Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისობა და საპარლამენტო არჩევნები


თბილისის მთავრობამ, დედაქალაქის მერის ვანო ზოდელავას ინიციატივით, თბილისობის დღეები საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს დაამთხვია. ამისთვის დიდი წინააღმდეგობა არც თბილისის

ოპოზიციურად განწყობილ საკრებულოს გაუწევია. უამრავი ობიექტის გახსნისა თუ გრანდიოზული კონცერტის გამართვის გარდა, თბილისის ყველა რაიონში ტრადიციული ბაზრობები მოეწყო. ხელისუფლება მოსახლეობას თბილისობის ბაზრობებზე 20-25%-იან ფასდაკლებას დაჰპირდა. მოახდენს თუ არა რამენაირ გავლენას ეს დაპირება და, საერთოდ, თბილისობის დღეები ამომრჩეველთა განწყობაზე?

[ბაზრობის ხმა და მუსიკა]

[მოქალაქეთა ხმა] "- ქალბატონო, უკაცრავად, რადიო "თავისუფლებიდან" ვარ. როგორ შეატყვეთ, ფასებმა დაიკლო თუ მოიმატა? - არა ფასები ძალიან დიდია, შვილო. შარშან ყველი იყო 3,5, ახლა არის 5 ლარი. თაფლიც ასევე იყო. ძალიან ძვირია... ბაზარში უფრო იაფია. ეხლა, რახან მოსული ვარ, მეზარება იქ გავლა, თორემ იქ უფრო იაფად ვიყიდი, ვიდრე აქ...

მე მგონია, ბაზარში იყიდეს და აქ მოიტანეს, ისეთი ფასებია. არადა, ქალაქის მერი დაგვპირდა, რომ იქნებოდა პენსიები გაცემული, იქნებოდა იაფად ცოტა, შედარებით, მაგრამ რომ დაგვპირდნენ, იმასთან შედარებით, უფრო მაღალი ფასებია."(სტილი დაცულია)

ასეთ აზრს გამოთქვამდა თბილისობის ბაზრობაზე მისულ თბილისელთა მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ მყიდველები ფასებით იყვნენ უკმაყოფილო, გამყიდველები მყიდველთა მცირე რაოდენობის გამო გამოთქვამდნენ გულისწყრომას.

[ბაზრობის მონაწილეთა ხმა] "არც ფასებია კარგი და არც მყიდველია საკმარისი.

ძალიან ცუდი ბაზარია, ძალიან ცუდი ვაჭრობაა - მყიდველი არ არის, არც გამყიდველი. ფული არ აქვს ხალხს და..."

თბილისობის ბაზრობაზე ყველაზე დაბალ ფასებს დედაქალაქის ამომრჩევლებს მოძრაობა "კმარა" ჰპირდებოდა. "კმარას" აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე გამართულ ბაზრობაზე მოძრაობის პლაკატებისა და სხვა სააგიტაციო პროდუქციის უფასოდ დარიგებას აპირებენ, ოღონდ მხოლოდ 1 ნოემბერს. ხელისუფლების მოწინააღმდეგე "კმარას" წევრები ბაზრობაზე ახალ ნაწარმსაც გამოიტანენ. ესაა, მარქსის, ენგელსისა და ლენინის სურათის ანალოგიურად, შევარდნაძე, ჯორბენაძე და რჩეულიშვილი იქნებიან გამოსახული.

მე რაიონებიდან ჩამოსულ თბილისობის მონაწილეებს ისიც ვკითხე, შეძლებენ თუ არა ისინი 1 ნოემბერს, ბაზრობის დამთავრების შემდეგ, შინ დაბრუნებას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. თითქმის ყველამ განაცხადა, რომ 1 ნოემბრის საღამოს დატოვებენ თბილისს და 2 ნოემბერს საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს აღასრულებენ.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა ეს პოლიტიზირებული წინასაარჩევნო აქცია, "თბილისობა", ამომრჩეველთა არჩევანზე, ბაზრობაზე მყოფმა თბილისელებმა ასეთი პასუხი გამცეს:

[მოქალაქის ხმა] "არჩევანზე ვერ იმოქმედებს. პირიქით, ეს ძალიან კარგი გაკეთდა. ხალხი უფრო ემოციებით მივა არჩევნებზე და თავის არჩევანს აირჩევს. აბა ვინ გადამაწყვეტინებს იმას, რაც მე არ მინდა ის გავაკეთო."(სტილი დაცულია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG