Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლავ რუსი პოლიტოლოგის შესახებ, რომელიც რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ და საქართველოს მომავალი ტერიტორიული მოწყობისთვის ერთნაირი შემართებით იბრძვის


რუსეთში ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ სხვა რესპუბლიკაში, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი, მსუბუქად რომ ვთქვათ, სრულ ბუნდოვანებაში წარიმართა. ასეთ დროს ვერ მოიგებდა ის,

ვინც იყო კანონმორჩილი, ან ის, ვისაც არ ჰქონდა კარგი კავშირები და გავლენა საჭირო წრეებში. განსაკუთრებით მწვავე ბრძოლა, ბუნებრივია, ისეთი სფეროების დატაცებაზე გაიმართა, როგორიც ენერგორესურსები, ან სხვა სახის ბუნებრივი რესურსები გახლდათ. მაშინ რატომ გამოარჩია რუსეთის ხელისუფლებამ, ან, თუ ვლადიმირ პუტინის ფორმულირებას მივყვებით, რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა კანონის უზენაესობის სადემონსტრაციოდ ოლიგარქების ერთი ნაწილი და კონკრეტულად მიხაილ ხოდორკოვსკი? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მედიაში ბევრი დაიწერა. ჩვენი ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტმა: ხოდორკოვსკიზე და მის კომპანიაზე ნადირობის დაწყების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად არაერთხელ გამოჩნდა ერთი რუსი პოლიტოლოგის გვარიც, რომელზეც სულ რამდენიმე დღის საქართველოსთან დაკავშირებით მოგახსენებდით.

რუსეთის ნაციონალური სტრატეგიის საბჭოს დირექტორ სტანისლავ ბელკოვსკიზე სულ ცოტა ხნის წინ მოგითხრობდით, რადგან მან მოამზადა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განსახილველად შეიტანა (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აცხადებს) საქართველოს ფედერაციული მოწყობის გეგმა. შეგახსენებთ, რომ ბელკოვსკის იდეამ ყურადღება მიიქცია არა ორიგინალურობის, არამედ უადგილობის გამო. დღეს მინდა ხაზი გავუსვა ერთ დეტალსაც: ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას ბელკოვსკი აცხადებდა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს:

[ბელკოვსკის ხმა]
"უნდა შეიქმნას ორპალატიანი პარლამენტი: ზედა პალატა უნდა შედგებოდეს ფედერაციის სუბიექტების პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველზე, ქვედა - პირდაპირი არჩევნების გზით. ასეთი სახელმწიფოსთვის, რომლის სუბიექტებს ფართო უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული, აგრეთვე თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ისტორიულ და ეთნიკურ სპეციფიკას, სადაც არა მხოლოდ ეთნოსი, ბევრი სუბეთნოსია თავისი მრავალწლიანი ტრადიციებით, ვფიქრობ მართვის ასეთ ფორმას უპირატესობა უნდა მიენიჭოს, რადგან ძალიან ძნელია ისეთი ფიგურის მოძებნა, რომელიც შეძლებდა საქართველოს ნაციის ასეთი მრავალფეროვანი შემადგნელი ნაწილების კონსოლიდაციას".

მსმენელი იკითხავს - რა კავშირშია ბელკოვსკის საქართველოს მოწყობის კონცენფია მიხაილ ხოდორკოსვკისთან დაკავშირებულ სკანდალთან. საქმე იმაში გახლავთ, რომ სტანისლავ ბელკოვსკისა და მისი საბჭოს ნაშრომის "სახელმწიფო და ოლიგარქია" - მთავარი ხაზი, რის გამოც სტანისლავ ბელკოვსკი "იუკოსის" წინააღმდეგ ომის იდეურ ავტორად მიიჩნიეს, ის იყო, რომ პოლიტოლოგი ამტკიცებდა - ოლიგარქებს პუტინის ხელისუფლების შეზღუდვა და რუსეთის საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევა სურთო. თუკი გაზეთ "მოსკოუ ტაიმზს" დავეყრდნობით, კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრისას ბელკოვსკის ყოფილ დამქირავებელ ბორის ბერეზოვსკის განუცხადებია, რომ ბელკოვსკი "კარგად განათლებული და შემოქმედებითი ადამიანია, მაგრამ მისი შემოქმედებითობა თავს იჩენს მაშინ, როცა საქმე შავ "პი-არს" ეხება"-ო. იმავე "მოსკოუ ტაიმზის" ბერეზოვსკისავე ციტირების თანახმად, ბელკოვსკი: "კრემლის ჩეკისტურ ფრთასთან არის დაკავშირებული, რომელიც იუკოსის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის დამკვეთად არის მიჩნეული და რომლის ინტერესიც დეკემბერში დაგეგმილი რუსეთის დუმის დეპუტატთა არჩევნების წინ სრულიად ნათელია". არავისთვის არის დამალული "იუკოსის" კავშირი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანება "იაბლოკოსთან", ამას ხაზი მიხაილ ხოდორკოვსკის დამატიმრების შემდეგაც გაესვა.

როგორც თავადაც მიხვდით, სტანისლავ ბელკოვსკი ფედერაციული, საქართველოზე არანაკლებ მრავალეროვნული რუსეთისთვის საპრეზიდენტო ხელისუფლების უზენაესობას საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოსთვის კი, მისი ფედერაციული მოწყობის შემთხვევაში, საპარლამენტო რესპუბლიკა მიაჩნია უფრო შესაფერისად.

"ნოვაია გაზეტას" წლევანდელი ივნისის ნომერში ალექსანდრ ლოსევი წერს: "პოლიტიკურ კონსალტინგში უმნიშვნელო მოთამაშე ბელკოვსკის ყოველთვის სურდა დიდი მოთამაშე გამხდარიყო". იგივე ავტორი აღწერს იმ გზას, რომელიც ბელკოვსკიმ ხოდორკოვსკისთან დაპირისპირებამდე მიიყვანა. ავტორის კონცეფციით, ბელკოვსკის გააფთრება ძირითადად მარცხებმა განაპირობა და საბოლოოდ ის შეეცადა ოლიგარქები და კონკრეტულად "იუკოსის" ხელმძღვანელი რუსეთის აღმსარულებელი ხელისუფლების მთავარ საფრთხედ წარმოეჩინა.

ისევე, როგორც ბელკოვსკის მიერ შექმნილი საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტი არ მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა მისი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის წარდგენა, არც ნაშრომ "სახელმწიფო და ოლიგარქია" მიიქცევდა ყურადღებას, რომ არა მისი მოხვედრა ვლადიმიდ პუტინის მაგიდაზე. ჟურნალ "ნიუზუიკის" სარედაქციო სტატიაში წერია: "მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტი არა ვიღაცის, არამედ პრეზიდენტის მაგიდაზე მოხვდა და რამდენიმე კვირის შემდეგ მან გამოიყენა ეს შემთხვევა და ოლიგარქებს სახალხო გაფრთხილებით მიმართა, თანაც შეახსენა მათ ვლადიმირ გუსინსკისა და ბორის ბერეზოვსკის ბედის შესახებ".

შესაძლებელია, ბელკოვსკის ტიპის ფიგურას, როგორც პოლიტოლოგსა და მოაზროვნეს დიდ შეფასებას არ აძლევდნენ ისინი, ვინც მას კონფერენციებიდან და მისი თეორიებით იცნობს. თუმცა, ნიშანდობლივი უნდა იყოს ის, რომ ასეთი მონაცემებით მან მიაღწია იმას, რომ დღეს რუსეთში ყველაზე ცნობილი სკანდალის თანაავტორად მიიჩნევდნენ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG