Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შედეგები: ვაჭრობა თუ ულტიმატუმი


დავით პაიჭაძე, თბილისი საარჩევნო უბნებიდან გამოსული მოქალაქეების გამოკითხვამ არჩევნების პირველი, სავარაუდო, შედეგი უკვე აჩვენა: ეგზიტ პოლის მიხედვით, თბილისის არც ერთ რაიონში,

ასევე ქალაქ ფოთში არ გაუმარჯვია ხელისუფლების წარმომადგენელს. საქართველოს ხელისუფლებიდან უკვე წამოვიდა პირველი სიგნალი არჩევნების შედეგებზე მოლაპარაკების შესახებ.

საქართველოს ხელისუფლება, ჩანს, ელოდა თავის მარცხს. მონაცემები, რომელსაც ის არჩევნებამდე სთავაზობდა მოსახლეობას, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევდა. არჩევნებამდელი, მეტ-ნაკლებად ობიექტური, გამოკითხვები სიმართლესთან უფრო ახლოს რომ იყო, ხელოისუფლებამ 2 ნოემბრის მიწურულს ირწმუნა. ამის დასტური იყო ბლოკ "ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრის, ვახტანგ რჩეულიშვილის, გამოსვლა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის ეთერით და არჩევნების შედეგების ხელისუფლებისეული ხედვის დემონსტრირება: რჩეულიშვილმა თქვა, რომ ლიდერობს სახელისუფლებო ბლოკი - 16,5%-ით, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა - 16%, მესამეზე ნათელაშვილი - 12%-მდე, ხოლო მეოთხეზე - ბურჯანაძე-დემოკრატები - დაახლოებით 8%. კონფიდენციალური წყაროდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ამუშავებს ასეთ საპროექტო წინადადებას ოპოზიციისთვის: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" იღებს დაახლოებით 21%-ს, ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატები - დაახლოებით 15-16%-ს თითოეული. ასეთი შედეგების გამოცხადებას დასახელებული ოპოზიციური პარტიები უნდა დაჰყაბულდნენ და არჩევნებს არ უნდა მოჰყვეს მღელვარება, ანუ დესტაბილიზაცია - ხელისუფლების, ხოლო საპროტესტო გამოსვლები - ოპოზიციის ენაზე. ძნელი წარმოსადგენია, დასახელებული ოპოზიციური პარტიები ასეთ გარიგებას დასჯერდნენ, რადგან მათ აქვთ პრეტენზია, რომ გაცილებით მეტს მიაღწიეს, ხოლო ხელისუფლებამ ასევე გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო. მეორეც, საპროექტო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული "აღორძინების" ხმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ასლან აბაშიძის ხელისუფლება კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ახერხებს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. ჩემს ხელთ არსებული ცნობით, აჭარიდან "აღორძინებას" მოაქვს ხმების საერთო რაოდენობის 12%. ამას დაემატება "აღორძინების" მიერ დანარჩენ საქართველოში აღებული ხმები და ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება - ერთად აღებული ცენტრალური და რეგიონალური - იმარჯვებს. კონფიგურაციაში არ ჩანან ლეიბორისტები, რომელთაც ვერ განიხილავენ მხოლოდ ხელისუფლების ან მხოლოდ ოპოზიციის პარტნიორებად. გაურკვეველია ახალი მემარჯვენეების ბედიც.

ამგვარ გარიგებაზე ოპოზიციის ცივი უარის გამომხატველი იყო მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა გრიბოედოვის თეატრში, სადაც მან განაცხადა, რომ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ოთხჯერ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ორმა სახელისუფლებო პარტიამ, ერთად. ამ პასუხით გასაგები გახდა, რა პროპორციებით გეგმავს ოპოზიცია პარლამენტში მოხვედრას. თუ ამ ვაჭრობას გაგრძელება უწერია, არა ხელისუფლების შემოთავაზებული პირობებით. მეტიც, როგორც ჩანს, ოპოზიცია ვაჭრობას არ აპირებს. ის უკვე ულტიმატუმით იწყებს ლაპარაკს.
XS
SM
MD
LG