შესაძლებელია სიხისტე, ასე ვთქვათ, შერბილდეს მედიის, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ობიექტური სასამართლოს მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში შანსი იმისა, რომ განმეორდეს საქართველოში ის, რაც მოხდა ბაქოს ქუჩებში და რაც ხდება, საკმაოდ დაიწევს."

ობიექტურ სასამართლოზე, მართლაც, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული 2 ნოემბრის შემდგომ. საარჩევნო კოდექსი ხომ არჩევნების მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო ადმინისტრაციის ნებისმიერი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას აძლევს.
XS
SM
MD
LG