Accessibility links

ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "ოქროს საუკუნე" დღეს ორი ნაწილისგან შედგება.


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "ოქროს საუკუნე" დღეს ორი ნაწილისგან შედგება.

გადაცემის პირველ ნახევარში გავიხსენებთ შესანიშნავ თბილისელ მხატვარს პეტრე ბლიოტკინს, რომელსაც ივნისში ასი წელი შეუსრულდებოდა. პროგრამის მეორე თემა საპარლამენტო არჩევნების მარათონმა გვიკარნახა - გიამბობთ ცნობილი რუსი პოეტის ვალერი ბრიუსოვის წერილზე "სიტყვის თავისუფლება", რომელიც ბრიუსოვის გამოცემებში არასდროს შეუტანიათ. ჩემი აზრით, რუსმა პოეტმა ამ სტატიაში ბევრი რამ იწინასწარმეტყველა - მათ შორის, ისიც, რაც დღეს საქართველოში ხდება.

იგი არის ავტორი სურათებისა "სტალინი და გორკი", "სტალინი და კიროვი", "სტალინი და ლენინი თათბირზე" - საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული, შარლემანისა და ლანსერეს საყვარელი მოწაფე - პეტრე ბლიოტკინი. ორი ჟანრი იტაცებდა განსაკუთრებით - პორტრეტი და პეიზაჟი და მოსწონდა, როცა ბელადებს მოგონილი პეიზაჟების ფონზე ხატავდა ხოლმე. ბლიოტკინის ყველაზე სახელგანთქმული სურათია "კარნავალი", რომელიც მხატვარმა 1936 წელს დაასრულა, ზუსტად იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირში რეპრესიების ხანა იწყებოდა. აქაც მოგონილი პერსონაჟები რაღაც გაურკვეველ, თითქმის "სიზმრისეულ" გარემოში იმყოფებიან; ისინი ისეთივე მარიონეტები არიან, როგორიც სტალინი, ლენინი, კიროვი და სხვები - ისტორიული პერსონაჟები არა რეალისტური პეიზაჟის, არამედ ეგრეთ წოდებული "პეიზაჟი-ხილვის" ფონზე. თუმცა პეტრე ბლიოტკინის ნამუშევრებს ეს სიტყვა "ფონი" ყველაზე ნაკლებად უხდება. მხატვრის ოსტატობა სწორედ ისაა, რომ იგი პეიზაჟსა და ადამიანს ყოველთვის მთლიანობაში აღიქვამს. ამიტომ მისი "პარტიული" კომპოზიციები ყველაფერია, სოციალისტური რეალიზმის გარდა - ეს უფრო ფანტასტიკაა, მანკიერებით აღსავსე სიურრეალიზმი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელსაც კი მოუგონებენ - "სოცარტს" დაარქმევენ.

ქართული ფერწერის ისტორიაში პეტრე ბლიოტკინი ამ ნამუშევრებით არ შესულა. დღეს თბილისელ მხატვარს არა "პარტიული ტილოებით", არამედ მისი უაღრესად ლირიკული პეიზაჟებით იხსენებენ და იმასაც ამბობენ, რომ თბილისის პეიზაჟებში ბლიოტკინმა იმპრესიონისტულ გამომხატველობას მიაღწია მაშინ, როცა ჩვენში იმპრესიონიზმი სასტიკად იდევნებოდა. აი, აქ კი უარს ამბობს მხატვარი "ფანტასმაგორიულ" სახეებზე და კონკრეტულის სილამაზეს გამოხატავს. თბილისის მოვერცხლისფრო პეიზაჟები იმდენად მდიდარია ნახევარტონებითა და ნიუანსებით, რომ ხელოვნების მოყვარულებმა შეიძლება არც კი დაიჯერონ, რომ პეტრე ბლიოტკინის ეს ნამუშევრები 40-იან, 50-იან წლებშია შექმნილი. მხატვარს შესრულებული აქვს აგრეთვე კომპოზიციები, რომელშიც კონკრეტული და ფანტასტიკური ერწყმის ერთმანეთს - ბლიოტკინის სურათი "მძინარე გოგონა", რომელშიც ფერის, მართლაც რომ, აკვარელური სიმსუბუქეა მიღწეული, დღესაც ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ უმაღლეს მიღწევად ითვლება.

დღეს უკვე ცუდ ტონად არის მიჩნეული იმის აღნიშვნა, რომ 1937-38 წლებში შესრულებული "პარტიული ტილოებით" პეტრე ბლიოტკინი რეპრესიებს გადაურჩა. თუმცა - ეს ფაქტია... და ისიც ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაბადებული თბილისელი მხატვარი ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ქართული ფერწერა ტოტალური სიყალბისგან იხსნა და ღირსება შეუნარჩუნა.

[პირველი ნაწილის დასასრული]

დიდი რუსი პოეტის ვალერი ბრიუსოვის 1905 წლით დათარიღებული წერილი "სიტყვის თავისუფლება" ქართულად ითარგმნა და დაიბეჭდა 1991 წელს ლიტერატურულ ჟურნალ "კრიტიკის" იმ ნომერში, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტია გამოქვეყნებული. და თუ ეს მხოლოდ დამთხვევაა, დღევანდელი გადასახედიდან - საკმაოდ სიმბოლური დამთხვევა: ბრიუსოვის წერილი გამოხატავს აგრეთვე ქართული ინტელიგენციის ერთი ნაწილის პოზიციას 90-იანი წლების დასაწყისში, როცა სამოქალაქო ომის დაწყებას სულ რამდენიმე თვე აკლდა. "კრიტიკის" რედკოლეგიის წევრები გამოჩენილი მწერლები იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ იმედიანად უყურებდნენ მომავალს და სჯეროდათ, რომ ქვეყანაში ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიწყებოდა დემოკრატიული გარდაქმნები, რომ კომუნისტური ტოტალიტარიზმის მანკიერებებისგან განთავისუფლდებოდა ხელისუფლება, პოლიტიკოსები... განთავისუფლდებოდა თავად ინტელიგენცია.

ვალერი ბრიუსოვის წერილის პათოსი მიმართულია 1905 წელს ჟურნალ "ნოვაია ჟიზნში" დაბეჭდილი ლენინის ცნობილი პუბლიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც "პარტიული ორგანიზაცია და პარტიული ლიტერატურა" ჰქვია. ბრიუსოვი ერთ-ერთი პირველია, ვინც რუსი სოციალ-დემოკრატები ფარისევლობაში ამხილა. პოეტი დარწმუნებული იყო, რომ ქვეყანაში დემოკრატიული გარდაქმნების დაპირება, სოციალური თანასწორობის იდეები, რასაც ლენინის პარტია ქადაგებდა, პოპულიზმის ფარგლებს ვერ სცილდებოდა. ბრიუსოვი წერს:

"მათ გადაწყვეტილებაშია ადამიანთა ფანატიზმი, რაც არ აჭაჭანებს აზრს, რომ შეიძლება მათი მრწამსი იყოს ცრუ. აქედან ერთი ნაბიჯია ხალიფა ომარის განცხადებამდე: "წიგნი, რომელიც იმასვე შეიცავს, რასაც ყურანი, ზედმეტია; თუ სხვა შინაარსი აქვს, საზიანოა."

ვლადიმერ ლენინი წერილში, რომელსაც ბრიუსოვი გამოეხმაურა, პირდაპირ მოუწოდებდა სოციალ-დემოკრატებს ეფიქრათ და ეაზროვნად ერთნაირად. ბოლშევიკების მომავალი ბელადი გატაცებით მსჯელობდა თავისუფლებაზე და, ამავე დროს, წერდა ეგრეთ წოდებულ "პარტიულ დისციპლინაზე", რომელიც სოციალ-დემოკრატებს უკრძალავდა რაიმეში დაეჭვებას, განსხვავებული აზრის მიღებასა და ოპონენტებთან ნებისმიერ დიალოგს. ამ თვალსაზრისით, ლენინს ყველაზე მეტად ხელოვანი ხალხი აღიზიანებდა, კონკრეტულად კი, რატომღაც მსახიობი ქალები. "ნოვაია ჟიზნში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში იგი აღნიშნავდა:

"საზოგადოებაში ცხოვრობდე და საზოგადოებისგან თავისუფალი იყო, არ შეიძლება. ბურჟუაზიული მწერლის, მხატვრის, მსახიობი ქალის თავისუფლება არის მხოლოდ შენიღბული დამოკიდებულება ფულის ტომარაზე."

მომავალი ბოლშევიკების ლიდერის ეს სიტყვები ვალერი ბრიუსოვმა განსაკუთრებით მტკივნეულად განიცადა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ლენინის სიტყვებში ტოტალიტარიზმის საფრთხე იგრძნო. ბრიუსოვი მიხვდა, რომ პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა ადამიანთა მანიპულაციაზე მუშაობს პრინციპით - "ვინც ჩვენთან არ არის, იგი ჩვენი მტერია", ანუ ლენინის მოწაფის, იოსებ სტალინის, პრინციპით, რომელიც საბჭოთა პოლიტიკურ (და არამარტო პოლიტიკურ) ცხოვრებაში 30-იანი წლებიდან დამკვიდრდება და კიდევ დიდხანს იარსებებს - ფაქტობრივად, იარსებებს დღემდე საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებში. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა ვალერი ბრიუსოვის, აი, ეს სიტყვები:

"შეუძლებელია არ დავინახოთ, რომ სოციალ-დემოკრატებს თავისუფლება მარტოოდენ თავისთვის უნდათ, რომ პარტიის გარეთ მყოფ პირებს შემთხვევით ერგოთ თავისუფლების ნასუფრალი, ისიც დროებით, ვიდრე მათ მრისხანე სიტყვას "ძირს!" ჯერ კიდევ არა აქვს ვერდიქტის მნიშვნელობა. სოციალ-დემოკრატების ლაპარაკი საყოველთაო თავისუფლებაზე აგრეთვე პირფერობაა და ჩვენ, უპარტიო მწერლებმაც, უნდა ჩამოვგლიჯოთ ყალბი აბრები... "ძირს უპარტიო მწერლებიო!" - ამბობს ბატონი ლენინი. მაშასადამე, უპარტიობა, ანუ თავისუფალი აზროვნება, უკვე დანაშაულია?"

ვალერი ბრიუსოვი აღნიშნავს, რომ ძველი ცენზურის პირობებში ხელისუფლების განქიქება, მართალია, აკრძალული იყო, მაგრამ მწერალი, რომელიც ხელისუფლების გაკრიტიკებას ბედავდა, თავად ხალხის მხარდაჭერით მაინც სარგებლობდა. სოციალ-დემოკრატებმა კი თავი ხალხთან გააიგივეს, თავიანთი პოპულისტური ლოზუნგებით ადამიანების ზომბირება მოახერხეს. ამიტომ, ბრიუსოვის სიტყვებით:

"ძველი წყობილების ბატონობისას მისი საფუძვლების წინააღმდეგ ამხედრებულ მწერლებს... ასახლებდნენ შორეულ და არც ისე შორეულ ადგილებში. ახალი წყობილება "მწერალ-რადიკალებს" გაცილებით მეტით ემუქრება: საზოგადოების ფარგლებიდან გაძევებით, სახალინის მარტოობაში გადასახლებით."

არსებითად, ვალერი ბრიუსოვის წერილის ადრესატები არა იმდენად ლენინი და სოციალ-დემოკრატები არიან, რამდენადაც ბრიუსოვის კოლეგები: მწერლები, მხატვრები, არტისტები - კაცებიც და ქალებიც. პოლიტიკოსთა დაპირისპირებას, მათ პოპულისტურ განცხადებებს, დიდი რუსი პოეტი ასეთი სიტყვებით უპირისპირდება:

"თავისუფალი ხართ თქვენი ბურჟუაზიული გამომცემლისგან, ბატონო მწერალო, თქვენი ბურჟუაზიული საზოგადოებისგან, რომელიც თქვენგან ითხოვს პორნოგრაფიას? - კითხულობს ლენინი. მე ვფიქრობ, ამ შეკითხვას ბევრი ასე უპასუხებს: "დიახ, თავისუფალნი ვართ!" განა არტურ რემბო არ წერდა ლექსებს, რომელთაც არავითარი გამომცემელი და არავითარი საზოგადოება, რომელიც შეძლებდა მისგან მოეთხოვა "პორნოგრაფია", არ ჰყოლია? ან არ ხატავდა პოლ გოგენი სურათებს, რომლებიც ახირებულად იყო დაწუნებული?"

"თქვენ ფიქრობთ, რომ ჭეშმარიტების ძიება აღარაა საჭირო, რადგან უკვე მოპოვებული გაქვთ. - თქვენ პროგრესის მტერი ხართ." - ასეთი სიტყვებით ასრულებს რუსი პოეტი ვალერი ბრიუსოვი თავის წერილს, რომელიც 1905 წელსაა დაწერილი. მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ - მაგრამ "პროგრესის მტრები" ისევ ძველი მეთოდით მოქმედებენ.
XS
SM
MD
LG