Accessibility links

logo-print

რა უნდა მოიმოქმედოს აშშ-ის მთავრობამ ერაყის წინააღმდეგობის საპირისპიროდ?


ნაწილი მეორე. დღეს განვაგრძობთ უკვე დაწყებულ თემას: ვინ ებრძვის ერაყში ამერიკის შეერთებულ შტატებს სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ? რა გზას უნდა დაადგეს თეთრი სახლი იმისათვის,

რომ ერაყის არმიასთან წარმატებით დამთავრებული ომი მეამბოხეებთან მარცხად არ გადაიქცეს? ჩვენი კორესპონდენტები ესაუბრნენ ამერიკელ ექსპერტებს, რომელთაგან ერთმა, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელმა, უწინ კი პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის ანალიტიკოსმა ენტონი კორდსმენმა ახლანდელი ვითარება ვიეტნამის ომის პერიოდსაც კი შეადარა.

ენტონი კორდსმენმა განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს, როგორ წარიმართება შეერთებული შტატების მიერ ერაყის ომი ქვეყნის შიგნით. მისი თქმით, ბუშის ადმინისტრაციამ ვერაფერი ისწავლა ვიეტნამის ომის გაკვეთილიდან. მთავრობა მაშინაც ცდილობდა ხალხი დაერწმუნებინა, რომ ომი წარმატებით მიდის, თუმცა მათი სიტყვები ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ფრონტიდან იუწყებოდნენ, გვითხრა კორდსმენმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, როგორც "ნიუ იორკ ტაიმსი" წერდა, გასულ სამშაბათს დილით გადაუწყვეტია, პრესკონფერენცია მოეწყო. მასზე პრეზიდენტმა დაადასტურა საკუთარი მოსაზრება, რომ ერაყში მეამბოხეები სასოწარკვეთილნი არიან იმ წარმატების გამო, რომელსაც კოალიცია აღწევს ერაყის აღდგენის საქმეში და მათი თავდასხმები ამაზე რეაქციაა. ბუშის თქმით, ტერორისტებს სამიზნედ გაუხდიათ ის წარმატება და მშვიდობა, რომელიც ერაყელ ხალხს ამერიკელებმა მისცეს. ამ გამოსვლით ბუშს სურდა ეჩვენებინა ამერიკელი და ერაყელი ხალხებისთვის, რომ ის არ შეუშინდება ამ იერიშს და ერაყში დაწყებულ აქციას განაგრძობს.

პრეზიდენტის ნათქვამმა ვერ დაარწმუნა ჩვენი წინა გადაცემიდან თქვენთვის უკვე ცნობილი სამხედრო დაზვერვის ექსპერტი, აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი კენეტ ალარდი, რომელიც ეთანხმებოდა ბუშის გადაწყვეტილებას, ომი გაეჩაღებინა ერაყში. აქვე გეტყვით, რომ ალარდი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში სახელმწიფო უშიშროებას ასწავლის. ალარდმა გვითხრა, რომ ბუშის ამ გამოსვლამ მას გაახსენა სუსტი სტუდენტი, რომელიც ცდილობს, როგორმე ჩათვლა მიიღოს. იგი ურჩევს პრეზიდენტს, თავის ხალხს უთხრას: საქმე ცუდადაა, ასი, ათასი კაცი დაიხოცა, მაგრამ უკან მაინც არ ვიხევო. ალარდი აღიარებს, რომ წარმატება მიღწეულ იქნა სკოლებისა და საავადმყოფოების გასხნის მხრივ და სხვ., მაგრამ, მეამბოხეთა გააქტიურებასთან ერთად, ჯარს უნდა მიეხედა მნიშვნელოვანი რეგიონებისთვის - მაგალითად, ბაღდადისთვის - და იქ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მიეღწია. ალარდის აზრით, ახლა ერთადერთი საშველი დაზვერვის გაძლიერებაა:

[ალარდის ხმა]
"აშშ-ის არმიამ, შიდა მოხმარების ანგარიშის თანახმად, დაადგინა, რომ უდიდესი პრობლემა აქვს, გამოიცანით, სად? - დაზვერვის საკუთარ ინფრასტრუქტურაში! ეს ერთობ ნიშანდობლივია. ეს არის ზუსტად ის, რითაც ამგვარი ომი უნდა მოიგოთ: უკეთესი დაზვერვით! დიდ ომში დაზვერვა საჭიროა, მაგრამ პარტიზანულ ომში ის კიდევ უფრო მეტად არის საჭირო."

ალარდი ამბობს, რომ ყოველი დღე, რომელსაც სამხედრო დაზვერვა კარგავდა, წინააღმდეგობის მებრძოლებმა თავდასხმებისთვის, ხალხის დაშინებისთვის გამოიყენეს. ალარდიც ხედავს მსგავსებას ვიეტნამსა და ერაყს შორის, მაგრამ არა იმდენად ომის ხასიათის თვალსაზრისით, რამდენადაც იმ მხრივ, თუ როგორ ცდილობს მთავრობა ილაპარაკოს საკუთარ წარმატებაზე და დააკნინოს მეამბოხეთა წინააღმდეგობა. ალარდის თანახმად, შეერთებულ შტატებს შეუძლია ერაყის პოლიტიკა წარმატებული გახადოს, თუკი შეეცდება იმუშაოს არაბულენოვან ადამიანებზე, მათზე, ვინც დაზვერვაში სამსახურს შეძლებდა. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბუში, - გვირჩევს ალარდი, - ხალხს გულახდილად ელაპარაკოს ომის შესახებ.

ამ მოსაზრებას იზიარებს ზემოთ ნახსენები ენტონი კორდსმენი, რომელიც, ალარდის მსგავსად, ერაყში ომის დაწყებას ემხრობოდა. ის ფიქრობს, რომ ბუში მეამბოხეებთან ომს წააგებს, თუკი არ გაითვალისწინებს ამერიკელი ხალხის ნებას საომარ სტრატეგიაში.

[კორდსმენის ხმა]
"შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ ამ იერიშის მოგერიება, მაგრამ ასევე შეიძლება მარცხი განვიცადოთ. და მთავრობისთვის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი ის არის, რომ მართალი იყოს ამერიკელი ხალხის წინაშე."

კორდსმენიც ფიქრობს, რომ ბუშმა და მისმა თანამოაზრეებმა ამერიკელებს უნდა გააგებინონ, რომ ერაყის აღდგენას წლები დასჭირდება და რომ ისინი მსხვერპლს უნდა შეეგუონ. ამასთან, მათ უნდა აღიარონ, რომ არ იყვნენ მზად ამ ტიპის ომისთვის, რომელიც იმ ჩვეულებრივ ოპერაციას მოჰყვა, ჰუსეინის ჩომოგდება რომ გამოიწვია.

[კორდსმენის ხმა]
"ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტრო სრულებით არ იყო მზად თავისი მისიისთვის, რომელსაც იდეოლოგიური მიზნებით ესწრაფოდა. შედეგად, გამარჯვების შემდეგ შეერთებული შტატები არ აღმოჩნდა მზად მშვიდობიანი პერიოდისთვის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის, სახელმწიფოს შენების არც ერთი ასპექტისთვის, მაშინ როცა თავი კარგად გაართვა ჰუსეინის ჯარის დამარცხებას. ახლა ჩანს, რომ ომის მოგება ისე დავგეგმეთ, რომ გაჩნდა უდიდესი რისკი, წავაგოთ მშვიდობა."

კორდსმენი განმარტავს, რას გულისხმობს "იდეოლოგიურობაში". ის გამოყოფს თავდაცვის დეპარტამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც "ნეოკონსერვატორებად", ბუშის რესპუბლიკური პარტიის მარჯვენა ფრთად მიიჩნევიან. მათ მთავრობის სოციალური პროგრამების სამხედრო სფეროში გადატანა მოახერხეს. კორდსმენის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ნეოკონსერვატორებმა დაიყოლიეს ბუში, ერაყის აღდგენა მათთვის ჩაებარებინა. ასეთი საქმე, ჩვეულებრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშია ხოლმე. მას მერე, რაც ეს მოხდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა წელიწადზე მეტი მოანდომა ერაყის აღდგენის საქმის შესწავლას და არაერთი მომავალში მოსაგვარებელი პრობლემა იწინასწარმეტყველა. კორდსმენი იმედოვნებს, რომ მომავალი მთავრობები, ისევე როგორც ახლანდელი ხელისუფლება, ამ გაკვეთილს გაითვალისწინებენ.

[კორდსმენის ხმა]
"ჩვენ ვერასოდეს დავუშვებთ, რომ რომელიმე იდეოლოგიურმა ჯგუფმა გააკონტროლოს პროცესი კაბინეტში, გამორჩეულ იქნეს სამხედრო თუ სხვა უწყება და ვითარება ისე წარმართოს, რომ მშვიდობა უფრო მეტი ამერიკელის სიცოცხლედ დაგვიჯდეს, ვიდრე ომი."

ენტონი კორდსმენის ნათქვამს განვმარტავ: 1 მაისს, საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, მეტი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ერაყში, ვიდრე საკუთრივ ომის დროს. ახლა ერაყში დღეში, საშუალოდ, 33 თავდასხმა ხორციელდება მეამბოხეთა მხრიდან.
XS
SM
MD
LG