Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასმედია - საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური დებატების ასპარეზი


28 ოქტომბერს თბილისის ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ბესო ჯუღელისა და ლევან პირველის, სატელევიზიო დებატები უხერხული ინციდენტით დასრულდა:

დებატების შემდეგ "ღამის კურიერის" საეთერო სტუდიიდან გამოსულმა მრეწველთა პარტიის კანდიდატმა ლევან პირველმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კიბეებზე დააგორა. დაზარალებული ჯუღელი არჩევნების შემდეგ ლევან პირველის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღძვრას აპირებს. მანამდე კი ორივე კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცდილობს ამომრჩეველი საკუთარ უპირატესობაში დაარწმუნოს. იმოქმედა თუ არა ჯუღელისა და პირველის რეიტინგზე ზემოხსენებულმა სატელევიზიო დებატებმა, ძნელი სათქმელია. ზოგადად კი, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მასმედიის მონაწილეობით ამომრჩევლის პოლიტიკური სიმპათიები არ იცვლება.

ზოგადი კლასიკური განმარტებით, წინასაარჩევნო დებატებით საზოგადოებას კანდიდატების ერთმანეთთან შედარების საშუალება ეძლევა. ანუ დებატები, ახალი ამბების პროგრამებთან ერთად, სასარგებლო საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს. თუმცა, როგორც ბევრ სხვა სფეროში, კლასიკური განმარტება არც პოლიტიკური დებატების სფეროში მუშაობს. ამას კი, ფსიქოლოგის და პიარის სპეციალისტის მალხაზ ფიროსმანიშვილის შეფასებით, პირველ რიგში, არაპროფესიონალიზმი განაპირობებს. ორმხრივი არაპროფესიონალიზმი -როგორც პოლიტიკოსების, ისე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მხრიდან.

[მალხაზ ფიროსმანიშვილის ხმა] "ჩემი აზრით, თვითონ ამ ტელევიზიებს, წამყვანებს, იმ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ ხალხის აზრი. მათ აინტერესებთ იმ წუთში, როცა ისინი სხედან სტუდიაში და მიმდინარეობს გადაცემა, აინტერესებთ მხოლოდ საკუთარი სახე. თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. და ახდენენ ამის პიარს. მაგრამ არა თავის საქმიანობისას. არც პარტიის საქმიანობისას, რა თქმა უნდა. ყველა ცდილობს წარმოაჩინოს თავისი საკუთარი სახე და ვისაც რა დონე აქვს, წარმოაჩენს ისეთ სახეს. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხორციელდება ხალხის აზრის იგნორირების ხარჯზე. არავის არ აინტერესებს ხალხის აზრი."(სტილი დაცულია)

ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგი მაია ცირამუა შენიშნავს, რომ ჩვენთვის ცნობილი მრავალი პოლიტიკური თოქშოუ და გადაცემა იმავე მექანიზმებით კეთდება, რა მექანიზმებითაც სატელევიზიო სერიალები იქმნება. შესაბამისია შედეგიც: სტაბილური ამომრჩევლისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში წარმოებული პოლიტიკური დებატებით არაფერი იცვლება -სტაბილურმა ელექტორატმა ისედაც იცის, ვინ აირჩიოს.

[ამომრჩეველი] "ჩემზეა დამოკიდებული, ვის მივცემ და ვის არა ხმას. მე ჩემი გადაწყვეტილება მაქვს და ვისაც მინდა, იმას ვუჭერ მხარს."
რაც შეეხება არასტაბილურ ამომრჩეველს, იგი, პირობითად, ორ კატეგორიად უნდა დავყოთ: ნაწილი ინდიფერენტულია და საერთოდ არ მივა არჩევნებზე, ნაწილისთვის კი პოლიტიკური დებატები არჩევანის გაკეთების ძირითადი საშუალებაა.

[ამომრჩეველი] "დებატები ნამდვილად ეხმარება არჩევნებში. ნამდვილად ეხმარება იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანი ფიქრობდე, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ღირსია, რომ ხმა მისცე, მაგრამ აი,ამ დებატების დროს ჩამოგიყალიბდეს ის აზრი, რომ არ ჩათვალო უკვე ღირსად ის ადამიანი, რომ ხმა მისცე და უკვე სხვაზე შეაჩერო არჩევანი."

დაბოლოს, დავუბრუნდეთ სატელევიზიო ინციდენტს, რომელზეც ჩვენი სიუჟეტის შესავალში მოგახსენებდით. ბესო ჯუღელზე ლევან პირველის თავდასხმის ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ჯუღელმა პირველს 4 წლის წინ რესტორან "თამარიონში" მომხდარი მკვლელობა შეახსენა. მკვლელობა, რომელიც ლევან პირველის დაცვის უფროსმა აიღო თავზე, დაზარალებული მხარის მტკიცებით, დეპუტატმა პირველმა ჩაიდინა. საზოგადოებისთვის ეს ისტორია, გაგრძელებებით, აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა მაინც უნდა ვივარაუდოთ, რომ ლევან პირველის მომხრეთა რიცხვი გუშინდელის შემდეგ ნაწილობრივ მაინც შემცირდა.
XS
SM
MD
LG