Accessibility links

logo-print

ქვეყნის უსაფრთხოება 2 ნოემბრის არჩევნების წინ?


30 ოქტომბრიდან საქართველოს ყველა ძალოვანი სტრუქტურის პირადი შემადგენლობა მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავა. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭომ

ოთხშაბათს გამართულ სპეციალურ თათბირზე მიიღო. თუმცა, როგორც ირკვევა, ზოგიერთ გასამხედროებულ უწყებაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უკვე მესამე კვირაა გამოცხადებულია ე.წ. საყაზარმო მდგომარეობა და შექმნილია სპეციალური ქვედანაყოფი, რომელმაც არჩევნების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა უნდა უზრუნველყოს. მაგრამ ყაზარმებში მყოფი წესრიგის დამცველებისთვის ბოლომდე უცნობია, თუ როგორი ფორმით მოიხდიან ისინი კონსტიტუციურ ვალს არჩევნების დღეს.

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის უსაფრთხოების ძალები სხვადასხვა ამოცანებს ასრულებენ: თავდაცვის სამინისტროს ამერიკული პროგრამით მომზადებულ სწრაფი რეაგირების ძალებს ხშირად იღებენ საარჩევნო ვიდეოკლიპებში, უშიშროების სამინისტრო დაკავებულია ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მიერ მოპოვებული "დიდი მახსოვრობის ფლეშ-კარტის" გაშიფვრით, რომელიც, ნივთმტკიცებულების წარდგენის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაკომპრომეტირებელ მასალას უნდა შეიცავდეს; ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურ მზადებას გადის სპეციალური ქვედანაყოფი, რომელმაც არჩევნების დროსა და მომდევნო დღეებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მასობრივი მღელვარების თავიდან აცილება უნდა უზრუნველყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის პაატა გომელაურის განცხადებით, ამგვარი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. ხოლო თავისი პირველი საბრძოლო დავალება სპეციალური დანიშნულების ნაწილებმა კვირის დასაწყიში, სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვის დროს, მიიღეს.

[პაატა გომელაურის ხმა] "დიახ, ეს ძალები და აგრეთვე სხვა ძალები იყო იქ გაგზავნილი. მაგრამ, მე ვიტყოდი, კარგია, მათი გამოყენება რომ არ გახდა საჭირო."

პოლიციის იმ სპეციალური დანაყოფის მთავარ ფუქნციას, რომლის პირადი შემადგენლობის რიცხოვნება და ბიუჯეტი გასაიდუმლოებულია, მასობრივი მღელვარების თავიდან აცილება წარმოადგენს. ამ ამოცანის შესასრულებლად ქვედანაყოფი ეკიპირებულია ხელკეტებით, ფარებით, ცრემლმდენი გაზებით; მათ განკარგულებაშია აგრეთვე ოთხფეხა პირუტყვი: ცხენები - ძირითადად, გადასაადგილებლად - და გაწვრთნილი ნაგაზები - როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, ტემპერამენტიანი და ცხელსისხლიანი ადამიანების დასაშოშმინებლად.

მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. არ არის გამორიცხული, რომ აქ გარკვეულ დუბლირებასთანაც გვქონდეს საქმე, თუ გავითვალისწინებთ, რომ მასობრივი არეულობის აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედ შინაგან ჯარსაც ევალება. თუმცა დუბლირების საფრთხეს სერიოზულს არ უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი პაატა გომელაური, რომელმაც ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ასეთი დუბლირება მხოლოდ მოკლევადიან მიზანს ემსახურება. თანაც, მისივე თქმით, შინაგანი ჯარის გამოყენება, რომელსაც ეკიპირებაში სატაბელო ცეცხლსასროლი იარაღიც აქვს, შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგის მომტანი იყოს.

[პაატა გომელაურის ხმა] "ასეთი ფუნქციების დუბლირება ხშირად ხდება სამინისტროებში. ასე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეუსრულებია, გარკვეული დროის მანძილზე, ფინანსთა სამინისტროს ფუნქცია. რაც შეეხება წესრიგის დასაცავად ჯარის გამოყენებას, ღმერთმა დაგვიფაროს ყოველივე ამისაგან."


თუმცა 2 ნოემბრის არჩევნების დროს, საგანგებო სპეცდანიშნულების პოლიციური ნაწილის გარდა, წესრიგის დაცვის ღონისძიებებში სხვა ძალოვანი უწყებებიც იქნებიან ჩართულნი. სამხედრო ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა მასში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადაყვანილი 100 ათასკაციანი სამხედროფორმიანი ელექტორატი, რომელიც, ტრადიციულად, ყოველთვის სახელისუფლებო ძალის ოქროს რეზერვად ითვლება საქართველოში.
XS
SM
MD
LG