Accessibility links

logo-print

გენერალ ბაგრატიონის ნაკვალევი მორავიაში


ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთზე გადის გზა,

რომელიც ვენიდან იწყებოდა და ამ ორასი წლის წინ ავსტრია-უნგრეთისა და პრუსიის, შემდეგ კი პოლონეთის, შემაკავშირებელი ერთადერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალი იყო. ამ გზაზე დღესაც დგას ერთი ფოსტა, რომელიც მაშინ ცხენების გამოსაცვლელ სადგურს წარმოადგენდა. დღესაც დგას ეს ძველი ფოსტა, რომელსაც ახსოვს ევროპის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენა - ნაპოლეონის არმიის ბრძოლა რუსეთისა და ავსტრიის გაერთიანებულ ჯართან, აუსტერლიცის ბრძოლის სახელით შესული ისტორიაში. აუსტერლიცს დღეს სლავკოვი ჰქვია. ფოსტის სადგური დღეს მუზეუმია ამ ბრძოლისა. საჯინიბოს ფუნქცია შენარჩუნებული აქვს. სადაც თივა ინახებოდა, იქ ახლა რესტორანია, მის ქვემოთ კი ღვინის სარდაფია, სადაც აუსტერლიცში გამარჯვებული საფრანგეთის არმია მორავიული ღვინით სავსე კასრებს შეესია. რესტორნის ყველაზე გემრიელ და პოპულარულ კერძს კი "გენერალ ბაგრატიონის ბìჭëé" ჰქვია. ყველაფერ ამას პატრონობს მიხალ ბარტიკი, რომელიც თავისუფალ დროს ამ საქმეს, აუსტერლიცის ისტორიის მოვლას, ანდომებს. ის არის მუზეუმის გიდიც და ღვინის სარდაფის მეთვალყურეც. ის იყო ჩვენი თანამოსაუბრე, რომელიც არ დაგვზარდა და ყველაფერი გვიამბო ნაპოლეონზეც, ბაგრატიონზეც, ფრანგებზეც და ავსტრიელებზეც და, სხვათა შორის, რუსებზეც, რომელთა შთამომავლები ხშირად სტუმრობენ აუსტერლიცს და გაწბილებულები რჩებიან ხოლმე, რადგან არაფერი იციან აუსტერლიცში კუტუზოვის არმიის მარცხის შესახებ.
[ბარტიკის ხმა] "აუსტერლიცის ბრძოლის დროს ამ ფოსტაზეც იცვლებოდა ცხენები. ვენიდან, ბრნოს გავლით, პოლონეთისკენ მიმავალნი ყოველ 30 კილომეტრში ცხენებს უცვლიდნენ ეტლებს. ეს ფოსტა აქ გამართული ბრძოლის გამო შევიდა ისტორიაში. შენობა კარგად იყო ნაშენი და მას არმიები იყენებდნენ იმის მიხედვით, თუ სად გადიოდა ფრონტი."
ფოსტის ისტორია იმით დაიწყო, რომ ფრანგებმა იქ შტაბი მოაწყვეს და იმ შტაბში მოითათბირეს აუსტერლიცის სტრატეგიის შესახებ, რაც დღესაც კი სამხედრო სასწავლებლებში სამაგალითოდ ისწავლება.
[ბარტიკის ხმა] "თავიდან ფრანგი მეომრები მოვიდნენ. ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ფოსტაზე თავისი შტაბი გამართა ფრანგმა მარშალმა მიურატმა, შემდგომ ნეაპოლის მეფემ, რომელსაც აქ 12 ათასი ცხენი ჰყავდა. ბრძოლამდე სამი დღით ადრე იმპერატორი ნაპოლეონიც აქვე იყო და აქ მოიწვია მნიშვნელოვანი თათბირი, რომელზეც შეიმუშავეს სლავკოვის (აუსტერლიცის) ბრძოლის სტრატეგიული გეგმა. ის გეგმა სწორედ აქ დაიბადა. აქვე გადაწყდა, რომ ფრანგული ჯარი ბრნოსკენ დაიხევდა უკან და ფოსტას გაათავისუფლებდა." ჩვენი თანამოსაუბრე გენერალ ბაგრატიონის მოტრფიალეა თუ სურს ჩვენ გვასიამოვნოს, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ბრძოლაში მის წარმატებაზეც ლაპარაკობს. [ბარტიკის ხმა] "ამ დღეს პირველად გამოჩნდა ფოსტაზე ქართველი გენერალი ბაგრატიონი, რომელმაც ფრანგების წასვლისთანავე, ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, ფოსტა დაიკავა. აქ, სადაც ახლა ჩვენ ვსხედვართ, ბაგრატიონმა მოაწყო თავისი შტაბი, საიდანაც მართავდა არმიას და საიდანაც ბრძოლის დღეს, დილით, რუსეთის არმიამ, ბაგრატიონის ჯარმა, ფრანგების მარცხენა ფლანგს შეუტია. საღამოსთვის ფრანგების შეტევა განვითარდა და რუსებმა და ავსტრიელებმა უკან დაიხიეს." უკან იხევდნენ, მაგრამ ამაშიც გამოჩნდა ქართული წარმოშობის გენერლის სამხედრო ნიჭი. [ბარტიკის ხმა] "ბაგრატიონის ჯარი ყველა გენერალზე მოწესრიგებულად იხევდა უკან, მისი არმია უკან მიდიოდა ორგანიზებულად, ახლანდელი ვიშკოვის, ოლომოუცის, მიმართულებით. ბაგრატიონმა ამგვარი უკანდახევით მოახერხა, რომ ყველაზე მცირე დანაკარგი ჰქონოდა."
ომი რუსთა და ავსტრიელთა ერთობლივმა ჯარმა წააგო. [ბარტიკის ხმა] "ფოსტის ისტორია გრძელდება ბრძოლის შემდეგ აქ ფრანგების დაბრუნებით: მათ აქ შტაბი მოაწყვეს. ღამე ნაპოლეონმა აქ გაატარა. დილით ადრე აქვე მიიღო ავსტრიის წარმომადგენელი გენერალი ლიხტენშტაინი, რომელმაც მასთან ავსტრიის კაპიტულაციაზე მოლაპარაკება გამართა. ეს ფაქტი ამ ბრძოლასთან დაკავშირებული ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტია ფოსტის ისტორიაში." მიხალ ბარტიკი აღფრთოვანებით ყვება საფრანგეთის იმპერატორზე: [ბარტიკის ხმა] "ნაპოლეონი დილით ადრე, 8 საათზე, ეტლით მიემართება სლავკოვის სასახლეში, სადაც მანამდე რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე და ავსტრიის იმპერატორი ფრანცი ათევდნენ ღამეს. და რადგან პატივმოყვარე იყო, იქვე იძინებს. და იქიდან სწერს ჟოზეფინას, ამ კვირაში პირველად გამოვიცვალე პერანგი და, ხმლის ნაცვლად, კალამი ავიღეო. მეორე დღეს ის სასახლის აივნიდან მიმართავს თავის არმიას ცნობილი სიტყვით : როცა იტყვით, აუსტერლიცში ვიბრძოლეთო, მიუთითეთ ჩემზე და თქვით - აი, ეს იყო გმირიო". ზემოთაც გითხარით, რომ ამ ბრძოლაში გენერალმა ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა ოსტატური უკან დახევით და - არამხოლოდ ამით: [ბარტიკის ხმა] "დიდი გმირი იყო ბაგრატიონი. ამას ნაპოლეონიც აღიარებდა - ის გენერალს დიდ მეომრად მიიჩნევდა. ბაგრატიონი იყო კაცი, რომელიც გულით იბრძოდა, მებრძოლი იყო, მებრძოლებთან იყო, არ იმალებოდა, ბრძოლაში ყოველთვის წინ მიდიოდა - მართლაც, გმირი იყო." ჩვენი მასპინძელი ფოსტის ღვინის სარდაფში ფრანგი ჯარისკაცების შეღწევასაც აღწერს და, აუსტერლიცის ბრძოლასთან დაკავშირებით, ლევ ტოლსტოის "ომსა და მშვიდობას" იხსენებს : [ბარტიკის ხმა]
"ტოლსტოი აქ არასოდეს ყოფილა. აქაური ამბები, ალბათ, ყოფილი მეომრებისგან ჰქონდა გაგონილი. ბრძოლის შემდეგ მებრძოლები დაღლილები იყვნენ და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ შეესეოდნენ ღვინის საძებრად ამ სარდაფს... ძირითადად, ფრანგები, რადგან რუსები და ავსტრიელები სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდნენ, უკან იხევდნენ". დღევანდელი სტუმრები კი, ამბობს ბარტიკი, აქ ჩამოსული ფრანგები, "თავიანთ წინაპრებს იხსენებენ, რომლებიც აქ იბრძოდნენ და არა მარტო იბრძოდნენ, სარდაფში ღვინის კასრებიც დახსნეს. ¨
XS
SM
MD
LG