Accessibility links

logo-print

საერთაშორისო დამკვირვებლების მისია საპარლამენტო არჩევნებზე


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ექვსასამდე დამკვირვებელი მიადევნებს თვალს. უცხოელი ექსპერტები ჯერჯერობით თავს იკავებენ პროგნოზებისაგან,

მაგრამ მათი ასეთი უპრეცედენტო თავმოყრა ბევრ ადამიანს აფიქრებინებს საქართველოში, რომ ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, შეძლებს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ და ფიქრობს, რომ მხოლოდ მათ იმედზე ყოფნა ვერაფერს შეცვლის მომავალ არჩევნებზე.


31 ოქტომბერს, ექვს საათზე, დასრულდა დამკვირვებლების რეგისტრაცია საქართველოში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნანა დევდარიანის განცხადებით, ქვეყანაში ორი ათას შვიდასზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული. მათ შორის 1300-ზე მეტი უცხოელია, ხოლო ყველაზე ფართო წარმომადგენლობა, დაახლოებით 400 დამკვირვებლის ოდენობით, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას ეყოლება. ამას გარდა, საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს თვალს მიადევნებენ გაეროს, ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ექსპერტები. საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიების წარმომადგენლებმა პარასკევს საგანგებო შეხვედრა გამართეს სასტუმრო "მარიოტში", მაგრამ პრესისთვის განმარტებები არ გაკეთებულა. ჟურნალისტებისათვის პირველ საჯარო კომენტარებს უცხოელი დამკვირვებლები ორშაბათს, არჩევნების დამთავრების მეორე დღეს, გააკეთებენ. თავის მხრივ, ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ასეთი რაოდენობის დამკვირვებლების გამოგზავნა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს იმედს აძლევს, რომ მათი დასწრება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს:

[ზურაბ ჭიაბერაშივილის ხმა] "საერთაშორისო დამკვირვებლები გადიან ძალიან სერიოზულ მზადებას იმისათვის, რომ დააკვირდნენ არჩევნებს საქართველოს ყველა რეგიონში და ჰქონდეთ სრულფასოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება საარჩევნო უბანზე. ისინი აკვირდებიან არჩევნებს და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი განაცხადი არჩევნების შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი და ისეთი, როგორიც ქართველი ხალხის ინტერესებში შედის."

მაგრამ აზრებაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი დარღვევების დროს საერთაშორისო დამკვირვებლების სტატიკური როლისა და მათი მხრიდან სუსტი პროტესტის გამო, საქართველოში გაჩნდა ეჭვი, რომ დამკვირვებელთა მისიები საქართველოშიც ანალოგიურად მოიქცევიან. საერთაშორისო, კერძოდ, ეუთოს დამკვირვებელთა საქციელის პირველი კრიტიკა კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ დავით ბერძენიშვილს ეკუთვნის. ბერძენიშვილმა უარიც კი განაცხადა ეუთოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე იმ მოტივით, რომ ორი კვირის წინ, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მიტინგის დარბევის დროს, იქ მყოფმა დამკვირვებლებმა არათუ პროტესტი არ გამოთქვეს, არამედ საერთოდ დაიმალნენ. თუმცა დავით ბერძენიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ეს იყო კონკრეტული შემთხვევა, რომლის განზოგადება საერთაშორისო დამკვირვებელთა მთელ კორპუსზე მართებულად არ მიაჩნია.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ისინი, გასაგებია, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში შეშინდნენ და გაიქცნენ. აქაური ეუთოს მხრიდან რა იქნება, ეს არის ჩემთვის მთავარი."
[კობა ლიკლიკაძის ხმა] "ესე იგი, ეს ფაქტი ინდიკატორად არ გამოდგება?"
[დავით ბერძენიშვილის ხმა] "არ გამოდგება, რა თქმა უნდა. მე აქაური ეუთოს ხელმძღვანელს უარი ვუთხარი შეხვედრაზე, რადგან აზერბაიჯანის შემდეგ მე მათ მიმართ ეჭვით ვარ განწყობილი."( სტილი დაცულია)

სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის, კერძოდ, სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე კი ეჭვობს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეძლონ, წინ აღუდგნენ გაყალბებას 2 ნოემბრის არჩევნების დროს. პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მხოლოდ დარღვევების დაფიქსირება, რაც დამკვირვებელთა მთავარი ფუნქციაა, ვერ შეცვლის სიტუაციას, თუ თავიანთ ხმებს თავად ამომრჩევლები და პარტიები არ დაიცავენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი მიიჩნევს, რომ 2 ნოემბერს ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას შეეცდება და მთელ საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG