Accessibility links

logo-print

რატომ ჩატარდა რეფერენდუმი და რა არის მისი მიზანი


ქართულმა საზოგადოებამ ვერც კი მოასწრო იმის გაცნობიერება, თუ რა მიზნით ჩატარდა რეფერენდუმი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. ამ თემისადმი მიძღვნილი ჩვენი მასალებიდან,

რომელიც ერთი კვირის წინ გავიდა ეთერში, ნათლად ჩანდა, რომ ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა, ტარდებოდა თუ არა რეფერენდუმი. მიუხედავად ამისა, რეფერენდუმი მაინც შედგა. რატომ ჩატარდა რეფერენდუმი და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას?

იმდენად დიდი იყო ინტერესი საპარლამენტო არჩევნებისა და მასში მონაწილე სუბიექტების მიმართ, რომ რეფერენდუმი ხეირიანად არც ერთ საინფორმაციო საშუალებას არ გახსენებია. შესაბამისად, ვერც საზოგადოების ინფორმირება მოხერხდა სათანადოდ. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ რეფერენდუმი მოულოდნელად არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე დაინიშნა.

ახლა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უკვე ცნობილია სარეფერენდუმო საკითხი, რადგან მათ არჩევნებზე, პარტიისა თუ მაჟორიტარი დეპუტატის ამორჩევასთან ერთად, პასუხის გაცემა მოუხდათ კითხვაზე, თანახმა არიან თუ არა, რომ პარლამენტართა რაოდენობა 150-მდე შემცირდეს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში, თუმცა ხელისუფლებამ 2 ნოემბერს არჩეულ დეპუტატებს აღუთქვა, რომ ეს წესი 2003 წლის მოწვევის პარლამენტზე არ გავრცელდებოდა. რეფერენდუმის შედეგების ცხოვრებაში რეალიზების ხელისუფლებისეულ წესს რეფერენდუმის მოწყობის ინიციატორი უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ასე განმარტავს:
[ნანა კაკაბაძის ხმა] "ეს, თავისთავად, დაუყოვნებლივ ვერანაირად ვერ ამოქმედდება, რადგანაც რეფერენდუმი მხოლოდ და მხოლოდ იდეას განსაზღვრავს და არა კანონს. მაგრამ რეფერენდუმის კანონი ასევე აკონკრეტებს, რომ რეფერენდუმის გადაწყვეტილება სავალდებულოა პარლამენტისთვის აღსასრულებლად. ანუ პარლამენტი ვალდებულია ყველა შესაბამისი კანონი მოიყვანოს რეფერენდუმის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში."

კონსტიტუციის მოთხოვნათა ასეთი განმარტების წინააღმდეგ თავიდანვე გამოდიოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ამ ორგანიზაციის ლიდერის თინათინ ხიდაშელის განმარტებით, კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის მოწყობას.

[თინათინ ხიდაშელის ხმა] "კანონით რეფერენდუმის შესახებ, პარლამენტი არაფერზე არ მსჯელობს. რეფერენდუმის შედეგებს პირდაპირი იურიდიული ძალა აქვს. ანუ იმ დღეს, რა დღესაც რეფერენდუმის შედეგები გამოცხადდება და მიღებული იქნება, იმ დღიდან ჩვენი პარლამენტის შემადგენლობა არის 150-მდე. ეს არის ჩვენი დებატების მიზეზი და ნონსენსი ამ ყველაფერში, რაც მოხდა..."

ნონსენსს წარმოადგენს ისიც, რომ პარლამენტში, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად საჭირო ხმები ვერ შეგროვდეს, ან პარლამენტი 2007 წლის მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს შემცირებას არ დაეთანხმოს. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ამუშავდება, თუმცა რისთვის კეთდება ყოველივე ეს, ნათლად თავად იდეის ავტორსაც არ წარმოუდგენია.

[ნანა კაკაბაძის ხმა] "დანარჩენი ყველა საკითხი, თუ რამდენი დეპუტატი იქნება პარლამენტში, გარდამავალ პერიოდში რა როდის ამუშავდეს, ტერიტორიული მოწყობის საკითხები და ასე შემდეგ, აი, ეს მთლიანი პაკეტი კანონმდებლობის ცვლილებისა, რომელიც პარლამენტმა უნდა განახორციელოს, ეს უნდა იყოს ის ვადა, რომელიც მას კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს - 4 წელი."(სტილი დაცულია)

აქედანაც ცხადია, რომ რეფერენდუმის მიზანი და შედეგები ამომრჩეველს ნათლად გააზრებული ვერანაირად ვერ ექნებოდა. უწესო და უპასუხისმგებლო პარლამენტარების რაოდენობით შეწუხებულმა ამომრჩეველმა მათ შემცირებას მისცა ხმა და არა იმას, რაც რეფერენდუმის ცხოვრებაში რეალიზებას მოჰყვება შედეგად. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტართა რაოდენობის 150-მდე შემცირების მომხრე 2 ნოემბერს მისულ ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი იყო.
XS
SM
MD
LG