Accessibility links

logo-print

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზით პოლს "ნიკკოლო-მ" ჯგუფი და მისი პარტნიორი კომპანიაც განახორციელებს


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა გამოკითხვას, "ნიკკოლო-მ " ჯგუფის სახელით, "სოციოლოგიური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი" განახორციელებს.

"სორას" სახელით ცნობილი ეს ინსტიტუტი 1996 წელს ავსტრიაში დაარსდა. იგი არის საზოგადოებრივი კვლევის ავსტრიის ასოციაციისა და პოლიტიკური კონსულტანტების ევროპის ასოციაციის წევრი. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში "სორა" ეგზით პოლის ჩატარებას 205 საარჩევნო უბანში გეგმავს. ამომრჩევლის აქტივობის შესაბამისად, წინასწარი გათვლებით, საშუალოდ, 25 000 ამომრჩეველი უნდა გამოიკითხოს.

როგორც ჩვენი მსმენელისთვისაა ცნობილი, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ეგზით პოლის ჩატარების განაცხადი აქამდე ორმა ორგანიზაციამ გააკეთა. ესენია - ამერიკული კვლევითი კომპანია "გლობალ სტრატეჯი გრუპი" და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სანდი არჩევანი". ასეთ ფონზე გასაგებია, რატომ ითვლება "სორას" და "ნიკოლო-მ"-ის ერთობლივი პროექტი ალტერნატიულად. ანუ, როგორც "ნიკკოლო-მ"-ის ხელმძღვანელი გია ღამბაშიძე განმარტავს, სავსებით მოსალოდნელია, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ ჩატარებული ეგზით პოლების შედეგები საგრძნობლად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.

[გია ღამბაშიძის ხმა] "რა თქმა უნდა, განსხვავებებს იძლევა, იმიტომ რომ ტექნოლოგიები, ყველა კომპანია თავისი ტექნოლოგიით ახორციელებს იმავე მრავალსაფეხურიანი შერჩევის გამო. ბევრი დეტალებია, მე არ მინდა ეხლა ჩამოვთვალო დეტალები. ტექნოლოგიურად ყველას აქვს თავისი ფორმა, თავისი პროგრამები, რის მიხედვითაც ფაქტიურად კეთდება ეს ეგზით პოლი."(სტილი დაცულია)

[გუნთერ ოგრისის ხმა] "ჩვენი მიზანი არ არის, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული ეგზით პოლების შედეგები მეორე კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზით პოლების შედეგებს შევადაროთ. ჩვენი მიზანია, გავაკეთოთ ეფექტური და ხარისხიანი პროგნოზირება, რომელიც ყველაზე მიახლოებული იქნება რეალობასთან. იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ განსხვავებას ორი ეგზით პოლის ან ეგზით პოლისა და საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს შორის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად გადავხედავთ ჩვენ მიერ ჩატარებულ საქმიანობას კიდევ ერთხელ."

როგორც სოციოლოგიური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის დამფუძნებელი გიუნთერ ოგრისი შენიშნავს, საერთოდ, ეგზით პოლების დროს ცდომილების პროცენტი გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი კვლევების დროს. 2 ნოემბრის არჩევნებამდე "სორას" ცდომილების რეკორდი 1 პროცენტზე ნაკლები იყო. რეკორდი ავსტრიაში გამართულ უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, როცა განსხვავებამ "სორას" ეგზით პოლის პროგნოზსა და არჩევნების ოფიციალურ შედეგს შორის 1 პროცენტიც კი არ შეადგინა.
"სორას" კორესპონდენტები 2 ნოემბერს საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო ოლქს მოიცავენ, გარდა ეგრეთ წოდებული რისკიანი რეგიონებისა. ეგზით პოლის ტექნოლოგია, ძირითადად, ამომრჩევლის ქცევის განსაზღვრას ითვალისწინებს. ამომრჩეველი ხმის მიცემისთანავე გამოიკითხება. შესაბამისად, საბოლოო მონაცემებმა, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისათვის მიცემული ხმების რაოდენობის გარდა, ელექტორატის აქტივობაც უნდა მოიცვას. ეგზით პოლების მიზანშეწონილობის თემაზე გამართული არაერთი მწვავე დისკუსიის ფონზე, საინტერესოა, რამდენად გულწრფელი იქნება ამომრჩეველი ინტერვიუების პროცესში.

[გიუნთერ ოგრისის ხმა] "რესპონდენტები ყველა ქვეყანაში იტყუებიან. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ქართველები უფრო მეტს იტყუებიან, ვიდრე ავსტრიელები. შეიძლება პრობლემა ის უფრო იყოს, რომ რესპონდენტთა გარკვეულმა ნაწილმა თავი აარიდოს პასუხს. ასეთ რესპონდენტთა საერთო რაოდენობას თანაბრად გადავანაწილებთ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიაზე."

"ნიკკოლო-მ" ჯგუფისა და მისი პარტნიორი კომპანია "სორას" მიერ ჩატარებული ეგზით პოლის შედეგები, როგორც წესი, არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. მისი მომხმარებლები კი იქნებიან ტელეკომპანიები "მზე", "იმედი", რადიოკომპანია "ფორტუნა" და ინტერნეტ-კომპანია" ტელე-ნეტი".
XS
SM
MD
LG