Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს ბაღდადში


ანდრო ეული, პრაღა ახლა, როგორც დაგპირდით, ცოტა ხნით უცხოეთში გავეშურებით

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, ევროპის კავშირმა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერებმა მკაცრად დაგმეს ბაღდადში 27 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული აქტები, რომლებმაც, სულ ცოტა, 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქებების შედეგად დაჭრილთა რიცხვი 230-ს უახლოვდება. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან, თვითმკვლელი ექსტრემისტის მიერ სასწრაფო დახმარების დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული" უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ბაღდადში მომხდარი აფეთქებების შემდეგ განაცხადა, რომ ძალადობის ახალი ტალღის აგორების მიუხედავად, აშშ ერაყიდან წასვლას არ აპირებს [ჯორჯ ბუშის ხმა]: "ერაყში მოქმედებენ ტერორისტები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერს გაუსწორდნენ, ოღონდ ჩვენს წინსვლას შეუშალონ ხელი. და რაც უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, მკვლელები მით ურო გააქტიურდებიან. ჩვენი ამოცანაა, ვიპოვოთ და დავსაჯოთ ისინი".

ამასობაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო კომიტეტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს ერაყიდან თავისი უცხოელი თანამშრომლების გაყვანას, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ტერორისტებმა ბაღდადში ხუთი აფეთქება მოაწყეს.

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ერაყის დედაქალაქიდან იუწყება, ბაღდადელები აღშფოთებას გამოთქვამენ ორშაბათს მომხდარი ბარბაროსობის გამო. წითელი ჯვრის სამსართულიანი შენობა სამშაბათს დაცარიელებული იყო, ვინაიდან ამ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებს ურჩიეს, შინ დარჩენილიყვნენ. შენობის ფანჯრები მთლიანად ჩალეწილია.

აი, რა უთხრა ჩვენს კორესპონდენტს ბაღდადში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით შუა ხნის მამაკაცმა აჰმედმა [ბაღდადელი მამაკაცის ხმა]: "ეს ტერორიზმის პიკია. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? რატომ აფეთქებენ ისინი საცხოვრებელ რაიონებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს? და ამას ისინი წინააღმდეგობას უწოდებენ. მოკლულთა შორის ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ამერიკელს. გუშინდელმა აფეთქებამ 34 ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა, და ეს რიცხვი იზრდება. თანაც, ყველანი - მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ."

აჰმედს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი, ვინც პოლიციის უბნებსა და უცხოეთის ორგანიზაციებზე, მაგალითად გაეროსა და წითელი ჯვრის წარმომადგენლობებზე აწყობენ თავდასხმებს, უცხოელები არიან და არა ერაყელები. მისივე რწმენით, ამგვარ თავდასხმებს აწყობენ მეზობელი ქვეყნებიდან ერაყში ჩასული მოიერიშეები, რომელთა მიზანია, მსოფლიოს დაანახონ, რომ შეერთებული შტატების თაოსნობით განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ ერაყი სავალალო მდგომარეობაშია. "ამ ადამიანებს მოსალოდნელი ცვლილებები აფრთხობთ საკუთარ ქვეყნებში - სირიასა თუ ირანში", დასძინა აჰმედმა.

აჰმედმა თქვა, აგრეთვე, რომ ვითარება ერაყში დღითიდღე უარესდება, და რომ მუქარის წერილებს სკოლებიც კი იღებენ. კიდევ ერთი ბაღდადელი, 50-ს მიღწეული მოჰამად ჰასამი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც წინააღმდეგობის სახელით აწყობს აფეთქებებს კოალიციური ძალების წინააღმდეგ, მხოლოდ საკუთარ თავს აყენებენ ზიანს და რომ ერაყელების უმრავლესობა, ქვეყანაში შექმნილი ამჟამინდელი ვითარებით კმაყოფილია [მოჰამად ჰასანის ხმა]: "ჩვენა ვართ ისლამური სახელმწიფო, ხოლო ამგვარი ტერორი ისლამს ეწინააღმდეგება, ძალზედ შორსაა ამ მოძღვრებისაგან. არანაირ წინააღმდეგობას არა აქვს ადგილი. ერაყელთა 90 პროცენტი კმაყოფილია ამჟამინდელი ვითარებით, მმართველი საბჭოს საქმიანობით. მხოლოდ მოთმინება გვესაჭიროება."

უკანასკნელი ცნობების თანახმად, კიდევ ერთმა თვითმკვლელმა ექსტრემისტმა აიფეთქა თავი პოლიციის უბნის წინ გაჩერებულ დანაღმულ ავტომანქანაში, რის შედეგად ტერორისტის გარდა, სულ ცოტა, 4 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ბაღდადის დასავლეთით, მისგან 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ ფალუჯაში მოხდა.
XS
SM
MD
LG