Accessibility links

logo-print

ჟან კლოდ ტრიშე - ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი; რა შეიძლება შეცვალოს "მუსიე ევრო"-მ?


ევროპის ცენტრალურ ბანკს 1 ნოემბრიდან ახალი პრეზიდენტი ჰყავს -

"ბანკ დე ფრანსის" ყოფილი მმართველი ჟან კლოდ ტრიშე. წინამორბედისგან, ანუ ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტის - ვიმ დოიზენბერგისგან მას პიროვნული და პროფესიული თვისებებით განასხვავებენ. თუმცა, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალიზმი ნაკლებად პრიორიტეტულია. და მაინც, პიროვნული შტრიხების ასე ერთი ხელის მოსმით უგულვებელყოფა, ალბათ, არ შეიძლება.

ვიმ დოიზენბერგმა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს განაცხადა პოსტიდან წასვლის სურვილის შესახებ. და მაინც, წასვლის წინ, გამოსამშვიდობებელ სადილზე მაინც საჭიროდ ჩათვალა ეთქვა: "ჩემს ერთ ნახევარს, ვიმ დოიზენბერგს - ჩვეულებრივ ადამიანს უკვე დიდი ხანია სურდა წასვლა ამ პოსტიდან, მაგრამ მეორე ნახევარს - ვიმ დოიზენბერგ მთავარ ბანკირს კი გაუჭირდება წასვლა", - ჰოლანდიელ ბანკირს ბევრი არაკომუნიკაბელურობაში სდებდა ბრალს, ბევრი თვლიდა, რომ მისი, როგორც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადებები მათი არაზუსტად ფორმულირების გამო სერიოზული ეკონომიკური ცვლილებების მიზეზიც გამხდარა. ვიმ დოიზენბერგს ამის გამო მეტსახელიც კი შეარქვეს, რომელიც ინგლისურად ასე ჟღერს "დიმ ვიმ" და "ბუნდოვან ვიმს" ნიშნავს. თუმცა, დოიზენბერგის გამოსამშვიდობებელი სიტყვის ეს პირადული ნაწილი სრულიად მკაფიოდ ასახავდა 68 წლის პროფესიონალის მდგომარეობას, რომელიც მაღალ თანამდებობას ტოვებს. დოიზენბერგს ვერც იუმორს დავუწუნებთ. ევროპის სავალუტო კავშირის მომავალ სირთულეებზე საუბრისას დოიზენბერგმა არ დამალა, რომ თავს იღბლიანად გრძნობს, რომ ის პოსტზე აღარ იქნება და წარმატება უსურვა მომავალ პრეზიდენტს.

ევროპის ცენტრალური ბანკის უმთავრეს ფუნქციას ევროს ზონაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს, რასაც ის საპროცენტო განაკვეთის ცვლით არეგულირებს. როცა ევროზონაში ეკონომიკის განვითარება შენელდება ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს ამცირებს, რომ სესხების გაცემას შეუწყოს ხელი, როცა ეკონომიკური ბუმის ხანა დგება, ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთს ზრდის, რომ შეამციროს სესხების მასშტაბი და შესაბამისად ინფლაციის რისკი.

საკონსულტაციო კომპანია "სმით ბარნის" ექსპერტ ხოსე ლუის ალსოლას მიაჩნია, რომ ბევრს არაფერს ცვლის ის, თუ ვინ ხელმძღვანელობს ევროპის ცენტრალურ ბანკს, რასაც ბანკის მართვის სტრუქტურა განაპირობებს:

[ალსოლას ხმა]
"ევროპაში ყველა ცენტრალური ბანკის მმართველი დიდი ხნის მანძილზე - 20 წელიწადზე მეტია იცნობს ერთმანეთს. ისინი ერთმანეთის მსგავსად აზროვნებენ. არ არის მათ შორის დიდი განსხვავება. ცენტრალური ბანკების მმართველებს ხანდახან პიროვნული თვისებების გამო კი დაყოფენ ხოლმე "ქორებად" და "მტრედებად", მაგრამ არა მგონია, რომ მათ შორის დიდი განსხვავება იყოს".

ალსოლას არც თუ ცოტა ეთანხმება იმაში, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი პირი ბევრს ვერაფერს შეცვლის ბანკის მუშაობაში, მაგრამ ბევრი არ დაეთანხმება იმაში, რომ ტრიშე და დოიზენბერგი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან.

ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ დოიზენბერგს ხშირად გაუხსენებენ იმას, რომ მან არასრულფასოვნად შეაფასა შეერთებული შტატების ეკონომიკის 2001 წლის დაცემის ზეგავლენა ევროპის ეკონომიკაზე. მაშინ, როცა შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების ბანკი საპროცენტო განაკვეთს ამცირებდა, ევროპის ცენტრალური ბანკი პრინციპულად ცდილობდა საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალა, რამაც ევროზონაში ეკონომიკური აქტივობის კრიზისი გამოიწვია. დოიზენბერგს წარმატებად ჩაუთვალეს ევროს ფულადი ნიშნების შემოღება, რამაც მას მეორე მეტსახელი "ბატონი ევრო" შესძინა. მთლიანობაში კი, არავინ კამათობს, რომ ვიმ დოიზენბერგი ევროს სახით ტოვებს ძლიერ და სტაბილურ ვალუტას.

ჟან კლოდ ტრიშეს კარგა ხანია ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე განიხილავენ. გერმანია და საფრანგეთი არაოფიციალურად შეთანმხდნენ, რომ შემდეგი რვა წლის მანძილზე ბანკს ფრანგი გაუძღვებოდა. ეგ არის, რომ ტრიშეს პოზიციები დროის ერთ მონაკვეთში შეარყია საფრანგეთში მიმდინარე სასამართლო პროცესმა. ტრიშეს ბრალს სდებდნენ, რომ მან ვერ შეძლო ერთი საბანკო სკანდალის თავიდან აცილება, რომელიც საფრანგეთის გადასახადის გადამხდელებს მილიარდობით დოლარი დაუჯდათ. თუმცა, საფრანგეთის სასამართლომ ტრიშე გაამართლა და ამრიგად გზა გაუხსნა ფრანკფურტისკენ, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის ოფისი მდებარეობს.

ჟან კლოდ ტრიშეს ახასიათებენ ძალიან თანმიმდევრულ ადამიანად, რომელიც თავისი მიზნის მიღწევას ყოველთვის ახერხებს პოლიტიკური ქარტეხილების მიუხედავად. თუმცა, მეორენი აღნიშნავენ, რომ ის პრაგმატიკოსია და კარგად ანცობიერებს, რომ რადიკალური ცვლილებების განხორციელების მცდელობა უწყებაში, რომლის მმართველი საბჭო 12 ქვეყნის წარმომადგენელი 18 წევრისგან შედგება ისევე წარმოუდგენელი იქნება, როგორც სულელური.

ჟან კლოდ ტრიშეს საპასუხისმგებლო პოსტები ეკავა როგორც ფრანსუა მიტერანის, ასევე ჟაკ შირაკის მმართველობის პერიოდებში. მან ისიც კი შეძლო, რომ ფრანსუა მიტერანთან კონფლიქტის პირობებში თანამდებობა შეენარჩუნებინა. ტრიშეზე ამბობენ, რომ მას შეუძლია ილაპარაკოს ბევრი და თქვას ძალიან ცოტა. როგორც ყველა ამ შეფასებიდან ჩანს, ევროპის ცენტრალური ბანკი მართლაც გამოცდილი და მოქნილი ფუნქციონერის ხელში გადავიდა.
XS
SM
MD
LG