Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კლიპები


არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები საქართველოს მოქალაქეებს დასაქმებას ჰპირდებიან. თუმცა პარტიებმა ამომრჩეველთა ერთი ჯგუფის დასაქმება არჩევნებამდე შეძლეს:

საქმე მიეცათ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს - რეჟისორებს, დრამატურგებს, მსახიობებს, მომღერლებსა და მოცეკვავეებს. თავის მხრივ, ამ ადამიანების მიერ შექმნილი პროდუქციით "იხეირეს" საქართველოს ტელეკომპანიებმა: სარეკლამო ბლოკებში საღეჭი რეზინისა და ქალის საფენების გვერდით ქართველ პოლიტიკოსთა ნაცნობი სახეები გამოჩნდა. ჩემი ვარაუდით, ამ კლიპების უმრავლესობა ხალხს უკვე აღარ ახსოვს.

"გიხაროდენ" კვლავაც უკვდავია. ოთხი წლის წინ ჯემალ სეფიაშვილის ამ სიმღერაზე, რომელსაც ქართული ესტრადის თითქმის ყველა ვარსკვლავი ასრულებდა, ბევრი იქილიკეს... დღეს მოქკავშირის ეს ჰიმნი, "ახალი საქართველოს" ახალ სიმღერასთან შედარებით (ავტორი უცვლელია), ხელოვნების შედევრად აღიქმება. ქართული კულტურის კრიზისი ახლა უკვე საარჩევნო კლიპების ხარისხშიც გამოიხატა... და არამარტო "ახალი საქართველოს" ინფანტილურ კლიპში, რომელსაც შეიძლება დავარქვათ არა "ჰე, ჰე, ჰე", არამედ "თქვენი ჭირიმე, პატარა გოგოებო და ბიჭებო!"... "თქვენი ჭირიმე, ქართველო ხალხო - ოჯახებო, მუშებო, გლეხებო, ინტელიგენციავ, ტაძრებო (რა თქმა უნდა მხოლოდ მართლმადიდებლურო ტაძრებო)" - ეს იყო თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის სარეკლამო კლიპის დევიზი. ამიტომაც კინო და ვიდეორგოლის დრამატურგიისთვის აუცილებელი კომპონენტისთვის, კონფლიქტისთვის, საარჩევნო "კლიპ-ჰიმნებში" ადგილი აღარ დარჩა. "ჰიმნოგრაფია", მოგეხსენებათ, პოეზიის ის დარგია, რომელსაც კონფლიქტი არ სჭირდება - მთავარია ისე აქო და ადიდო ჰიმნის "ობიექტი", რომ მსმენელს (და, ამ შემთხვევაში, მაყურებელს) "პატარა გოგო-ბიჭებისა" და პოლიტიკური ლიდერების დანახვაზე ტანში ჟრუანტელმა დაუაროს... ჩვენი პოლიტიკური პარტიები დარწმუნებულები არიან, რომ ელექტორატის "აბობოქრებისთვის" დღეს სულაც არაა საჭირო მიქაელ მოდრეკილის ნიჭის ჰიმნოგრაფების მოძებნა. ამისათვის შეიძლება სხვა ქვეყნის ჰიმნის მუსიკა გამოიყენო, როგორც ეს იოსებ ალავიძის ჰიმნმეიკერებმა გააკეთეს:

[ხმა "სოსო ალავიძე"]

ან შენი ჰიმნის გმირი მომავალი პრეზიდენტის როლში წარმოგვიდგინო:

[ხმა. "ლეიბორისტები"]

ჰიმნის გარდა, საპარლამენტო არჩევნების წინ დამკვიდრდა მოდა "კრეშჩენდოზე", რომელსაც კინემატოგრაფისტები უწოდებენ "სასპენსს", რაც დაძაბულობის თანდათან ზრდას ნიშნავს. "ახალმა მემარჯვენეებმა" ზაფხულში ჰიმნებით დაიწყეს - "ახალ კაპიტალისტებს" მიუძღვნეს თავიანთი კლიპები, მაგრამ დაამთავრეს "სასპენსით"... ვიდეორგოლით, რომლის გმირი, ფაქტობრივად, მათხოვრის როლში გვევლინება:

[ხმა: ახალი მემარჯვენეების კლიპი - "შენი ხმაც მჭირდება, ხმა მინდა შენი"]

კინემატოგრაფიული ანბანის ცოდნა მეტ-ნაკლებად გამოავლინეს "ნაციონალებმაც" - იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილის გუნდს საინფორმაციო გადაცემების სიუჟეტები გადაუწერეს, ეტყობა, გაითვალისწინეს მტრის ხატის მოთხოვნილება ქართულ საზოგადოებაში... კონფლიქტზე - თანაც აგრესიულ კონფლიქტზე - აიგო ნაციონალების ვიდეოკლიპების დრამატურგია... ერთ-ერთი კლიპი უნიკალურია ქართული შოუ-ბიზნესის ისტორიაში... ნაციონალები თითქმის უკომენტაროდ იმეორებენ ხან ედუარდ შევარდნაძის გამოსვლას, ხანაც აჭარის ტელევიზიაში მათ წინააღმდეგ გადაცემულ სიუჟეტებს:

[ხმა. "ნაციონალური მოძრაობა"]

ამ შემთხვევაში ანტირეკლამა რეკლამად იქცა. რომელი პოლიტიკური პარტიისთვის იქცევა რეკლამა - ანტირეკლამად, ამას ცოტა ხანში შევიტყობთ, როცა გამარჯვებულები "ჰე, ჰე, ჰეს" ძახილით შევლენ საქართველოს პარლამენტის შენობაში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG