Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალურად ქართული მრეწველობა ზრდას განიცდის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამრეწველო კომპლექსში წარმოებული პროდუქციის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, იანვრის შემდეგ წარმოების მაჩვენებლის ზრდამ 110% შეადგინა.

ეკონომიკური პრობლემების ფონზე აღნიშნული ზრდის მიღწევა, ძირითადად, დიდი ნავთობსადენის პროექტის რეალიზაციის დაწყებას უკავშირდება.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2003 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში მრეწველობის მთლიანმა მოცულობამ, ფარული და არაფორმალური წარმოების მაჩვენებლის გათვალისწინებით, 1 მილიარდ 776 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით, ამ სექტორში ზრდის ტემპი 110,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა. ძირითადი საქმიანობის მიხედვით წარმოებულ იქნა 1 მილიარდ 8 მლნ. ლარის პროდუქცია, რაც შესადარ ფასებში გასული წლის შესაბამისი მაჩვენებლის 113,8 პროცენტია.

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, მრეწველობის მსხვილი სექტორების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებლები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სათბობ-ენერგეტიკაში წარმოებულია 309,2 მლნ. ლარი და, შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, 102,8 პროცენტი; კვების მრეწველობაში - 301,4 მლნ. ლარი და 125,2 პროცენტი; მრეწველობის დანარჩენ დარგებში - 398,1 მლნ. ლარი და 115,9 პროცენტი.

2003 წლის 1 ოქტომბრისათვის სამრეწველო სექტორში აღირიცხა სულ 3118 საწარმო. აქედან მოქმედია - 2837. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მრეწველობის სექტორში დასაქმებულია 76,8 ათასი კაცი. წინა წელთან შედარებით, რიცხოვნება გაზრდილია 2,5 ათასი კაცით.
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნებამ შეადგინა 40,6 ათასი კაცი (დასაქმებულთა 52,9 პროცენტი), ხოლო კერძო სექტორში - 36,2 ათასი კაცი (47,1 პროცენტი).

ეკონომიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემებით, ვითარება, ცალკეული მსხვილი საწარმოების მიხედვით, შემდეგნაირია: სს "ჭიათურმანგანუმში" ოქტომბრის თვის დასაწყისიდან წარმოებულია 664,1 ათასი ლარის პროდუქცია;
სს "მადნეულში" გამოშვებულია 3 მლნ. 191 ათასი ლარის პროდუქცია;
შეუფერხებელ მუშაობას აგრძელებს შპს "კვარციტი"; ასევე სტაბილურად ფუნქციონირებს სს "ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა", რომელსაც დღეისათვის მიეწოდება 70 მეგავატი ელექტროენერგია და მუშაობს 8 ღუმელი.
თვის დასაწყისიდან სს "აზოტში" წარმოებულია 2160,5 ათასი ლარის სამრეწველო პროდუქცია.

სს "თბილავიამშენში" გრძელდება მუშაობა თურქმენეთის დაკვეთის შესასრულებლად. დღეისათვის შესრულებულია 6 მლნ. ლარის სამუშაოები.
ქუთაისის სს "საავტომობილო ქარხანაში" წარმოებულია 300 ათასი ლარის პროდუქცია.
სს "ელმავალმშენებელში" ოქტომბრის თვის დასაწყისიდან შესრულებულია 450 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები.

შედარებით ოპტიმისტური ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, ელექტოენერგიისა და გაზის არასტაბილური მიწოდება ისევ სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალზე და პროდუქციის საერთო წარმოების ზრდას მხოლოდ ცალკეული მსხვილი საწარმოები უზრუნველყოფენ და ისიც - მცირე დატვირთვით.
XS
SM
MD
LG