Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''რუსეთს პუტინიც სჭირდება და ხოდორკოვსკიც''


"იუკოსის" მთავარი აღმასრულებლის პოსტიდან გადადგომა, როგორც ამ ამბის გავრცელებიდან სულ მცირე ხანშიც გამოჩნდა, ეკონომიკურ ეფექტზე გათვლილი ნაბიჯი იყო. პატიმრობაში მყოფი მიხაილ ხოდორკოვსკის წასვლას

კომპანიის მმართველობიდან დაუყოვნებლივ მოჰყვა "იუკოსის" აქციების ფასის ზრდა. "იუკოსის" ახლა უკვე ყოფილ ხელმძღვანელთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ხოდორკოვსკის მიერ პოსტიდან წასვლა გარდა ეკონომიკურად გათვლილი ნაბიჯისა, პოლიტიკური სვლაც არის და სავარაუდოდ ძალიან მასშტაბური სვლაც, თუკი 42 წლის ხოდორკოვსკის მიღწევებს გავითვალისწინებთ. "იუკოსის" დირექტორთა საბჭომ ახალ თავმჯდომარედ სემიონ კუკესი დაასახელა. ახლა კი უფრო დაწვრილებით "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის სავარაუდო გეგმებზე და კომპანიის ახალი ხელმძღვანელის შესახებ:

ვის შეიძლება დღეს შურდეს "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკის, რომელიც მილიარდობით დოლარის ქონებას ფლობს და უკვე ათი დღეა მოსკოვის ციხეში იმყოფება. თუმცა, შეიძლება მაინც ბევრი გამოჩნდეს ხოდორკოვსკის ბედის მოშურნე. ციხეში მყოფიც კი ის ახერხებს გადადგას ნაბიჯი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ბირჟებზე მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. ციხიდანაც კი ის ახერხებს წარმატებული მარკეტინგული სვლის გაკეთებას, რომელიც ბევრს მის პოლიტიკურ მომავალზე ალაპარაკებს.

ერთ-ერთმა მიმომხილველმა "სი-ენ-ენ"-ზე გამოსვლისას მართებულად შენიშნა, რომ ხოდორკოვსკის შევიწროებით ვლადიმირ პუტინმა მას ძალიან გაუადვილა თავი გმირად წარმოეჩინა. აკი, ხოდორკოვსკი ოსტატურად იყენებს კიდეც შექმნილ ვითარებას საზოგადოებისთვის საკუთარი ფიგურის წარმატებით "მიყიდვის" თვალსაზრისით. არა, ხოდორკოვსკის ფიგურას არც ერთი მიმომხილველი ცალსახად დადებითად არ ახასიათებს, პირიქით - ისინი სწორედ იმას აღნიშნავენ, რომ "იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი გაყიდვის (ფართო გაგებით) დიდი ოსტატია. აი, რა პოზიციას ასაღებს ის ახლა (ნაწყვეტი მისი განცხადებიდან): "უახლოეს წლებში მიზნად ვისახავდი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის შექმნას, რომელიც გლობალური ეკონომიკის ლიდერი იქნებოდა. თუმცა, შექმნილი ვითარება მაიძულებს უარი ვთქვა კომპანია "იუკოს-სიბნეფტის" განვითარებაში პირად მონაწილეობაზე. როგორც ხელმძღვანელი ვალდებული ვარ ყველაფერი გავაკეთო, რომ ჩვენს შრომით კოლექტივს თავიდან ავაცილო ის დარტყმა, რომელიც ჩემი და ჩემი პარტნიორებისკენ არის მომართული. მე მივდივარ კომპანიიდან".

ხოდორკოვსკიმ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ მომავალში ის განაგრძობს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ღია რუსეთის" თავმჯდომარედ მუშაობას. რუსეთის პრესაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ "იუკოსის" ხელმძღვანელობა მზად იყო ხელისუფლების მხრიდან დარტყმისთვის და ხოდორკოვსკის ციხიდან გაკეთებულ განცხადებასაც არ აღიქვამენ მისი მხრიდან უსიტყვო კაპიტულაციად.

"იუკოსის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატად დასახელებულია საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ამერიკის მოქალაქე სემიონ კუკესი, რომელიც 28 ნოემბერს დაგეგმილ მთავარ აქციონერთა კრებაზე უნდა დაამტკიცონ.

სხვათაშორის, კუკესის სამშაბათის პრეს-კონფერენციაც ამაგრებს იმ თეორიას, რომ "იუკოსი" და პირადად ხოდორკოვსკი მზად იყო ხელისუფლებისგან თავდასხმისთვის. სემიონ კუკესმა 4 ნოემბერს განაცხადა, რომ კომპანიის საქმიანობაში რაიმე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, რადგან ის ნორმალურად ვითარდება. ხოდორკოვსკის შესახებ კი ასეთი რამ თქვა:

[კუკესის ხმა]
"ხოდორკოვსკი არ გეგმავს კომპანიაში დაბრუნებას. ეს იყო, პრინციპში, მისი დიდიხნისწინანდელი გეგმა. ახლა, უბრალოდ, დაჩქარდა მისი განხორციელება".

"იუკოსის" საბჭოში შესვლამდე სემიონ კუკესი "ტე-ენ-კა"-ს სახელით ცნობილი "ტიუმენის სანავთობო კომპანიის" პრეზიდენტი იყო და ფაქტიურად უძღვებოდა კიდეც "ტე-ენ-კა"-ს "ბი-პი"-სთან შერწყმას. სემიონ კუკესი ხოდორკოვსკიზე უფროსი გახლავთ, ის 56 წლის არის. პროფესიით ქიმიკოსია, ამ სფეროში საბჭოთა განათლებით. რუსეთიდან შეერთებულ შტატებში მუდმივად საცხოვრებლად ის 1977 წელს წავიდა და ორ წელიწადში ამერიკის ნავთობკომპანია "ფილიპს პეტროლიუმის" ტექნიკური დირექტორი გახდა, შვიდ წელიწადში კი კომპანია "ამოკო"-ში გადავიდა ტექნოლოგიურ დირექტორად. სემიონ კუკესი მოსკოვში წასვლიდან 18 წლის მერე დაბრუნდა კომპანია "ამოკო-ეურეიჟა"-ს ვიცე-პრეზიდენტის როლში.

ვარაუდობენ, რომ სემიონ კუკესის დანიშვნა ხელს შეუწყობს "იუკოს-სიბნეფტის" აქციების სტრატეგიული წილის შესყიდვაზე ამერიკულ "ექსონ მობილთან" მოლაპარაკებების გაგრძელებას.

დასასრულ მოვიტან ჟურნალ "ნიუზვიკის" ავტორ - მაიკლ მაიერის ციტატას, რომელიც წერს: "იუკოსის" ამბის ირონიაცა და ტრაგედიაც იმაშია, რომ პუტინიცა და ხოდორკოვსკიც ერთი და იმავე მონეტის ორ მხარეს წარმოადგენენ. რუსეთს, ბოლობოლო, ორივე სჭირდება".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG