Accessibility links

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება


დავით პაიჭაძე, თბილისი 3 ნოემბერს საქართველოში აკრედიტებულმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასება წარმოადგინეს. ეუთოს, ევროპის საბჭოს

საპარლამენტო ასამბლეისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა ფართო საზოგადოებას თავიანთი წინასწარი შეფასება და დაკვირვებები წარუდგინეს. ამავე დღეს არჩევნების წინასწარი შეფასება ჟურნალისტებს გააცნო "სამართლიანი არჩევნების" საზოგადოებამ.

საქართველოში უკვე იციან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები არჩევნების შეფასებისას ზომიერებით გამოირჩევიან. მით უმეტეს, თუ არჩევნების შედეგების შეჯამება დასრულებული არ არის. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯულიან იეიტსმა განაცხადა, რომ სრულ შეფასებას დაახლოებით ერთი თვის შემდეგ წარმოადგენს.

რადიო "თავისუფლების" შეკითხვას, მიაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა და, ამასთან, რომელ რეგიონში აღინუსხა ყველაზე მეტი დარღვევა, ჯულიან იეიტსი უპასუხებს:

[იეიტსის ხმა] "ჩვენ ასე მარტივად არ ვაფასებთ არჩევნებს - იყო თუ არა ის სამართლიანი. საკითხს ასე ვერ დავაყენებთ. ვფიქრობთ, უფრო ვრცელი და მრავლისმომცველი შეფასება უნდა არსებობდეს და საერთაშორისო, მათ შორის, ეუთოს სტანდარტებს ესადაგებოდეს. რაც შეეხება დარღვევებს, ისინი ყველა რეგიონში იყო. გამორჩეულად ბევრი იყო დარღვევა ქვემო ქართლის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში."

ჯულიან იეიტსი ლაპარაკობს საქართველოს მთავრობის იმ სასურველ ნაბიჯებზე, რომელმაც ეუთოს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს: უწინარესად, ეს არის საარჩევნო სიების მოწესრიგება, რაც დამკვირვებლებს ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ საკითხად მიაჩნიათ. უზუსტო სიებმა ხალხის უნდობლობა გამოიწვია. თუ კეთილი ნება არსებობს, ამ ვითარების გამოსწორება შეიძლება.

საერთაშორისო მისიების წარმომადგენლების შეფასება ხშირად მეტისმეტად მოზომილად და ზოგჯერ არაფრის მთქმელადაც ეჩვენებათ. მაგრამ ასეთი ნამდვილად არ იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის თომას კოქსის სიტყვები, წარმოთქმული 2 ნოემბრის არჩევნების შეფასებისას: თუ ცინიზმი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ჩვენ ვერ ავუხსნით მოქალაქეებს, რატომ არ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში.

3 ნოემბერს არჩევნების წინასწარი შეფასებით გამოვიდა საზოგადოება "სამართლიანი არჩევნები", რომელსაც 2500 მეთვალყურე ჰყავდა დაგზავნილი საქარველოს თითქმის ყველა რეგიონში. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმიცხადა:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "იმ საშინელი ქაოსის, არაორგანიზებულობისა და ხელისუფლების მხრიდან ტოტალური საბოტაჟის მიუხედავად, რაც ამომრჩეველთა სიებში გამოჩნდა, ნაბიჯი დემოკრატიისკენ გადაიდგა. ეს ნაბიჯი გადადგა არა ხელისუფლებამ, არა სახელმწიფომ, არამედ ქართველმა ხალხმა, თითოეულმა ქართველმა ამომრჩეველმა. ჩვენ, თითქოსდა, ვბრუნდებით უშუალო დემოკრატიის ხანაში, როცა ყოველმა ქართველმა ამომრჩეველმა უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის ბედი. ეს 2 ნოემბერს განისაზღვრა კიდეც."

"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებობს უამრავი დოკუმენტირებული საჩივარი საარჩევნო დარღვევების შესახებ, რომელსაც სასამართლოში წარადგენენ, მაგრამ არსებობს გზაც სასამართლოს მიღმა. არჩევნების ბედს ქართველი ხალხი წყვეტს; ის გადაწყვეტს, რა პროცენტი მიიღო თითოეულმა სუბიექტმა. საბედნიეროდ, ხალხს ამაშიც აქვს არჩევანი, მიაჩნია ზურაბ ჭიაბერაშვილს.
XS
SM
MD
LG