Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დრო და შანსები რჩება საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის?


კვირის დასაწყისში საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ნატოს კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და "გარდამავალი დემოკრატიების" პროექტის ავტორი ბრუს ჯეკსონი,

რომელმაც ექსპერტთა და ანალიტიკოსთა ძალიან ვიწრო წრეს რამდენიმე მოსაზრება გაუზიარა ახალი ევროპის ფორმირებისა და ნატოს შემდგომი გაფართოების შესახებ. ამერიკელი ექსპერტის აზრით, სამხრეთი კავკასია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეალს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური სისტემისთვის. მაგრამ ამ რეგიონით მზარდი დაინტერესებაც კი ვერ იქნება იმის გარანტი, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები იოლად შეძლებენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებას დემოკრატიული პროცესების გაფართოების გარეშე. მეტიც, ბრუს ჯეკსონის თქმით, სამხრეთი კავკასია სახიფათო მიჯნასთან დგას და მისი გადალახვა დიდწილად იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მაღალი დემოკრატიის პირობებში შეძლებს საქართველო 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩვენების ჩატარებას.

საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი და ნატოს გაფართოების იდეოლოგი მესამედ ჩამოდის საქართველოში. მაგრამ, თუ პირველი ორი ჩამოსვლის დროს ბრუს ჯეკსონი უფრო მეტად ცდილობდა მსმენელის როლში ყოფილიყო, ამჯერად მან წარმოადგინა საკუთარი ხედვა ევროატლანტიკური სივრცის ფორმირებისა და მასში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობის თაობაზე. ამერიკა-ნატოს კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ახალი დიდი ევროპის ფორმირებისა და ნატოს გაფართოების საბოლოო ეტაპი 2010 წელს დასრულდება და, შესაბამისად, ხმელთაშუა ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებსაც სწორედ ამ დრომდე აქვთ შანსი მოხვდნენ ახალ ევროპულ ოჯახში. სამხრეთ კავკასიისთვის ამ პროცესში ინტეგრირების ხელსაყრელ წინაპირობად ბრუს ჯეკსონმა ჩვენთან საუბარში რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა, ენერგეტიკული პროექტები და ნატოს წევრ თურქეთთან საერთო საზღვარი დაასახელა. მაგრამ ეს წინაპირობები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპულ სივრცეს დაუბრუნდნენ.

[ბრუს ჯეკსონის ხმა] "მე არა მგონია, რომ, ამ მხრივ, ცალკე აღებულ რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს თვითკმარი გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი მნიშვნელობა დემოკრატიის ხარისხიდან და იმ ფასეულობების გაზიარებიდან გამომდინარეობს, რაც ევროატლანტიკური სივრცისთვის არის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, კავკასიას ისტორიული და კულტურული წარსულით ბევრი რამ აკავშირებს ევროპასთან. კასპიის ენერგოპროექტები კავკასიას გზას უხსნის ევროპული ბაზრისკენ. გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპული უსაფრთხოების სისტემაზე. მაგრამ, ვიმეორებ, უმთავრესი წინაპირობა ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და იმ დემოკრატიული სტანდარტების გაზიარება, რომლებსაც ნატო ეფუძნება."

აღსანიშნავია, რომ ბრუს ჯეკსონის რეკომენდაციებმა, თავის დროზე, დიდ როლი ითამაშა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმატებით დასრულებაში. მაგრამ, ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში არსებობს რამდენიმე ხელის შემშლელი ფაქტორი, გაყინული კონფლიქტებისა და სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტების სახით, რის გამოც დასავლელი ექსპერტები ყოველთვის თავს არიდებენ შეკითხვას, თუ როდის გახდებიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპული ოჯახის წევრები. თუმცა ნატოს გაფართოების ერთ-ერთმა იდეოლოგმა ხაზგასმით განაცხადა, რომ თუ საქართველო შეძლებს 2 ნოემბერს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ეს სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG