Accessibility links

logo-print

რატომ უნდათ პოლიტიკოსებს საქართველოს პარლამენტის წევრობა


წინასაარჩევნო კამპანიაში როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 100-ობით ათას, ანდაც მილიონობით ლარს ხარჯავენ, რათა საწადელს მიაღწიონ,

ანუ პარლამენტის წევრები გახდნენ. ბოლო დღეებში კანდიდატთა გატაცებისა თუ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის ფაქტებიც დაფიქსირდა, რომელთა შესახებ კობა ლიკლიკაძე უკვე გესაუბრათ. რატომ მიდიან ასეთ მსხვერპლზე ქართველი პოლიტიკოსები და რატომ ხარჯავენ მილიონობით ლარს?

საქართველოს პარლამენტის წევრობა ფართო შესაძლებლობებს შლის უცნობი თუ მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსებისთვის. პოლიტიკურ კარიერასთან ერთად, დეპუტატობა კერძო ბიზნესის კარგად განვითარების საშუალებასაც იძლევა და, რაც მთავარია, იმუნიტეტით მოსავს ხალხის მიერ რჩეულებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ იმუნიტეტის შესაძენად ხარჯავს ენერგიასა და დიდძალ ფინანსებს დეპუტატობის კანდიდატთა მნიშვნელოვანი ნაწილი.

[ლანა ღვინჯილიას ხმა] "ქართულ რეალობაში ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, პოლიტიკურ აღიარებასთან, კარიერულ შესაძლებლობებთან და ფინანსური განვითარების შესაძლებლობებთან ერთად, არის, აი, ეს იმუნიტეტის სტატუსი, ხელშეუხებლობის სტატუსი."

ასეთ დასკვნას აკეთებს პარლამენტის წევრთა და დეპუტატობის კანდიდატთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსფერენსი ინტერნეიშენალ - ჯორჯიას" კოორდინატორი ლანა ღვინჯილია.

იმუნიტეტი სამართალდამცავი ორგანოებისგან პარლამენტარის ხელშეუხებლობას ნიშნავს. დეპუტატის მიერ ჩადენილ საშუალო სიმძიმის დანაშაულს რომ თავი დავანებოთ, პოლიციას მისი დაკავება საკანონმდებლო ორგანოს ნებართვის გარეშე მძიმე დანაშაულის შემთხვევაშიც კი არ შეუძლია.

1999 წლის მოწვევის პარლამენტს სამართალდამცავმა ორგანოებმა 14- ჯერ მიმართეს სხვადასხვა დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, რაც მათ პარლამენტის წევრის დაკითხვისა და გამოძიების წარმოების საშუალებას მისცემდა, მაგრამ 14-ვე შემთხვევაში პარლამენტარებმა უარი თქვეს თავიანთი კოლეგების იმუნიტეტის გაუქმებაზე.

მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ორგანოს ბოლო სხდომებზე დეპუტატთა ნაწილი იმუნიტეტის შეკვეცის ინიციატივით გამოვიდა და კანონპროექტის შემმუშავებელი ჯგუფიც კი შეიქნა. თუმცა საქმე ბოლომდე არ მისულა. თუ რას ფიქრობენ იმუნიტეტის შესახებ ძველი პარლამენტარები და პარლამენტარობის ახალი კანდიდატები, ეს ნათლად ჩანს "ტრანსფერენსი ინტერნეიშენალ - ჯორჯიას" მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან:
მოქმედ პარლამენტართა 75 პროცენტი ფიქრობს, რომ სადეპუტატო იმუნიტეტი აუცილებელია და მხოლოდ 24 პროცენტი ამბობს, რომ იმუნიტეტი არ არის აუცილებელი. პარლამენტარობის კანდიდატებშიც დაახლოებით ანალოგიური სურათია.

პარლამენტართა 74 პროცენტი აღიარებს, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი გამოყენებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის ასარიდებლად. კანდიდატებს შორის ეს ციფრი ოდნავ მეტია და 76,4 პროცენტს შეადგენს. თუ ამ მონაცემებს გავაანალიზებთ, პარადოქსული სურათი იხატება. პარლამენტარები და კანდიდატები აღიარებენ, რომ იმუნიტეტი კანონისგან თავის დასაცავად გამოიყენება და სწორედ ამიტომ მხარს უჭერენ მის შენარჩუნებას. გამოკითხვიდან ისიც ჩანს, რომ 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრები და 2003 წლის პარლამენტის წევრობის კანდიდატების დაახლოებით 80 პროცენტი იმუნიტეტს მხოლოდ მაშინ თმობენ, როდესაც საქმე სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულს ეხება.
XS
SM
MD
LG