Accessibility links

logo-print

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამინდმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე


რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში გადაუღებლად წვიმს. ამგვარმა კლიმატურმა პირობებმა 27 ოქტომბერს ხელი შეუშალა საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რაჭაში წინასაარჩევნო სტუმრობას.

წყალდიდობაა კოდორის ხეობასა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონში. გადაუღებელ წვიმებს მეწყერიც მოჰყვა, რაც უდიდეს ზარალს აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და, გარკვეულწილად, ხელს უშლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

კლიმატური პირობები, გამორჩეულად - რეგიონებში, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის ხარისხს და შედეგებსაც კი. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ისეთი კოკისპირული წვიმისა და სიცივის დროს, როგორიც ახლა დასავლეთ საქართველოშია. მძიმე კლიმატურმა პირობებმა უკვე მოახდინა გავლენა წინასაარჩევნო კამპანიაზე. 28 ოქტომბერს ქალაქ ხაშურში რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას საპროტესტო აქცია უნდა გაემართა ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთა დაშინების ფაქტების გამო.

[გოგა ხაჩიძის ხმა] "მიდის იმაზე მსჯელობა, გავაკეთოთ თუ არა აქცია. არის რაღაც რესურსები ამის, არის ხალხი, მაგრამ, უბრალოდ, ძალიან სიცივეა და ძალიან წვიმს. მართალია, ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ჩვენივე მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოგვივა, აი, ამ სიცივეში და წვიმაში რომ გარეთ გავიდეთ ერთად და იქ აქცია გავმართოთ. მე ასე ვფიქრობ."

ასე ახსნა აქციის გადადების მიზეზი "ბურჯანაძე-დემოკრატების" წარმომადგენელმა ქალაქ ხაშურში, გოგა ხაჩიძემ. ხაჩიძის ინფორმაციით, ხელისუფლება, ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით, ბავშვებსაც კი იყენებს და მოსწავლეებს სკოლაში დაბალი ნიშნების დაწერით ემუქრება, თუ მათი მშობლები ხმას სახელისუფლებო ბლოკს არ მისცემენ. არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან. ხელისუფლებას ეს მუქარა ეფექტურობას არ დაკარგავს, თუ ხაშურში მეტეოროლოგიური პირობები არ გაუმჯობესდა.
მე გოგა ხაჩიძეს ვკითხე, თუ რამდენად იმოქმედებს ცუდი ამინდი 2 ნოემბრის არჩევნებისას ამომრჩეველთა აქტივობაზე.

[გოგა ხაჩიძის ხმა] "არჩევნები სხვა რამეა, უფრო მაღალი რანგის მოვლენაა, ვიდრე თუნდაც ეს აქცია. ასე რომ, არა მგონია, რაიმე სერიოზული შეფერხებები იყოს, მაგრამ არაფერია გამორიცხული."

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დამეწყრილ და დატბორილ რაიონებს, ძნელი სათქმელია, რომ იქ ამომრჩეველთა აქტივობას ხელს არაფერი შეუშლის. მით უმეტეს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ ხელისუფლებას დაზარალებულ მოქალაქეთა პრობლემებისთვისა და მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო სახსრებისთვის ნაკლები დრო რჩება. თუ არჩევნების დღესაც ამჟამად არსებული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდა, თითქმის გზების გარეშე დარჩენილ სოფლებში ხმების მეტი რაოდენობის მიღებას ის პარტიები მოახერხებენ, რომლებიც საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა მიყვანას ავტომობილით შეძლებენ.

საქართველოს "ჰიდრომეტცენტრში" ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი პროგნოზი, თუ როგორი ამინდი იქნება კვირას, 2 ნოემბერს, არჩევნების დღეს. ცენტრის თანამშრომლის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 2 ნოემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

[დოდო გვაზავას ხმა] "უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, მცირე წვიმა აღმოსავლეთ საქართველოზე და თბილისზე იყო საუბარი. დასავლეთში, შესაძლებელია, ცვალებადი მოღრუბლულობით და ზოგან წვიმით."(სტილი დაცულია)

თუ ეს პროგნოზი გამართლდა, არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებას, არასრულყოფილი სიების მსგავსად, კლიმატური პირობები ხელს არ შეუშლის.
XS
SM
MD
LG