Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა უკანასკნელ დროს თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო ერაყში ტერორისტულმა თავდასხმებმა საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლობებზე

და ამასთან დაკავშირებით გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიმომხილველი ფრედ კემპე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი სახიფათო ვითარებისდა მიუხედავად, ხსენებულმა ორგანიზაციებმა არ უნდა დატოვონ ერაყი. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ცალკეული მიმომხილველები უკვე წინასწარმეტყველებენ ამერიკელების დამამცირებელ წასვლას ერაყიდან და იხსენებენ 1983 წელს, როცა ამერიკელებმა ბეირუთი დატოვეს. თუმცა ამჯერად ამერიკელების წასვლა ბევრად უფრო სერიოზულ შედეგებთანაა დაკავშირებული. ხელისუფლების ვაკუუმს შესაძლოა სამოქალაქო ომი მოჰყვეს ქვეყნის სუნიტ და შიიტ მაჰმადიანებს შორის, ხოლო განახლებული, დემოკრატიული და სუვერენული ერაყის აშენების ოცნება ოცნებად დარჩეს. და რაც მთავარია, ქვეყანაში შესაძლოა კვლავ მოიკიდოს ფეხი რადიკალურმა, ექსტრმისტულმა ისლამმა."

გაზეთ "გარდიანის" აზრით, ჭეშმარიტი დემოკრატიის დამყარება ერაყში თავად ერაყელ ხალხზეა უწინარესად დამოკიდებული. გაზეთი დასძენს:

"მრავალი ერაყელი გამიჯნულად გრძნობს თავს როგორც კოალიციის დროებითი ადმინისტრაციის, ასევე ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი ერაყის მმართველი საბჭოსგან. დროებითმა ადმინისტრაციამ უნდა დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ "ოკუპაცია დროებითია, და რომ ხელისუფლების სათავეში ბოლოს მაინც ერაყელები მოექცევიან".

გაზეთ "ველტის" მიმომხილველი ჟაკ შუსტერი კონფლიქტურ ზონებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უნიკალურ ჰუმანიტარულ მისიაზე ამახვილებს ყურადღებას და სინანულით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ერაყის დატოვებას ფიქრობს მას შემდეგ, რაც 27 ოქტომბერს მის წარმომადგენლობაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა ბაღდადში. გერმანელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"ამგვარი თავდასხმები იმ შემწყნარებლობის, მოყვასისადმი სიყვარულის და ნეიტრალიტეტის წინააღმდეგაა მიმართული, წითელი ჯვრის საქმიანობას რომ უდევს საფუძვლად. ომის დროს მსხვერპლია ყველა მხარეზე და დაზარალებულებს დახმარება ესაჭიროებათ. ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტია, მიუკერძოებლობა მართებთ კონფლიქტისა და იდეოლოგიის მიმართ. ამდენად, წითელი ჯვარი ვალდებულია ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს. თუ ეს ორგანიზაცია ერთგულია თავისი მისიისა, მან არ უნდა დატოვოს ერაყი. თუმცა, ემსახურო ესოდენ მაღალ იდეალებს დიდ რისკთანაა დაკავშირებული: 1996 წლის მიწურულს გროზნოში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 20 ექიმი და ექთანი იქნა მოკლული".

გაზეთი "ბოსტონ გლოუბი" აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოსის" მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების გამო. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ხოდორკოვსკისა და მისი კოლეგების წინააღმდეგ ძალის გამოყენებამ დაგვანახა, რაოდენ შეურიგებელია კრემლი ჭეშმარიტი ოპოზიციის მიმართ. იქნება ეს ტელეარხი, გაზეთი, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი თუ პოლიტიკური პარტია, საიდანაც გამოწვევა მომდინარეობს, პუტინი და კაგებეს ყოფილი აგენტებით დაკომპლექტებული გუნდი ყველა ღონეს მიმართავს ოპონენტის გასანეიტრალებლად. მართალია ხოდორკოვსკი და მისი არაერთი კოლეგა 90-იან წლებში განხორციელებული ერთობ საეჭვო პრივატიზაციის წყალობით გამდიდრნენ, ამ ადამიანებს დღეს მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტი კაპიტალიზმის დასამყარებლად რუსეთში, როცა კაპიტალდამბანდებლები დაცული იქნებიან კრემლის მესვეურთა კრიმინალური გამოხდომებისაგან, ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიისა და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების შექმნაა აუცილებელი. მაგრამ პუტინსა და მის თანაგუნდელებს ნებისმიერი საშუალებებით სურთ ძალაუფლების შენარჩუნება".

ხოდორკოვსკის დაპატიმრებას ეხმაურება გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსიც", როცა წერს, რომ მას შემდეგ, რაც იგი შეეცადა შეექმნა რაციონალური, კანონმორჩილი სახელმწიფო მოღვაწის იმიჯი, ბატონმა პუტინმა, ამჯერად, ოპონენტების დასაჯელად, თავისი ძველი დამსაქმებლის, კაგებეს მეთოდები გაიხსენა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"ხოდორკოვსკი ალბათ წლის ბოლომდე დარჩება ციხეში. მისი დაპატიმრება იყო სერიოზული შეცდომა, ხოლო ბატონ პუტინის მტკიცება, რომ თითქოს ეს დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, ნაკლებად თუ დაარწმუნებს ვინმეს, და უწინარესად სავალუტო ბირჟებს. ეკონომიკური ზარალი სახეზეა. მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ დაპატიმრების ჭეშმარიტი მიზეზი არა ხოდორკოვსკის ეკონომიკური საქმიანობაა, არამედ ის ფინანსური დახმარება, ოპოზიციურ პარტიებს რომ აღმოუჩინა "იუკოსის" პრეზიდენტმა."

როგორც გაზეთი "გარდიანი" აღნიშნავს, ვლადიმირ პუტინი ყოველნაირად ცდილობს წარმოაჩინოს თავი ისეთ სახელმწიფო მოღვაწედ, რომელიც საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს, თუმცა ზოგიერთი მისი ქმედება სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს. გაზეთი წერს:

"რუსეთი მდიდრდება, ვინაიდან უცხოელ ინვესტორებს იზიდავს. მაგრამ ის შეზღუდვები, რასაც კრემლი მიმართავს მას მედიისა და ოპონენტების წინააღმდეგ კარგს არაფერს უქადის რუსეთის ეკონომიკას. ოფიციალურად ხოდორკოვსკი ბეგარის გადაუხდელობასა და სახელმწიფო სახსრების მითვისებაში დაადანაშაულეს, თუმცა დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ მიხაილ ხოდორკოვსკიმ ერთობ ღრმად შეტოპა პოლიტიკაში. რუსმა ოლიგარქებმა ზიზღი გამოიწვიეს მოსახლეობაში. ხოლო მთავარი ოლიგარქის დაპატიმრებით ბატონმა პუტინმა სასურველი ხმები გაინაღდა მოახლოებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში."
XS
SM
MD
LG