Accessibility links

logo-print

"თბილისობის" კვირეულის გახსნა


საქართველოს ხელისუფლებამ "თბილისობის" მთავარი ღონისძიებების აღნიშვნა პირველი ნოემბრისთვის გადადო. თუმცა "თბილისობის" კვირეული 24 ოქტომბერს გაიხსნა - ქარვასლის საგამოფენო

დარბაზში ახალგაზრდა სცენოგრაფთა გამოფენა მოეწყო. ამ ექსპოზიციით ახალგაზრდა მხატვრები ბოლო დროს ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ ყალბ ჰეროიკას უპირისპირდებიან.

იყო დრო, როცა ქართველ სცენოგრაფებს სპექტაკლების გასაფორმებლად მთელ მსოფლიოში იწვევდნენ. რუსული ბალეტი დღესაც სოლიკო ვირსალაძის დეკორაციებსა და კოსტიუმებში "ცოცხლობს". საბჭოთა კულტურის ისტორიაში თეატრალური მხატვრობა ყოველთვის მოწინავედ ითვლებოდა. თეატრის რეჟისორები აღნიშნავდნენ, რომ ქართველი სცენოგრაფები არა მარტო მაღალ გემოვნებას, არამედ, საერთოდ, საბჭოთა თეატრალური ხელოვნების სტილსაც ამკვიდრებდნენ.

მაგრამ დღეს "საბჭოთა კულტურა" აღარ არსებობს, ჩვენი კულტურის მოღვაწეები კი სწორედ კულტურის დონის კატასტროფულ დაცემასა და გემოვნებიან ხელოვანთა ნაკლებობაზე საუბრობენ. იმისათვის, რომ კულტურის კრიზისის აღიარება თვითგვემად არ გადაიქცეს, აუცილებელია იმ ადამიანების ნამუშევრების ერთად თავმოყრა, რომლებიც ეროვნული კულტურის საუკეთესო ტრადიციებს აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებამაც, უკვე მიაღწია მიზანს და, იაფფასიან მასკულტურასთან ერთად, ყალბი, პომპეზურ-მონუმენტური სტილი დაამკვიდრა ქართულ კულტურაში, ახალგაზრდა ქართველი სცენოგრაფები მაინც ცდილობენ დაუპირისპირდნენ ამ ტენდენციას, რაც კარგად გამოჩნდა "ქარვასლაში" მოწყობილ ამ გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორი, ვალერიან გუნიას სახელობის თეაატრალურ მოღვაწეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე ნინო გუნია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

[ნინო გუნიას ხმა] "თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენი ეპოქა "სტილის კვდომის" ხანაა, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დეკორატიულობა ლოგიკური ტენდენციაა... თეატრი უფრო უშუალო ხელოვნებაა, თეატრი, როგორი შეკვეთაც არ უნდა იყოს სოციალური... ყალბი ჰეროიკა თეატრში ცუდად გამოიყურება და აქ გამოტანილი მხატვრებიდან სიყალბეს არავინ იკადრებდა."

სიყალბეს არ კადრულობს გამოფენაზე წარმოდგენილი 17 სცენოგრაფი. მით უმეტეს, რომ გამოფენა სიყალბისგან ყოველთვის თავისუფალი სცენოგრაფის გიორგი გუნიას ხსოვნას მიეძღვნა. თუმცა ექსპოზიციაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტენდენცია არ გამოკვეთილა:

[ნინო გუნიას ხმა] "არსებითად, აქ ორი ტენდენციაა: უფრო ქმედითი, კონსტრუქციული აზროვნება და დეკორატიული... არის ჯგუფი, რომელიც გოგი გუნიას მოწაფეა, არიან გოგი ალექსი-მესხიშვილის მოწაფეები..."

შოთა გლურჯიძე, სიმონ მაჩაბელი, გიორგი ნადირაძე, პოლინა რუდჩიკი და ექსპოზიციაზე წარმოდგენილი სხვა მხატვრები, თეატრალური ხელოვნების და გემოვნების კრიზისის ეპოქაში, თავიანთ მასწავლებლებს და მასწავლებლების მასწავლებლებს უბრუნდებიან. თუმცა ეს გამოფენა არავითარ შემთხვევაში არ არის "რეტროს სტილის" დამკვიდრების ცდა. ახალგაზრდა მხატვრები არც ახალ ტექნოლოგიებზე ამბობენ უარს. ხელოვნებათმცოდნე თამარ მელიქიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს:

[თამარ მელიქიშვილის ხმა] "ახალი ტენდენციები ჩანს კომპიუტერული ხელოვნების გამოყენებაში, ფოტოხელოვნების გამოყენებაში... ძალიან არის "დეფილეს" გამოყენება."

თუმცა ყველაფერი სასიხარულო როდია. სპეციალისტების აზრით, ქართველი სცენოგრაფები ვერა და ვერ ელევიან დეკორატიულ მოტივებს და ისევ უჭირთ სივრცეში აზროვნება. არადა, დასავლეთში დიდი ხანია დამკვიდრდა "თეატრალური არქიტექტორის" ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე თეატრი სცენოგრაფისგან არა იმდენად "გაფორმებას", არამედ, სწორედაც რომ, "შენებას" მოითხოვს.

[ნანა ყიფიანის ხმა] "აქ ჯერ არის ესთეტიზმი წინა პლანზე წამოსული და არა კონცეფტუალიზმი... ეს არის ბრტყელ ფორმატზე შესრულებული ნამუშევრები, ძალიან დახვეწილი, კედელზე კარგად იკითხება."

ქართველი სცენოგრაფების ნამუშევრები კარგად იკითხება კედელზე და, როგორც წესი, სცენაზეც ეფექტურია. მაგრამ თეატრი ყოველთვის "არ არის ცხოვრება"... ის სპექტაკლები, რომელსაც ქართველი თეატრალები დგამენ, და ის სპექტაკლები, რომელიც თეატრის გარეთ იდგმება, სტილის თვალსაზრისით, იდენტური არ არის. 2003 წლის "თბილისობა" დაიწყო უაღრესად თანამედროვე გამოფენით, მაგრამ წინასწარ შეიძლება ითქვას: დასრულდება სპექტაკლით, რომელსაც 2003 წლის მსოფლიო კულტურასთან საერთო არაფერი ექნება.
XS
SM
MD
LG