Accessibility links

logo-print

რას უნდა ელოდეს ამომრჩეველი 2 ნოემბრისაგან?


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა თავის საარჩევნო უბნებში თავის მოქალაქეობრივ ვალს იხდის და ხმას აძლევს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასა თუ კანდიდატს, ამით იგი ავტომატურად ხმას

უნდა აძლევდეს თავის მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასაც. ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ელექტორატი თავის არჩევანს სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის მიხედვით აკეთებს, ანუ ამომრჩეველი ხმას აძლევს საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გარკვეულ საპროგნოზო მოდელს დროის უახლოეს პერიოდში.

თავის მხრივ, არჩევანის უფლება დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპია და საბაზრო ეკონომიკაც სწორედ ამ პრინციპის პრიმატის აღიარებით არის საბაზრო. ამიტომაც ისჯება ბაზარზე არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა სპეციალური კანონმდებლობით. საბაზრო ეკონომიკისაგან განსხვავებით, პოლიტიკაში ანტიმონოპოლიური კანონი არ მოქმედებს. თუმცა ქართულ რეალობაში მაინცდამაინც არც სხვა კანონების მიმართ აქვთ პოლიტიკოსებს რაიმენაირი პატივისცემის გრძნობა.

განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ქართველ ამომრჩეველს პარტიების ეკონომიკური პროგრამების მიმართ შეუძლებელია რაიმე ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნდეს. პარტიათა ნაწილს ამგვარი პროგრამა ან საერთოდ არ აქვთ, ან იმდენად გაურკვეველია, რომ ძნელია მასში მომავლის რეალური კონტურები დაინახო. ხოლო იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც თავიანთი ეკონომიკური კონცეფციების პომპეზურ პრეზენტაციებს ატარებენ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს თავიანთ პროგრამებს ერთმანეთისაგან იწერენ, ან რომელიმე ვირტუალური ქვეყნისათვის ქმნიან, რომელიც სრულიად არ ჰგავს იმ სახელმწიფოს, სადაც ამჟამად ისინი მოღვაწეობენ. ანუ ქართველი ამომრჩეველი ამ შემთხვევაში თავის სიმპათიას ამა თუ იმ ძალის მიმართ, როგორც წესი, ეკონომიკური კონცეფციის მიხედვით ვერ ამჟღავნებს.

ასევე, ცალკეული გამონაკლისების გარდა, მეტისმეტად პირობითი ხდება პარტიების მიკუთვნება მემარჯვენე ან მემარცხენე იდეოლოგიისათვის. იმავე დეკლარირებულად მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიათა ეკონომიკურ პროგრამებში იმდენი "მარცხენა" იდეის აფიშირება ხდება, რომ ნორმალურ ქვეყანაში ამ ძალებს თავიანთი მემარჯვენეობის მტკიცება უნდა გაუჭირდეთ. ასევე გაუგებარია იმ სოციალური პოპულიზმის ეკონომიკური საფუძველი, რომლითაც თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა მეტ-ნაკლები დოზით სცოდავს. თუ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გადსახადების ნახევარს გააუქმებს, საერთოდ გაათავისუფლებს მცირე და საშუალო ბიზნესს ფისკალური წნეხისაგან, გაუგებარია, რის ხარჯზე აპირებს ხელფასების გაათმაგებას, ღირსეული პენსიის დანიშვნას და სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდას. თუმცა ამ შემთხვევაში ამ პარტიებისათვის მთავარია წინასაარჩევნოდ მაცდუნებელი ლოზუნგებით ელექტორატის გულის მოგება და შემდეგ, ალბათ, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება იმას, თუ ოდესღაც ვიღაცას რაიმეს შეპირდი. ამ შემთხვევაში, სოციალური პოპულიზმით ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრად სცოდავს.

მაინც რას უნდა ელოდეს საქართველოს მოსახლეობა ამ არჩევნებისაგან და რამდენად უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ეკონომიკური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება?

ექსპერტები პოსტარჩევნების პერიოდის შეფასებისას მეტისმეტად ფრთხილნი არიან, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან მომავალი საკანონმდებლო ხელისუფლების ქმედებაუნარიანობის განსაზღვრა ამ ეტაპზე, ბუნებრივია, რთულია. ასევე რთულია იმის პროგნოზირება, რამდენად თანმიმდევრულნი იქნებიან პოლიტიკოსები იმ წინასაარჩევნო პროგრამებისა და დაპირებების რეალიზებისას, რის უხვად დარიგებასაც ისინი ამ ეტაპზე ნამდვილად არ ერიდებიან. მაგრამ, როგორც წესი, პარლამენტის თბილ სავარძლებში მოკალათებული "ხალხის რჩეულნი" ხშირად მეტისმეტად გულმავიწყები ხდებიან.

შეძლებს ახლად არჩეული პარლამენტი დაარღვიოს მავნე ტრადიცია და, ბოლოს და ბოლოს, მიიღოს ისეთი ბიუჯეტი, რომელიც შესრულებადი იქნება და რომელიც რეალურ ციფრებს დაეფუძნება, თუ გაგრძელდება გაბერილი ბიუჯეტის, დაურიგებელი პენსიებისა და შემწეობების და, როგორც შედეგი, პერმანენტული სეკვესტრის პრაქტიკა?

მოახერხებს ახალი საკანონმდებლო ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, ჩამოაყალიბოს იმგვარი ფისკალური გარემო, სადაც გადამხდელისათვის საგადასახადო ტვირთი არ იქნება მძიმე, ხოლო გადასახადის ამკრეფს შეუმცირდება "მარცხენა გარიგების" შესაძლებლობა, თუ საგადასახადო კოდექსს ისევ საკუთარ ბიზნესინტერესს მოარგებენ და, ფისკალური ოაზისების სახით, ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, მოგვპარავენ იმ სოციალურ სიკეთეს, რის რეალიზაციაზეც მოწოდებული უნდა იყოს სახელმწიფო?

მოახერხებს პარლამენტი ანტიკორუფციული საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ სენთან რეალური ბრძოლისკენ იქნება მოწოდებული, თუ ისევ ათასგვარი კომისიების თუ თათბირების მეშვეობით შექმნიან ანტიკორუფციული "საღვთო ომის" იმიტაციას, რეალურად კი, საკუთარი კეთილდღეობისა და სხვადასხვა ხრიკებით მოპოვებული ქონების დაცვის სურვილით, დეპუტატის მაგიურ იმუნიტეტს ამოეფარებიან ?

შეასრულებს საკანონმდებლო ხელისუფლება თავის უშუალო მოვალეობას და, პოლიტიკური ინტრიგების ხლართვის ნაცვლად, კანონშემოქმედებითი საქმიანობით დაკავდება, თუ კიდევ 4 წლით გაგრძელდება მორიგი საპარლამენტო "შოუების" ჩამოყალიბებული პრაქტიკა?

ეს არის იმ კითხვების ნაწილი, რომელსაც პასუხი 2 ნოემბრის შემდეგ უნდა გაეცეს. თუ ცნობილ წინასაარჩევნო კლიპს დავესესხებით, 2 ნოემბერი არის, მართლაც, ის დღე, როდესაც ჩვენ, ამომრჩეველნი, ვართ ხელისუფლება და უნდა ვეცადოთ, რომ არჩევანის თავისუფლება სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
XS
SM
MD
LG