Accessibility links

logo-print

არჩევნები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული სიებით ჩატარდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 28 ოქტომბერს, დილიდან, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ახალი ეტაპი დაიწყო. საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის მიერ დამუშავებული სიების შინაგან საქმეთა

სამინისტროში არსებულ მონაცემებთან შედარების შედეგად, სავარაუდოა, ამომრჩეველთა სიები მეტ-ნაკლებად მოწესრიგდეს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საარჩევნო სიების დაწუნების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს.

დღეს უკვე რთულია იმის თქმა, თუ ამომრჩევლის რამდენი სია არსებობს და რატომ რჩება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველაზე მოუგვარებელ პრობლემად ისევ და ისევ ამომრჩეველთა სიის საკითხი. ამ სიებთან დაკავშირებით რომ პრობლემები არსებობდა, ეს ხმამაღლა ჯერ კიდევ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისას გაცხადდა, როცა პარლამენტმა სპეციალური ჯგუფიც კი შექმნა არჩევნების გაყალბების ფაქტების შესასწავლად. საპარლამენტო ჯგუფმა შეისწავლა სიტუაცია ქუთაისში, წყალტუბოსა და ფოთში, დაადგინა გაყალბების კონკრეტული ფაქტები და ეჭვმიტანილთა ვინაობები, მოკვლეული მასალა კი გენერალურ პროკურატურას გადასცა. ამ ჯგუფის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, პროკურატურას ჯერჯერობით გადაცემულ საკითხებზე რეაგირება არ მოუხდენია.
რაც შეეხება ამომრჩეველთა სიებს, გავრცელებული ცნობებით, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ახალმა მემარჯვენეებმა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით შექმნეს ამომრჩეველთა სია, რომლის გამოყენება შესთავაზეს როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე პოლიტიკურ პარტიებს. საკუთარი ძალებით შექმნილი სიის შესახებ აცხადებს ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატებიც". შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი სიის არსებობის შესახებ აკეთებს განცხადებას - ერთი , ხელნაწერი სია, რომელიც თითქმის 100 ტომს შეადგენს, ჯერ კიდევ ივლისში გადაეცა მაშინდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თბილისის ამომრჩეველთა ელექტრონული სია, რომელიც, ისევ და ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ხარვეზიანი იყო, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ძველი შემადგენლობის განკარგულებაში გადავიდა. ამ სიის საფუძველზე ახალი სიის შედგენა დაიწყო საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდმა. საბოლოოდ კი, ყველაფრის თავიდან დაწყება გახდა აუცილებელი - დღეს საარჩევნო უბნებში არსებულ სიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ 100 ტომში თავმოყრილ მონაცემთა ბაზებს ადარებენ, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ივლისში გადაეცა.
ამომრჩეველთა სიები ჯერ არ დადგენილა, მაგრამ თბილისში უკვე ჩამოდიან არჩევნებზე მეთვალყურეები. 28 ოქტომბერს თბილისში უკვე ჩამოვიდა ეუთოს 80 დამკვირვებელი. მთლიანობაში, ეუთო საქართველოში 400 დამკვირვებელს გზავნის, რომლებიც მთელ საქართველოში გადანაწილდებიან. ასევე 28 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის იური იაროვის ხელმძღვანელობით. მისი განცხადებით, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საფუძველს ქმნის საქართველოში ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.
ცნობისთვის: დსთ-ს დამკვირვებლებმა დემოკრატიულად შეაფასეს 15 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG