Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო პერიოდის დეტექტიური ისტორიები


საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ ბრძოლაში დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი სახიფათო ელემენტები ჩნდება: არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე

დაუდგენელმა პირებმა ჭიათურაში დეპუტატობის კანდიდატი "აღორძინების" ბლოკიდან თემურ გოქსაძე გაიტაცეს, ოთხშაბათს ნაციონალების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მანქანის დაჯახებას გადაურჩა, იმავე დღეს "ახალი მემარჯვენეების" კანდიდატს თბილისის ნაძალადევის რაიონში ჯერ ორი ტყვია ესროლეს, შემდეგ კი მანქანაც აუფეთქეს; ხუთშაბათს კი სამტრედიაში სამართალდამცველებს ერთი საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ დეპუტატობის კანდიდატი გურამ აბსანძე, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე კვირის დასაწყისში სამტრედიის სარკინიგზო ხაზის გადაკეტვის გამო აღიძრა, თუმცა მოქმედი კანონი წინასაარჩევნო პერიოდში დეპუტატობის კანდიდატის სისხლის სამართლებრივ დევნას კრძალავს.

ოთხშაბათის საკმაოდ დაძაბული დღის შემდეგ თბილისში ყველა ნაძალადევის რაიონის დეპუტატობის ნაკლებად ცნობილ კანდიდატ ზვიად ჩოხელზე მომხდარ თვდასხმაზე ყვებოდა. და მართლაც, "ახალი მემარჯვენეების" ახალ სახეზე მომხდარი თავდასხმა ძალიან წააგავდა ტიპიურ სცენარს ე.წ. ფილმ-ბოევიკიდან. ზვიად ჩოხელს დაუდგენელმა პირებმა ცოტნე დადიანის ქუჩაზე მეგობრის ბინიდან გამოსვლისას ესროლეს. მას ორი ტყვია გულის არესთან მოხვდა, მაგრამ ჩოხელი ჯავშანჟილეტმა იხსნა. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში კი აფეთქდა იმავე სადარბაზოსთან გაჩერებული დეპუტატობის კანდიდატის მანქანაც. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. ხუთშაბათს კი დაზარალებული ზვიად ჩოხელი დიდხანს იმყოფებოდა ექსპერტიზაზე, სადაც მას ტელეფონით დავუკავშირდით:
[ზვიად ჩოხელის ხმა]

ზვიად ჩოხელი დარწმუნებულია, რომ ეს მისი პოლიტიკური ოპონენტების ნახელავია. მას ურეკავდნენ ტელეფონით, ემუქრებოდნენ განადგურებით, აშანტაჟებდნენ, ხოლო მისმა ერთ-ერთმა მეტოქემ სახელისუფლებო ბლოკიდან, მერაბ სამადაშვილმა, როგორც ჩოხელი ამბობს, გაუვრცელა ხმა, რომ იგი ნარკომანია. ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს უკლებლივ ყველა დეპუტატობის კანდიდატი, რომლებზეც ამ დღეებში სხვადასხვა სახის ძალადობას ჰქონდა ადგილი. ოთხშაბათს ჭიათურაში დეპუტატობის კანდიდატი "აღორძინების" ბლოკიდან თემურ გოქსაძე ერთი დღის მანძილზე ჰყავდათ გატაცებული, 29 ოქტომბერს ნაციონალების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მანქანის დაჯახებას გადაურჩა. მათი პოზიცია გასაზიარებელია იმდენად, რამდენადაც არც ერთი ინციდენტის დროს არსად ჩანან სამართალდამცველები, რომლებიც, უშიშროების საბჭოს დადგენილებით, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. სამაგიეროდ, პოლიციელებმა ხუთშაბათს შესაშური ოპერატიულობა გამოიჩინეს და სამტრედიაში დააკავეს ბლოკ "ეროვნული თანხმობა - იბერიის გაბრწყინების" ლიდერი გურამ აბსანძე. როგორც აბსანძემ სატელეფონო საუბარში გვითხრა, იგი კვირის დასაწყისში სამტრედიის რკინიგზის გადაკეტვის გამო დააკავეს, თუმცა მას, როგორც კანდიდატს, იმუნიტეტი იცავს.
[გურამ აბსანძის ხმა]

სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში მომხდარ ყველა ამ ინციდენტს ერთი რამ აერთიანებს: არიან დაზარალებულები, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოვლენილან თავდამსხმელები და, შესაბამისად, არავინ იცის, თუ რა მოხდება საქართველოში დარჩენილ სამ დღეში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG