Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ხმების პარალელურ დათვლას გეგმავს


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" ხმების პარალელურ დათვლას უზრუნველყოფს. საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკაში კარგად

აპრობირებული ამ მეთოდის პილოტური პროექტი "სამართლიანმა არჩევნებმა" 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გამოიყენა. თუმცა მაშინ ამას მხოლოდ ტესტის სახე ჰქონდა და, შესაბამისად, მისი შედეგები არ გამოქვეყნებულა. განსხვავებული ვითარებაა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის: ოთხთვიანი დაძაბული მოსამზადებელი სამუშაოების შესრულების შემდეგ, "სამართლიანი არჩევნები" მზადაა ქართული არჩევნების ისტორიაში პირველი პრეცედენტი შექმნას და არჩევნების შედეგების გაყალბებას ხმების პარალელური დათვლითაც დაუპირისპირდეს. ამის საშუალებას მას აძლევს საარჩევნო კოდექსი, რომელიც უბნის შედეგების ღიაობას აკანონებს.

ხმების პარალელური დათვლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საუბნო კომისიებიდან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ოფიციალური საარჩევნო ადმინისტრაციების გარდა, თავს მოიყრის "სამართლიანი არჩევნების" ოფისშიც. ამ მხრივ, კანონმდებლობაში კარგადაა განმარტებული, რომ უბანზე მზადდება ოქმის 10 პირი, რომელთაგან უკანასკნელი ორი, მე-9 და მე-10 პირი, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს გადაეცემათ. რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია, რომ ოქმის ეს პირები მაინცდამაინც "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებს არ შეხვდეთ, მაგრამ შედეგების ღიაობას კანონი უზრუნველყოფს და ეს არის სწორედ ამოსავალი პრინციპი. ამ უკანასკნელზე ამახვილებს ყურადღებას "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა]"იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ, ასე ვთქვათ, შეიძლება არ შეგვხვდეს ოფიციალური ოქმის პირი იმავე ღამეს, კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი ასლის მიღებას საოლქო კომისიიდან მეორე დღეს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დამკვირვებელი ჩაიწერს ზუსტად იმ ციფრებს, რაც იქნება დაფიქსირებული ოფიციალურ ოქმში. და, ბუნებრივია, ეს ოფიციალური ოქმი არ ექნება მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს ექნებათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ეს ექნებათ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. ამდენად, ამ ღიაობამ უნდა უზრუნველყოს სწორედ ის, რომ ჩვენც, საარჩევნო ადმინისტრაციებმაც და ყველამ გამოვაქვეყნოთ არჩევნების შედეგები უბან-უბან და ქართველ საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ეს არის არჩევნების შედეგები 2 ნოემბერს."

ხმის პარალელური დათვლის უპირატესობა, ძირითადად, იმაში გამოიხატება, რომ იგი არჩევნების პროცესს აფასებს არა მხოლოდ ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით, არამედ თვისობრივადაც. კერძოდ, თუ უბანზე ადგილი ექნება კარუსელებს ან სხვა რაიმე ტიპის გაყალბებას, მაშინ ასეთი უბნის შედეგები "სამართლიანი არჩევნების" მიერ დაჯამებულ საერთო შედეგში არ შევა. ასეთ შემთხვევაში, პარალელური დათვლის მონაცემებს მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ არჩევნების სამართლიანობის კრიტერიუმის განსასაზღვრად, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციებზე არაპირდაპირი ზემოქმედების მხრივაც. ამის დასტურია გასულ წელს რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული განმეორებითი არჩევნები. "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლით, რუთავში ამომრჩევლის აქტივობა 12 პროცენტი იყო, მაშინ როცა რუსთავის საარჩევნო კომისიამ 37 პროცენტი გამოაცხადა. "სამართლიანმა არჩევნებმა", შესაბამისად, სასამართლოში გაასაჩივრა როგორც საოლქო კომისიის, ისე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმი და ორივე საქმე მოიგო. არჩევნების ოფიციალურ და პარალელურ შედეგებს შორის სხვაობა ამ დროისათვის გარდაუვლად გვეჩვენება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებშიც. ასევე გარდაუვალი ჩანს მომავალი სასამართლო დავებიც.
XS
SM
MD
LG