Accessibility links

logo-print

არჩევნების წინასწარი შედეგების გამო ხელისუფლება ზეიმობს, ოპოზიცია კი საპროტესტო აქციებით იმუქრება


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს, პირველ ადგილს ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" ინარჩუნებს,

მეორეს - ბლოკი "სააკაშვილი -ნაციონალური მოძრაობა", მესამე ადგილზეა "ლეიბორისტული შრომის პარტია", მეოთხეზე კი - "დემოკრატიული აღორძინების კავშირი". 7 პროცენტიან ბარიერს ოდნავ უსწრებენ "ახლები" და "ბურჯანაძე- დემოკრატები", დანარჩენები 7 პროცენტიანი ბარიერის ქვემოთ არიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. იქ ჯერ კიდევ ელიან მონაცემებს აჭარიდან და ქვემო ქართლიდან, რამაც კიდევ უნდა ასწიოს "სახელისუფლებო ბლოკის" და "აღორძინების" მონაცემები, შესაბამისად კი, ქვემოთ დასწიოს ოპოზიციური ძალების მონაცემები. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები განსხვავდება "სამართლიანი არჩევნების" მიერ წარმოებული ხმების პარალელური დათვლის შედეგებისაგან. ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს, ოპოზიცია კი ქუჩაში გასვლით იმუქრება.

"საქართველოში გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები ჩატარდა", - ასე აფასებს 2 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ედუარდ შევარდნაძე. არჩევნებს, რომელმაც სერიოზული დარღვევებით ჩაიარა და რომლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, "სახელისუფლებო ბლოკი" უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 90-ზე მეტი ხმის გაკონტროლებას გეგმავს. არჩევნებს, რომლის შედეგები სხვადასხაგვარია ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და "სამართლიანი არჩევნების" წინასწარი მონაცემების მიხედვით. ამ უკანასკნელის თანახმად, სახელისუფლებო ბლოკი ნაციონალურ მოძრაობას 8 პროცენტით ჩამორჩება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით კი, რომლებიც 2870 უბნიდან 982 უბნის მაჩვენებლებს ეყრდნობა, პირველ ადგილზე დაწინაურებული სახელისუფლებო ბლოკი მეორე ადგილზე მყოფ ოპოზიციურ ძალას რამდენიმე პროცენტით უსწრებს. ზუსტ ციფრებს არ ვასახელებთ, რადგან მონაცემები ყოველ წუთს იცვლება. ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი შემდგომ ცვლილებას სახელისუფლებო ბლოკისა და "აღორძინების" სასარგებლოდ ელის და არცთუ უსაფუძლოდ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხომ ქვემო ქართლის და აჭარის მონაცემებს ელიან.

[ვახტან რჩეულიშვილის ხმა] "ქვემო ქართლიდან არ ჩამოსულა ხმები და, ჩვენი მონაცემებით, ქვემო ქართლი 10000 ხმას დაგვიმატებს და ჩვენს 24 პროცენტს 28 - 30 პროცენტამდე ასწევს; აჭარიდან "აღორძინებას" დაემატება 250000 ხმა, დანარჩენების კი დაიკლებს. ქვემო ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და აჭარიდან ვერ მიიღებენ ვერაფერს ვერც ნაციონალები, ვერც "ბურჯანაძე-დემოკრატები", ვერც ახლები და ვერც ლეიბორისტები."

სწორედ ქვემო ქართლის და აჭარის მონაცემებზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა მომავალ პარლამენტში სააკაშვილის მოძრაობას პოლიტიკური პარტნიორი; საბოლოოდ მოახერხებენ თუ არა 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას "ბურჯანაძე-დემოკრატები" ან "ახალი მემარჯვენეები." "გაერთიანებული დემოკრატების" წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატების" მონაცემები ემთხვევა ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რომლის მიხედვით, ეს ძალა 7 პროცენტიან ბარიერს გადალახავს, თუმცა

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "აჭარის შედეგებზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. თუ მოინდომებს აჭარა, ხელისუფლებასთან ერთად ბარიერს ხელოვნურად გაზრდის და საქართველოს 4 სუბიექტიანი პარლამენტი ეყოლება. "

ასეთ შემთხვევაში სახელისუფლებო ბლოკს, აღორძინებასა და ლეიბორისტებს შორის ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულ უმცირესობაში აღმოჩნდება.
მაია ნადირაძის თქმით, ნაციონალებისთვის ეს გამარჯვება არ იქნება.

[მაია ნადირაძის ხმა] "ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება არის ის, როცა მერე შეძლებ გადაწყვეტილება მიიღო. "

ბლოკი "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" პირველ ადგილზე "სამართლიანი არჩევნების" მონაცემებითაა. ამ მონაცემებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს შორის განსხვავების გამო, შესაძლოა, სერიოზული საპროტესტო ტალღა აგორდეს. "ნაციონალური მოძრაობა" ქვემო ქართლში და აჭარაში ჩატარებული არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვს და ამ მოთხოვნის გარშემო ოპოზიციური ძალების გაერთიანებას ელის.
XS
SM
MD
LG