Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სჯერა, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მიუხედავად არჩევნების შედეგების გაყალბების თაობაზე არსებული სკეფსისისა, რომელიც, მეტ-ნაკლებად, საქართველოს ყოველ ამომრჩეველს აწუხებს, სოციოლოგიური გამოკითხვები ამომრჩევლის არნახულ აქტიურობაზე მეტყველებს.

რამდენიმე საათში დადგინდება, რამდენად საფუძვლიანია პესიმისტთა ვარაუდი, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცდება. მე შევეცადე დამედგინა, ვის სჯერა, რომ საქართველოში ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია.

საქართველოს მოსახლეობის პესიმისტებად და ოპტიმისტებად დაყოფას სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს. სხვადასხვა გამოკითხვით, რესპონდენტთა მხოლოდ 20-25 პროცენტს სჯერა, რომ საქართველოში შესაძლებელია ღია, დემოკრატიული და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარება.
რაც არანაკლებ საინტერესოა, საქართველოს დემოკრატიული პოტენციალის სჯერათ უფრო დასავლეთში, სადაც მათი რიცხვი, ვინც დარწმუნებულია 2 ნოემბრის არჩევნების ღიაობაში, საკმაოდ დიდია. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტს თავის რწმენას უზიარებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც, რომლის წერილში ნათქვამია: "ჩვენ გვჯერა თქვენი, თქვენი პოლიტიკური მოკავშირეების და საქართველოს ხალხის უნარისა, ჩაატარონ ეს არჩევნები თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან და გამჭვირვალე ვითარებაში. საქართველოს მრავალი მეგობარი შეერთებულ შტატებსა და მთელ ტრანსატლანტიკურ თნამეგობრობაში გულთბილად მიესალმება იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, თქვენი ხელმძღვანელობით, და ოპოზიციურმა პარტიებმა ყოფილ სახელმწიფო მდივან ბეიკერთან 5 ივლისს გამართული შეხვედრის დროს იკისრეს."
მაშ ასე, როგორ გამოიყურება პარტიების სასტარტო მდგომარეობა. 2 ნოემბრის არჩევნებში 9 პოლიტიკური ბლოკი და 12 პარტია შეეცდება 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას. სულ, პარტიული სიებით, 3 222 კანდიდატი იბრძოლებს 138 მანდატისთვის; მაჟორიტარებისთვის განკუთვნილი 85 მანდატისთვის ბრძოლაში კი 474 კანდიდატი ჩაებმება.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს 2 მილიონ 700 ათას ამომრჩეველს. საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია 75 საარჩევნო ოლქი და 2 811 საარჩევნო უბანი.
2 ნოემბრის არჩევნები მეთვალყურეთა რაოდენობითაც გამორჩეულია - მხოლოდ დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიის ხაზით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე აკრედიტებულია 43 ქვეყნის 463 დამკვირვებელი. დამკვირვებლები საქართველოში ასევე მოავლინეს: ეუთომ, ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა, გაერომ, დსთ-მ და ა.შ. და ა.შ.
ვინაიდან საარჩევნო კოდექსი ამ დროისთვის კრძალავს საარჩევნო აგიტაციას, რადიო "თავისუფლებაში" კი კანონმორჩილი მოქალაქეები ვმუშაობთ, მხოლოდ ერთ მოწოდებას დავჯერდები: ყველანი არჩევნებზე!
XS
SM
MD
LG