Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ბედი ელის ნავთობკომპანია ''იუკოსს''?


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვოლოშინის მოსალოდნელ გადადგომაზე ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩახედული ადამიანები

უკვე თითქმის ერთი კვირაა საუბრობენ. სულ ცოტა ხანი იყო გასული ნავთობკომპანია "იუკოსის" შეფის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებიდან (რაც გასულ შაბათს მოხდა), რომ მთავრობის ხედა ეშელონებიდან გამოჟონა ინფორმაციამ ვოლოშინის განზრახვის შესახებ. პარასკევს კი კრემლმა საზოგადოებას აუწყა, რომ ვოლოშინის განცხადება გადადგომის შესახებ დაკმაყოფილებულ იქნა.

ჯერჯერობით ნათელი არ არის, რა მიზანს ისახავდა ალექსანდრ ვოლოშინი თავისი გადადგომით: მხოლოდ და მხოლოდ პროტესტის გამოხატვა სურდა ხოდორკოვსკის დაპატიმრების გამო თუ იმედი ჰქონდა, რომ გადადგომის განცხადებით კრემლის ხელმძღვანელობას ბოლო მომენტში მაინც შეაცვლევინებდა განზრახვას.

ფაქტი ის არის, რომ ვოლოშინის გადადგომას რუსეთის სააქციო ინდექსის რვაპროცენტიანი დაცემა მოჰყვა. მკვეთრად იკლო თვით "იუკოსისა" და მისი პარტნიორი ნავთობკომპანიის, "სიბნეფტის" აქციათა ფასმაც. ვარდნის ტენდენციას ვერაფერი უშველა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის, ნატალია ვიშნიაკოვას თითქოსდა დამამშვიდებელმა განცხადებამ:

[ნატალია ვიშნიაკოვას ხმა] 3092 "აქციები ბანკ "ტრასტის" ანგარიშებზე რჩება. და დაპატიმრებულია მხოლოდ იმ პირთა აქციები, რომელნიც ეჭვმიტანილი არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. ესენი გახლავთ მიხაილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი. სხვა აქციონერთა აქციები არ დაუპატიმრებიათ."

ვოლოშინის გადადგომას ექსპერტთა უმრავლესობა ოლიგარქების მარცხად მიიჩნევს, ანუ იმ ადამიანებისა, რომლებმაც დიდძალი ფული და ძალაუფლება რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის ბორის ელცინის მეტისმეტად რბილი პოლიტიკის წყალობით იგდეს ხელთ. ოლიგარქების მარცხი კი თავისთავად ნიშნავს ძალოვანთა გამარჯვებას, რომელთა შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის არაერთი ყოფილი თანამშრომელია უშიშროების სამსახურიდან. ეს ის ხალხია, ვისაც ძლიერი სახელმწიფოსი სწამს და სურს, მსხვილი კერძო კომპანიები სახელმწიფოს კონტროლს დაუქვემდებაროს.

რადიო "თავისუფლების" მოსკოველმა კორესპონდენტმა სოფი ლამბროსკინიმ ეკონომიკის ექსპერტს ერიკ ვიგერცს მიმართა კითხვით, რას ნიშნავს "იუკოსის" აქციების დაპატიმრება. ვიგერცის განმარტებით, აქციების დაპატიმრება სულაც არ არის მათი კონფისკაციის ტოლფასი. მაგრამ, ცხადია, არ შეიძლება გაყინული აქციების გაყიდვა, რაც, იმავე ვიგერცის თქმით, უთუოდ შეაფერხებს "იუკოსის" მოლაპარაკებას მსხვილ უცხოელ აქციონერთან.

[ერიკ ვიგეცის ხმა] 3132 "ძირითადი პრაქტიკული შედეგი ის იქნება, რომ, როგორც ჩანს, გადაიდება იმ გეგმის განხორციელება, რომელიც "იუკოსის" აქციათა მოზრდილი პაკეტის "ექსონ მობილისთვის" მიყიდვას ითვალისწინებდა. რადგან გაყინული აქციებით აკრძალულია ნებისმიერი საფინანსო ოპერაციების ჩატარება."

"იუკოსის" პრესმდივანი ალექსანდრ შადრინიც და რუსეთის გენერალური პროკურატურაც აცხადებენ, რომ დაპატიმრებული აქციების პატრონები ხმის უფლებასაც შეინარჩუნებენ და დივიდენდების მიღებასაც განაგრძობენ.

რუსეთის ხელისუფლება ახლა ყველანაირად ცდილობს, უცხოელი ინვესტორები დაამშვიდოს და დაარწმუნოს, რომ ხოდორკოვსკის დაპატიმრება სულაც არ მოასწავებს რუსი მეწარმეების წინააღმდეგ გალაშქრებას. მეტიც: როგორც მოსკოვის ერთ-ერთი საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა იგორ საგირიანმა ბრიტანეთის "ფაინენშლ ტაიმსს" უთხრა, ვლადიმირ პუტინს დიდი იმედი აქვს, რომ "იუკოსი", როგორც კომპანია, არსებობას არ შეწყვეტსო. "იუკოსის" დაშლას პრეზიდენტი კატასტროფად მიიჩნევს და ამბობს, რომ გამოძიებამ არ უნდა დააზარალოს არც უდანაშაულო თანამშრომლები და არც უდანაშაულო ინვესტორებიო, განაცხადა საგირიანმა.

რა ბედი ეწევა ნავთობკომპანია "იუკოსს", მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოსკოვს ერთხმად მოუწოდებენ, გამოძიების მსვლელობაში ზედმიწევნით დაიცვას კანონი და თავი შეიკავოს ბიზნესმენთა "შერჩევითი გასამართლებისგან".
XS
SM
MD
LG