Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინათ მოსკოვში დააპატიმრეს რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოსის" მფლობელი მიხაილ ხოდორკოვსკი

მსოფლიო პრესის ყურადღება რუსეთში მიმდინარე მოვლენებისკენაა მიმართული და მრავალი მიმომხილველი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ქვეყანაში, ახლო მომავალში, ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრებას. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის, ლეონ არონის აზრით, ხოდორკოვსკის დაპატიმრება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ კრემლისთვის დაუშვებელია თავისუფალი აზრი. სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა, ლეონ არონი წერს:

"იმ ქაოსური, მასობრივი პრივატიზაციის დროს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომ მოხდა რუსეთში, არც ერთი მსხვილი ბიზნესი არ ყოფილა "სუფთა". ხოლო "იუკოსი", სხვა კომპანიებთან შედარებით, თავისი საქმიანობით ყველაზე მეტად მიუახლოვდა დასავლურ სტანდარტებს. ამდენად, 90-იან წლებში დაშვებული შეცდომებისთვის "იუკოსის" გამოყვანა განტევების ვაცად უაზრო და მიკერძოებულად გადადგმული ნაბიჯია".

"სტალინის დროინდელ დიქტატურას ხომ არ უბრუნდება რუსეთი?" - სვამს შეკითხვას გაზეთ "ტაიმსის" მიმომხილველი ანატოლ კალეცკი და პასუხის გაცემას თავადვე ცდილობს:

"რუსეთი უბრუნდება ავტორიტარულ მმართველობას, როცა პრეზიდენტი შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობს და თავის გუნდთან ერთად მკაცრ კონტროლს უწევს ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობას. უკანასკნელი მოვლენები იმის მომასწავებელია, რომ რუსეთი ზურგს შეაქცევს დემოკრატიის დასამკვიდრებლად მიხაილ გორბაჩოვის მიერ დაწყებულ ექსპერიმენტს."

გაზეთ "ფიგაროს" მიმომხილველი პეტრიკ დე სანტ-ეგზიუპერი პრეზიდენტ პუტინის ეგრედ წოდებულ "კანონის დიქტატურაზე" აკეთებს აქცენტს და, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებასთან დაკავშირებით მოჰყავს რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი იმის შესახებ, რომ კანონის წინაშე თანაბარი უნდა იყოს ყველა, იმის მიუხედავად, თუ რამდენი მილიარდი აქვს ბანკშიო. ფრანგი ჟურნალისტი დასძენს:

"ასეთ განცხადებას ბევრი დაეთანხმებოდა, რეალობას რომ არ იყოს მოკლებული მისი არსი. ყოველდღიური ცხოვრება რუსეთში, როცა რაღაცის გაკეთება გსურთ, ქრთამების მიცემასთანაა დაკავშირებული. მრავალი კომპანია ნაღდი ფულით უხდის თანამშრომლებს ხელფასს, და ამ თანხიდან სრულიად უმნიშვნელო ნაწილი თუ ფიგურირებს დეკლარაციაში. ხოლო კანონი ყველასთვის როდია ერთნაირი. ვერც ერთი კომპანია ვერ იარსებებს რუსეთში, თუკი გასამრჯელოს არ გადაუხდის ეგრედ წოდებულ "სახურავს", ანუ რეკეტისგან დამცველს, რომელმაც კომპანიის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. და ამგვარი "სახურავების" სისტემა არსებობას განაპირობებს არა კანონების უკმარისობა, არამედ საჭიროზე გაცილებით მეტი და ზედმეტი კანონები."

შვეციის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდტის აზრით, დღეს რუსეთში არც კანონი კანონობს და არც საჯაროობის პრინციპია დაცული, ხოლო ნაავთობკომპანია "იუკოსის" პრეზიდენტის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული უდევს. სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ფაინენშალ ტაიმსმა" გამოაქვეყნა კარლ ბილდტი წერს:

"იმ მიზნით, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში მოეპოვებინა გამარჯვება, ვლადიმირ პუტინმა პოპულისტური კამპანია გააჩაღა ჩეჩნეთის საკითხზე, და კიდევაც მიაღწია საწადელს. და ალბათ იგივე მიზანს ემსახურება დღეს კრემლის მითითებით მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებაც. თუმცა, ყოველივე ეს, შესაძლოა, მეტად ძვირი დაუჯდეს რუსეთს შორეულ პერსპექტივაში".
XS
SM
MD
LG