Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო განწყობა და არჩევნების შემდგომი საფრთხე


არჩევნების მომდევნო დღეებში მთავარი საფრთხე უკავშირდება უმართავ სიტუაციას, რომელიც შეიძლება შეიქმნას სახალხო პროტესტის შემთხვევაში. საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობა

ქმნის საფუძველს საფრთხისთვის თუ აქარწყლებს მას?

დღეისათვის ხელისუფლების მთავარი პროპაგანდა მიმართულია არჩევნების წინასწარი, არაოფიციალური შედეგების გამოქვეყნების წინააღმდეგ. სამთავრობო ბლოკის ლიდერების განმარტებით, ბაქოს ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ არაოფიციალური გამოკითხვის შედეგები მეტისმეტად დაშორდა ოფიციალურ მონაცემებს.

არავინ დავობს, რომ თუკი რამ საფრთხეა მოსალოდნელი საქართველოშიც, ის უსათუოდ დაუკავშირდება პროტესტს არჩევნების გაყალბების გამო. ოპოზიციის სამი სეგმენტი აცხადებს, რომ საუკეთესო რეიტინგი აქვს: ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები", ნაციონალური მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია. თავის მხრივ, სახელისუფლო პარტიაც ამომრჩეველთა 30%-ის მხარდაჭერაზე საუბრობს. ამ ფონზე, მართლაც, უეჭველია, რომ პარტიების ერთი ნაწილი უკმაყოფილო დარჩება არჩევნების შედეგით: შეუძლებელია, რამდენიმე პარტია ერთდროულად გავიდეს პირველ ადგილზე, ან ყველა რეიტინგულმა ორგანიზაციამ 30-40%-იანი მხარდაჭერა მოიპოვოს. შესაბამისად, გაყალბების შესახებ განცხადებები რომ იქნება, ამას ძალთა განლაგება და კონკურენციის მაღალი ხარისხი თავისთავად განაპირობებს.

ამ ვითარებაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საზოგადოების მზაობა სიმშვიდის შენარჩუნების თუ პროტესტის გამოხატვის კუთხით. ორივეს თავისი საფუძველი აქვს: ქართველებს უკიდურესობები უყვართ. ამიტომაც ამომრჩეველთა ერთი ნაწილი სრულიად გულგრილია არჩევნების მიმართ, რადგან მეტისმეტი ეჭვით ეკიდება პოლიტიკოსებს; მეორე ნაწილი კი, პირიქით, სრული ნდობით არის გამსჭვალული საკუთარი რჩეულისადმი.

პირველი ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე წასვლაც არ ღირს, რადგან, ჯერ ერთი, მის ხმას მაინც გააყალბებენ და, მეორეც, წავა თუ არ წავა არჩევნებზე, ქვეყანაში მაინც არაფერი შეიცვლება. აქტიური წინასაარჩევნო კამპანიისა და მასმედიის ენერგიული მუშაობის მიუხედავად, ასეთი ადამიანების განწყობა მყარია და მათი ეჭვის გაქარწყლება დღემდე ვერავინ შეძლო. მით უმეტეს გამორიცხულია, რომ ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ იმისათვის, რომ არჩევნების გაყალბება დაამოწმონ. ისინი წინასწარ ირჩევენ განზე მდგომ პოზიციას და ამ პოზიციაში დარჩებიან ბოლომდე, ნებისმიერი პროვოკაციისა თუ მღელვარების შემთხვევაში.

რაც შეეხება ამომრჩეველთა მიმნდობ ნაწილს, მათი ნდობა, მართლაც, ბრმაა. მაგალითად, მავან პარტიულ ლიდერს ამომრჩეველი მხარს უჭერს პატიოსნების მოტივით; ერთ დღეს კი ეუბნებიან, რომ მისი რჩეული პოლიტიკოსი ქრთამს იღებს თითქმის ყველა პირისგან, ვისი გვარიც საარჩევნო სიის გამსვლელ ადგილზეა. ამომრჩეველი უპასუხებს: "შესაძლოა, ასეც იყოს: პარტიას ფული ხომ სჭირდება?" გამოდის, რომ ქრთამს იღებს თუ არა, მისი რჩეული მაინც პატიოსანია, ყოველ შემთხვევაში, სხვებთან შედარებით.

ამომრჩეველთა ზედმეტად მიმნდობი ნაწილი სწორედ ის რესურსია, რომელიც, შესაძლოა, ქუჩაშიც გამოვიდეს და არეულობაც მოაწყოს, თუკი ამისკენ მოუწოდებენ. ოღონდ ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენად მდიდარია ასეთი რესურსით ქართული პოლიტიკა.

მეტისმეტად დაეჭვებული და მეტისმეტად მიმნდობი ამომრჩეველი საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც შორს დგას პოლიტიკისგან. ასეთი ადამიანები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და ვერაფრით ეხმარებიან საკუთარ ქვეყანას მყარი პოლიტიკური სისტემის შექმნაში. არადა, ასეთი სისტემის ჩამოყალიბების გარეშე წინსვლა შეუძლებელია.

ცხადია, არსებობს საზოგადოების მესამე ნაწილი, რომელიც საკუთარ ეჭვსაც და ნდობასაც ზომიერების ფარგლებში აქცევს. სხვათა შორის, მასმედიამ ბევრი იმუშაკა იმისათვის, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო. ისინი პროტესტს გამოხატავენ არა სხვისი ნდობის, არამედ საკუთარი ნების საფუძველზე. ისინი, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ობიექტურად აცნობიერებენ მომენტის მნიშვნელობასაც, პასუხისმგებლობასაც დანარჩენი საზოგადოების წინაშე და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებენ.

არჩევნების შემდგომი პროცესი მთლიანად იქნება დამოკიდებული საზოგადოების სტრუქტურაზე, ესე იგი, ჩვეულებრივ ადამიანებზე. და კიდევ იმაზე, როგორ მოეკიდება გაყალბების ბერკეტების მქონე ხელისუფლება ამ ჩვეულებრივ ადამიანებს - მეტ-ნაკლები პატივისცემით თუ ჩვეული ცინიზმით.
XS
SM
MD
LG