Accessibility links

logo-print

რა ტიპის დარღვევები დაფიქსირდა არჩევნებზე და როგორ აფასებს მას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები"


არჩევნების მონიტორინგს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები ახორციელებენ, თუმცა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე დაკვირვებას ახერხებს,

"სამართლიანი არჩევნებია". სწორედ მის მიერ აღმოჩენილ ძირითად დარღვევებსა და მათ შეფასებაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

2 ნოემბრის დილიდანვე "სამართლიანი არჩევნების" ცენტრალურ ოფისში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული თითქმის ყველა უბანი, ამა თუ იმ ფორმით, მოუმზადებელი იყო კენჭისყრის ჩასატარებლად. არასრულყოფილ სიებთან ერთად, საუბნო კომისიების ნაწილში არ ჰქონდათ ბიულეტენები, კომისიის წევრებმა არ იცოდნენ არჩევნების წარმართვის პროცედურა და სხვ.

ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა, შეიძლება ითქვას, სიახლე, რომელიც საარჩევნო დღის მანძილზე თითქმის მთელ საქართველოში შეიმჩნეოდა, პოლიციის მიერ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფაა. 1 ნოემბერს საოლქო კომისიამ, მიანიჭა რა პოლიციელებს უფლება იმ ოლქის მაჟორიტარი დეპუტატისთვის მიეცათ ხმა, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდნენ, ამით ხელ-ფეხი გაუხსნა სამართალდამცველებს ნებისმიერ, საჭირო თუ არასაჭირო, შემთხვევაში გამოჩენილიყო საარჩევნო უბანში. შესაბამისად, არავინ იცოდა, საარჩევნო უბანში პოლიციელი ხმის მისაცემად შედიოდა თუ წესრიგის დასაცავად და, ბუნებრივია, არც მისი მარკირება ხდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სწორედ პოლიცია ცდილობდა წინა, ეგრეთ წოდებული, კარუსელის მოწყობას.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "პოლიცია, პირველ რიგში, უნდა ემორჩილებოდეს საარჩევნო კოდექსს და, როდესაც პოლიცია ამბობს უარს მარკირებაზე, ეს ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს ჩვენში - იმ ეჭვებს, რომ თავად პოლიცია მონაწილეობს კარუსელში. მე რასაც ვაფიქსირებ, არის პოლიციის მუდმივად ჯგუფ-ჯგუფად გადაადგილება უბნიდან უბანზე."

თუმცა დღის ბოლოს ამდაგვარი და სხვა ტიპის დარღვევები იმდენად გამრავლდა, რომ ცალკეული შემთხვევების ანალიზმა აზრი დაკარგა. "სამართლიანი არჩევნების" ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, ყველაზე დიდი დარღვევა ის ქაოსია, რაც მთელი დღის მანძილზე მთელ საქართველოში სუფევდა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] " ქაოსი და არაორგანიზებულობა, რაც გამოწვეული იყო, პირველ რიგში, ამომრჩეველთა სიებით. ამ სიებზე პასუხისმგებელი არის მთავრობა და მთავრობამ უნდა გაგვცეს პასუხი, რატომ გამოვიყენეთ ხელით ნაწერი სიები. და, რაც ყველაზე მთავარია, რატომ მოხდა, რომ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს არ მიეცა საშუალება გამოეხატა თავისი ნება."

ხელისუფლება თავს იიმედებს, რომ სიებს გარეთ დარჩენილ ამომრჩეველთა რიცხვი მინიმალურია, თუმცა მათი რაოდენობა 3-4 %-იც რომ იყოს, ეს უდიდეს გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე. მაგალითად, პარტია, რომელიც 7%-იანი ბარიერის ზღვარზე იყო, მას ვერ გადალახავს, ეს კი არჩევნების შედეგების ობიექტურობაზე ცუდ გავლენას მოახდენს. ზურაბ ჭიაბერაშვილს მიაჩნია, რომ ამით საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები შეილახა.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] "მე ჯერ არ შემიძლია ვთქვა, მე ჯერ კიდევ ვარ იმ ზღვარზე, როდესაც ბოლომდე არ მაქვს გადაწურული იმედი. ერთი რამ ახლავე მინდა განვაცხადო: როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს არჩევნები, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაცრად უნდა მოითხოვოს, რომ ეს ქაოსი ქვეყანაში, არამარტო არჩევნებთან დაკავშირებით, უნდა დასრულდეს."

დასრულდება თუ არა ქაოსი ქვეყანაში, ამას მნიშვნელოვანწილად არჩევნების შედეგებიც განაპირობებს. ეს კი მეტ-ნაკლებად ცხადი და ნათელი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებისას, 3 ნოემბრის გამთენიისას, გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG