Accessibility links

logo-print

გადაიდება თუ არა არჩევნები რუსთავში


სხვა საარჩევნო ოლქებისგან განსხვავებით, ისევე როგორც გასულ არჩევნებზე, კვლავ დაძაბული ვითარებაა რუსთავში. ამ საარჩევნო ოლქში დღემდე ვერ მოხერხდა ამომრჩეველთა ისეთი სიების შედგენა,

რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს მეტ-ნაკლებად მაინც დააკმაყოფილებდა. 31 ოქტომბერს გვიან ღამით რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რუსთავში არჩევნების გადადება მოითხოვეს. არჩევნების გადადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც დაეთანხმა.

რუსთავში საპარლამენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გადადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნანა დევდარიანის პოზიცია 31 ოქტომბერს ასეთი იყო:

[ნანა დევდარიანის ხმა] "გადაწყვეტილება უნდა დადგეს ახლა, მოსაზრება ნამდვილად მაქვს ასეთი, რომ ასეთ პირობებში და, აი, ასეთი მომზადებით ძალიან რთული იქნება გადადების გარეშე."(სტილი დაცულია)

თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელფეხშეკრულია, რადგან ამა თუ იმ ოლქსა თუ უბანში არჩევნების გადადების შესახებ დადგენილების მიღების ბოლო ვადა 2 დღის წინ ამოიწურა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს. მაგრამ რუსთავის შემთხვევაში ყველა ვადა დარღვეულია და, შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიათა მოთხოვნებს, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიციაც არ ემთხვევა.

[შევარდნაძის ხმა] "არა მგონია, რომ თანახმა ვიყო, თუმცა დღეს ვნახავ და გავერკვევით. არ უნდა გადაიდოს, წესით."

ისეთი მაინც რა მდგომარეობაა შექმნილი რუსთავის საარჩევნო ოლქში, რომ არჩევნების გადადებას საჭიროებს? ოპოზიციურ პარტიათა განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მისმა მხარდამჭერმა კომისიის წევრებმა ამომრჩეველთა სიებიდან 40 ათასამდე ამომრჩეველი ამოიღეს და 70 ათასამდე შემცირებული სია საუბნო საარჩევნო კომისიებს მიღება-ჩაბარების აქტების გარეშე დაურიგეს. საწინააღმდეგოს აცხადებს საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ედიშერაშვილი.

[ალექსანდრე ედიშერაშვილის ხმა] " ეს იყო ჟვანია-სააკაშვილის გუნდების რეზერვი, რომლითაც წლების მანძილზე წარმატებით ამთავრებდნენ არჩევნებს. ამჟამად 70 ათასია. საოლქომ გამოაქვეყნა, გადასცა უბნებს. მე როგორც ვიცი, ჩვენი კომისიის წევრებისგან უბნებზე სიები გადაცემული და დამტკიცებულია მიღება-ჩაბარების აქტებით და ყველაფრით."

ამის გამო, რუსთავის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მამუკა მუმლაძის განცხადებით, მასზე და კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომისიის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მაჟორიტარობის კანდიდატმა "ბურჯანაძე-დემოკრატების" რიგებიდან, ყოფილმა პოლიციელმა სოსო ალავიძემ. თავად ალავიძე სიების გამყალბებლის დასჯას მოითხოვს.

ჩვენი რუსთაველი კორესპონდენტის დავით მჭედლიძის ინფორმაციით, 1 ნოემბერს სიებით უკმაყოფილო ნაციონალურმა მოძრაობამ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილმა, ბიულეტენების გაცემის პროცესის შესაჩერებლად, საოლქო საარჩევნო კომისიის ბლოკირება მოაწყვეს. შენობაში შესვლა პოლიციამაც კი ვერ შეძლო.

[ხმაური 15 წმ]

მოპიკეტეები ბულეტენების საუბნო კომისიებისთვის განაწილების წინააღმდეგ იმიტომ გამოდიოდნენ, რომ არასწორად მიაჩნიათ დაუზუსტებელი სიების მიხედვით ბიულეტენების დარიგება.

ვითარების ადგილზე გასარკვევად რუსთავში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი ჩავიდა. დევდარიანის გამოჩენისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის პიკეტირება შეწყდა და კომისიის დახურული სხდომა გაიმართა. მის მუშაობაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც იღებდნენ მონაწილეობას.

მართალია, საოლქო კომისიის შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილენი არ დაშლილან, მაგრამ პოლიციამ ბლოკადის მოხსნით ისარგებლა, დერეფანი გააკეთა და გაძლიერებული დაცვის ქვეშ მაინც დაიწყო საუბნო კომისიებისთვის ბიულეტენების გაცემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსთავში არჩევნები მაინც ჩატარდება. იგივე დაადასტურა დახურულ კარს მიღმა გამართული სხდომიდან გამოსულმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა. მან თქვა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გადადების არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გააჩნია.

თუ როგორ ჩაივლის რუსთავში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, ეს სულ მალე, რამდენიმე საათში, გახდება ცნობილი. როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს რუსთავში სერიოზული დესტაბილიზაცია მზადდება.
XS
SM
MD
LG