Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მიმდინარეობდა არჩევნები ვაკის რაიონის საარჩევნო უბნებში


ისევე როგორც ყველგან, ვაკის რაიონის საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლებიც ძირითად პრეტენზიას სიებთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ. ბევრმა მათგანმა საკუთარი სახელი და გვარი სიებში ვერ აღმოაჩინა,

ამის გამო ბევრი იდავა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სიებში გამოტოვებულებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღეს. როგორ მიმდინარეობდა არჩევნები ვაკის რაიონის მეთექვსმეტე და მესამე საარჩევნო უბნებში?

ვაკის რაიონის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა განსაკუთრებული აქტივობა შუადღისას იგრძნობოდა. ამ რაიონის მეთექვსმეტე და მესამე საარჩევნო უბნებს მეც ამ დროისთვის ვესტუმრე. მეთექვსმეტე უბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ მისულ ამომრჩევლებს სიების გამო პრობლემები არ შექმნიათ.
ამ უბანზე წარმოდგენილ დამკვირვებლებს ჩემთან საუბრისას დარღვევები არ აღუნიშნავთ, თუმცა მათ დაადასტურეს, რომ დღის 2 საათამდე სიებში ამომრჩეველთა გამოტოვების 7 ფაქტი იყო გამოვლენილი. სიებში ამომრჩეველთა გამოტოვების გაცილებით მეტი ფაქტი ვაკის რაიონის მესამე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა. იქ გამოცხადებულ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხალხმრავალ რიგში უწევდათ დგომა. ცალკე რიგში იდგნენ ის ადამიანები, რომლებსაც სიებში არსებული პრობლემების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დამატებითი სიების გამოყენების ბრძანებას ელოდნენ. ასეთებს შორის იყო 66 წლის გურამ ტაბიძეც, რომელიც თავის საარჩევნო უბანზე დილის 10 საათზე გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე საარჩევნო სია გადამოწმებული ჰქონდა, გურამ ტაბიძემ სიაში საკუთარი გვარი და სახელი ვერ აღმოაჩინა და სასამართლოს მიაკითხა, სადაც აუხსნეს, რომ მის პრობლემას იქ ვერ მოაგვარებდნენ. გაწბილებული სახლში დაბრუნდა, შეიტყო, რომ სიებში გამოტოვებულებისთვის დამატებითი სიების გამოყენება დაიწყო და საარჩევო უბანს ხელმეორედ მიაკითხა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც - ამაოდ. დამატებითი სიების გამოყენება დროებითი, ხანმოკლე მოვლენა აღმოჩნდა. დამატებითი სიების გამოყენების შეჩერების გამო არჩევნებში უფლებააყრილ ამომრჩეველს ისღა დარჩა, განეცხადებინა:



[გურამ ტაბიძის ხმა] " ცოტა ხანს დაველოდები და მერე ვუჩივლებ ამათ. ღირსების შელახვისთვის ვუჩივლებ. მოვითხოვ თანხას, რაც საჭიროა და როგორც საჭიროა. "

ამ ამომრჩევლის მსგავსად, მესამე საარჩევნო უბანზე არჩევნებში მონაწილეობის უფლების აღდგენის მოლოდინით დღის დიდი ნაწილი გაატარეს სხვა ამომრჩევლებმაც.

[ ამომრჩევლების ხმა] " მეც არ ვარ სიაში. ვიყავი და აღარ ვარ. ამ დროს, სამი დღის წინ ვიყავი. როგორ შეიძლება ასე!"

"რაიონიდან ჩამოვედი, ხმა უნდა მივცე და დავბრუნდე. სიაში არ ვარ. რა გავაკეთო? "


ეს ადამიანები პრეტენზიებით საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს მიმართავდნენ, თავმჯდომარე კი განმარტავდა, რომ სიებზე პასუხისმგებელი ის არ არის.

ვაკის რაიონის მესამე საარჩევნო უბანზე შექმნილი მდგომარეობა ასე აღწერა ამ უბანზე მყოფმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა:

[ დამკვირვებლის ხმა] " იყო შემთხვევები, ძალიან ხშირი, როცა ცოცხლები არ იყვნენ სიებში და იყვნენ მათი მკვდრები. ძალიან მონდომებული ხალხი გაბრუნდა უკან. მეტი რა გზა ჰქონდათ? "

არადა, მონდომება ნამდვილად იგრძნობოდა.

[ერთ-ერთი ამომრჩევლის ხმა] " მგონია, რომ აუცილებლად შეცვლის რამეს ეს არჩევნები."

ამ იმედიან ამომრჩეველს საარჩევნო უბნის შესასვლელში შევხვდი. ადვილი შესაძლებელია, საარჩევნო სიებში საკუთარი სახელისა და გვარისთვის მასაც ვერ მიეკვლია.
XS
SM
MD
LG