Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა პოლიტიკური ვითარება რუსეთში კვლავაც მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული მით უმეტეს,

როცა თანამდებობიდან პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ ვოლოშინი გადადგა, და როგორც ვარაუდობენ, ნავთობკომპანია "იუკოსის" წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის გამო. ამ კომპანიის მფლობელის მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ გასული კვირის ბოლოს ათასნაირი მითქმა-მოთქმა გამოიწვია როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ, ხოლო მრავალმა მიმომხილველმა ამაში კრემლის გაბედული პოლიტიკური მანევრი დაინახა მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პრესაში შეხვდებით გამოხმაურებასაც საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის შესახებ.

როგორც გაზეთი "აირიშ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ამჟამინდელი დაპირისპირება კრემლსა და "იუკოსს" შორის აუცილებლად იქონიებს ზეგავლენას რუსეთის ბაზრებზე და პერსპექტივაში გრძელვადიან პოლიტიკურ დესტაბილიზაციასაც გამოიწვევს ამ ქვეყანაში. გაზეთი წერს:

"ხოდორკოვსკის დაპატიმრებით კრემლმა გააფრთხილა რუსეთის ეგრედ წოდებული ოლიგარქები, რომ ამ ადამიანებს გამიჯვნა მართებთ პოლიტიკისაგან. პრეზიდენტმა პუტინმა მზაკვრული თამაში წამოიწყო დეკემბრის საპარლამენტო და მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პუტინის გუნდი, რომელშიც ყოფილი კაგებეს თანამშრომლები დომინირებენ, იმის მომხრეა, რომ ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება უფრო მეტად დაექვემდებაროს სახელმწიფოს კონტროლს. "იუკოსის" წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია შესაძლოა მეტად ძვირი დაუჯდეს რუსეთის მთავრობას".

გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსის" აზრით, ძნელია თანაგრძნობა გამოუცხადო რუს ოლიგარქებს, ერთი მუჭა შეძლებულ ბიზნესმენებს, რომლებმაც ისარგებლეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში მომხდარი ნაჩქარევი, ქაოტური პრივატიზაციით და შედარებით იაფ ფასად იყიდეს მსხვილი სამრეწველო საწარმოები და მილიარდერები გახდნენ ერთ ღამეში, მაშინ როცა მილიონობით რუსი გაღატაკდა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"თუმცა ოფიციალური ვერსიით კორუფციაში ბრალდებული ხოდორკოვსკის დაპატიმრება სინამდვილეში იმისთვისაა გამიზნული, რომ ვლადიმირ პუტინის პოზიცია განამტკიცოს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ და გააჩუმოს ქვეყანაში დამოუკიდებელი ხმები. უცხოეთის კომპანიები არ დააბანდებენ ფულს უკეთესი რუსეთის ასაშენებლად, თუკი არ იქნებიან დარწმუნებულები, რომ ქვეყანაში კანონი უზენაესობს. ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ რწმენა დაუკარგა ამ მხრივ უცხოელ ინვესტორებს და, უფრო მეტიც, კრემლის ამ ნაბიჯს ანტი-სემიტიზმის ელფერი დაჰკრავს. უმრავლესობა ოლიგარქებისა, კრემლმა რომ შეარჩია სამიზნედ, მათ შორის ხოდორკოვსკი და მას მედიის მაგნატი ბორის ბერეზოვსკიც, ებრაელები არიან."

გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" მიმომხილველს პაველ ფელგენჰაუერს მიაჩნია, რომ მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ და ტერიტორიულმა უთანხმოებამ უკრაინასთან ქერჩის სრუტეში მდებარე კუნძულ ტუზლას გამო, თვალნათლივ დაგვანახა, როგორ გარდაიქმნა პუტინის რუსეთი არგესიულ, ნაციონალისტურ, პოლიციურ სახელმწიფოდ.

საინტერნეტო გამოცემა "იურეიჟა ვიუში" დამოუკიდებელი ჟურნალისტი დაან ვან დერ შრიკი აღშფოთებას გამოთქვამს საქართველოში გამეფებული რელიგიური შეუწყნარებლობის გამო. ბელგიელი ჟურნალისტი წერს:

"საქართველოში ასობით თავდასხმა მოხდა იეღოვას მოწმეებზე, მაჰმადიანებსა და რესპუბლიკაში მცხოვრებ კიდევ ბევრ სხვა, არამართლმადიდებელ ქრისტიანზე. მაგრამ რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმები, მაგალითად მაისში მომხდარი ინციდენტი, როცა მარლმადიდებელმა ქრისტიანებმა რეიდი განახორციელეს იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ, ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა, და საქართველოს ხელისუფლებას არ მიუღია საპასუხო ზომები. ქართველი პოლიტიკოსები ადვილად აგროვებენ ქულებს, როცა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ რელიგიური შემწყნარებლობისა და რელიგიათაშორისი ძმობის შესახებ. მაგრამ, თითქმის შეუძლებელია პოლიცია ან პოლიტიკოსები დარაზმო რესპუბლიკაში მცხოვრებ რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობის წინააღმდეგ გამოდიოდა ყოველთვის. და იგივე ეკლესია დღეს მართლმადიდებლობას აცხადებს საქართველოში ერთადერთ კანონიერ რელიგიად".
XS
SM
MD
LG