Accessibility links

logo-print

არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თეორიული შანსები


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, თეორიულად, გაცილებით დაძაბული იქნება, ვიდრე ყველა მისი წინამორბედი. ამის თქმის მრავალი საბაბი არსებობს - მათ შორის უპირველესია თითქმის

თანაბარი ძალის მქონე და საარჩევნო ტექნოლოგიებში კარგად გარკვეული საარჩევნო სუბიექტების სიმრავლე. შესაბამისად, რადგან უშეღავათო კონკურენციის ყველა ნიშანი უკვე თვალსაჩინოა, დიდია ზოგიერთ ოლქში არჩევნების მეორე ტურისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის ალბათობა. რა ძირითადი ფაქტორები შეიძლება გახდეს მეორე ტურისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის საბაბი? ამ კითხვაზე სტანდარტულ პასუხს საარჩევნო კანონმდებლობა იძლევა. რა შეიძლება მოხდეს პრაქტიკულად და მივა თუ არა ამომრჩეველი უბანში ხმის ხელახლა მისაცემად?

ანალიტიკური ჯგუფის, "ჯეოტერას", მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ოპოზიციის გაერთიანებული ენერგეტიკული რესურსი საგრძნობლად აღემატება პოზიციის რესურსს. ამის მიუხედავად, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამარჯვების პოტენციურ კანდიდატებს, როგორც წესი, ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე, სამთავრობო ბლოკის კანდიდატები გაუწევენ ყველაზე სერიოზულ კონკურენციას. ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურის დანიშვნის ყველაზე დიდი ალბათობა თბილისის საარჩევნო ოლქებშია მოსალოდნელი. ასეთი ოლქები კი, "ჯეოტერას" ხელმძღვანელის ვაკა გორგილაძის აზრით, არც ისე ცოტა იქნება:

[ვაკა გორგილაძის ხმა] "მე ვვარაუდობ, - უკეთ, ჩვენ ვვარაუდობთ, - რომ თბილისში მეორე ტური, ალბათ, მოსალოდნელი იქნება მთაწმინდის რაიონში. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული დაძაბულობა, ამ მხრივ, შეიძლება იყოს საბურთალოს საარჩევნო ოლქში, გართულდება სიტუაცია ისანში. ვფიქრობ, რომ ასევე სამგორში შესაძლო იქნება, რომ ჩატარდეს მეორე ტური. გლდანში, რა თქმა უნდა. გლდანი საკმაოდ კონკურენტუნარიანი ოლქია. ჩუღურეთშიც ვვარაუდობ. "

თბილისის გარდა, საზოგადოების ინტერესი მიმართულია ბოლნისისკენ, სადაც, ვაკა გორგილაძის აზრით, ხელისუფლება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის გამარჯვების პრეცედენტს არ დაუშვებს. შესაბამისად, მეორე ტური ბოლნისში გამორიცხულია. რაც შეეხება არჩევნების ჩაშლას, ამგვარს სოციოლოგები, სულ მცირე, 4-5 ოლქში ვარაუდობენ. არჩევნების ჩაშლის ძირითადი მიზეზი საარჩევნო დარღვევები შეიძლება გახდეს.
რამდენად მართვადი იქნება არჩევნების შემდგომი პროცესები იმ შემთხვევაში, თუ დარღვევებმა მასობრივი ხასიათი მიიღო, არჩევნები რამდენიმე ოლქში ჩაშლილად გამოცხადდა და ხელახალ არჩევნებში ელექტორატის მისაზიდად აგიტაცია განახლდა? ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურის დანიშვნის ალბათობაც. როგორც ფსიქოლოგი მალხაზ ფიროსმანიშვილი ამბობს, ხალხი პასიურია, მას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ შეთანხმებებსა და გარიგებებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და ვითარების შესაბამისად მოიქცევა. არჩევანის უფლება სუბიექტური უფლებაა და ამომრჩეველი ამ უფლებით მაინც სარგებლობს.

[მალხაზ ფიროსმანიშვილის ხმა] "მეორე ტურში, გააჩნია, როგორ განვითარდება დესტაბილიზაცია და რა სახეს მიიღებს. თუ ყველაფერი იქნა, არსებითად, სტაბილურად, მაშინ, ჩემი აზრით, დაახლოებით პირველ ტურში მისული ამომრჩევლის 70 პორცენტი მაინც მივა. მივა, რადგან ბევრს ესმის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და რაღაც უნდა შეიცვალოს."(სტილი დაცულია)

ამომრჩევლის აქტიურობას, როგორც წესი, შიში და ნიჰილიზმი ზღუდავს. 2 ნოემბრის არჩევნები, შესაძლო დამატებითი ტურებით, იმის ბარომეტრიც იქნება, რა ვითარებაა ქვეყანაში ამ მიმართულებით.
XS
SM
MD
LG