Accessibility links

ეგრეთ წოდებული "რამადანის იერიშის" გაგრძელება აშშ-ის მთავრობას თავსატეხს უჩენს


ერაყის წინააღმდეგობის მოძრაობამ დაიწყო ეგრეთ წოდებული "რამადანის იერიში". მაჰმადიანური წმინდა თვის პირველსავე დღეს, ორშაბათს, 4 თავდასხმის დროს, რომლებიც თვითმკვლელებმა ლამის ერთდროულად,

45 წუთში, მოაწყვეს, 40 ადამიანი იქნა მოკლული. როგორია ამ და სხვა თავდასხმების ხასიათი, ვინ შეიძლება იდგეს მათ უკან, რას ფიქრობენ ანალიტიკოსები, რა უნდა დაუპირისპიროს მათ ამერიკამ?
გასულ პერიოდში ამერიკის პრეზიდენტმა და არმიის მეთაურებმა არაერთხელ განუცხადეს ხალხს, რომ მეამბოხეებთან ბრძოლა ერაყში დამატებით ძალებს არ საჭიროებს. ეს თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ბუშმა გასულ სამშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ ერაყელთა ამგვარი თავდასხმები მათი სასოწარკვეთის ნიშანია და რეაქციაა კოალიციის ჯარის წარმატებაზე. აშშ-ის არმიის მონაცემებით, საშუალოდ, ყოველდღიურად 33 თავდასხმა ეწყობა, ივლისში კი ეს რიცხვი 12-ს უდრიდა. ჯორჯ ბუშმა ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დააკისრა ორ მთავარ ჯგუფს - სადამ ჰუსეინის ბაათის პარტიის წარმომადგენლებს და უცხოელ მებრძოლებს, არაბული და მაჰმადიანური ქვეყნიდან გამოსულთ, რომელთაც არ უჭირთ არც მცირე იარაღის მოპოვება და არც, თუნდაც, სარაკეტო ტექნიკისა. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა სამხედრო დაზვერვის ექსპერტს, აშშ-ის არმიის გადამდგარ პოლკოვნიკს კენეტ ალარდს, რომელსაც ამ მოძრაობაში უცხოელთა ფართო მონაწილეობა საეჭვოდ მიაჩნია. ალარდის აზრით, იმ თავდასხმების უკან, რომლებიც სარაკეტო იარაღით ხდება, უფრო სავარაუდოა, ერაყის ყოფილი მთავრობის სამხედრო წარმომადგენლები იდგნენ. ამგვარ თავდასხმათა რიცხვს მიეკუთვნება ბაღდადში ალ-რაშიდის სასტუმროსთვის სარაკეტო ცეცხლის დაშენა მაშინ, როცა იქ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე პოლ ვულფოვიცი იმყოფებოდა. თვით ვულფოვიცს ვერაფერი დაუშავეს, მაგრამ მოკლეს აშშ-ის არმიის პოლკოვნიკი, სხვა თვრამეტი ადამიანი დაშავდა. ალარდის თანახმად, არანაკლებ გამანადგურებელი შეიძლება იყოს ნაკლებად თანამედროვე იარაღის - მაგალითად, ასაფეთქებელი მოწყობილობის - გამოყენება. გადამდგარი პოლკოვნიკი ამბობს, რომ ერაყელები, ჩანს, ამერიკელთა წინააღმდეგ ყველანაირ იარაღს გამოიყენებენ:
[ალარდის ხმა] "მეამბოხეთა თვალსაზრისით, საჭიროა ტერორის იარაღის კომბინაცია, ყველანაირი იარაღი. ჩემი აზრით, მათ შეიმუშავეს ახალი და თანამედროვე სტრატეგია, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები, ჯერ ერთი, ჩანს, ვერ ჩახვდნენ და, მეორეც, რომელსაც მაშინ აპირებენ დაუპირისპირდნენ, როცა საჭიროდ მიიჩნევენ."
ალარდი ფიქრობს, რომ ერაყის მეამბოხეთა მეთაურები უცხოელებს, რომლებიც იქ რელიგიური და იდეოლოგიური მოსაზრებით ჩადიან, თვითმკვლელობის აქტებისთვის იყენებენ. საკუთარი გამოცდილებით, ალარდი ხედავს, რომ თავდასხმების გახშირებას მხოლოდ მოწინააღმდეგისთვის იარაღისკენ გზის გადაკეტვა შეაჩერებს. ალარდი ამბობს, რომ, თუმცა ვაშინგტონში ამას არ აღიარებენ, ჯარის რაოდენობის გაზრდა კარგი იქნებოდა.
შეიძლება მეტმა ჯარმა საქმეს უშველოს, მაგრამ ამით არ შეიძლება ამოიწუროს ვაშინგტონის რეაქცია ერაყის პრობლემაზე, - მიაჩნია პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის ყოფილ ანალიტიკოსს ენტონი კორდსმენს, რომელიც ახლა ვაშინგტონში, სტრატეგიისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრში, გლობალურ სტრატეგიას იკვლევს. მისი თქმით, აშშ-ის უდიდესი პრობლემებია: სუსტი დაზვერვა, ენის უცოდინრობა, რეგიონის მცოდნეთა სიმცირე. ამ ესქპერტის თანახმად, ერაყში სხვადასხვა ძალა მოქმედებს, რომელთაც თავ-თავიანთი მოტივები აქვთ, თავ-თავიანთი მეთოდები, მაგრამ მიზანი ერთია - აშშ-ის გაძევება.
პირველი ნაწილის დასასრული.

გაგრძელება 1 ნოემბერს.
XS
SM
MD
LG