Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ


"ოპოზიცია თბილისში შედეგს იუმჯობესებს" - წერს გერმანიის "ფრაკფურტერ რუნდშაუ"; "საქართველო: ქაოსი, ენთუზიაზმი, იმედი"- ვკითხულობთ საინტერნეტო გამოცემა "ტრანზიშნ ონლაინში";

"საქართველოში არჩევნებში შვარდნაძის გამარჯვებაა მოსალოდნელი" - ირწმუნება ლონდონის "ინდეპენდენტი"; "ოპოზიციამ საქართველოში მოსალოდნელზე მეტი ხმა მოაგროვა" - დაასკვნის პრაღაში გამომავალი "ჰოსპოდარსკე ნოვინი".

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უცხოეთში მრავალი სხვა გაზეთიც გამოეხმაურა. მართალია, ყველა სტატიას ჩვენი მომიხილვა ვერ დაიტევს, მაგრამ რამდენიმე სტრიქონს დავუთმობთ, მაგალითად, გაზეთ "ველტში" გამოქვეყნებულ წერილს სათაურით: "ამომრჩევლები შევარდნაძეს სჯიან". ასეთ დასკვნას სტატიის ავტორი, შტეფანი ბოლცენი აკეთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შევარდნაძის გუნდმა 2 ნოემბერს გაცილებით უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე წინა, 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში. 99-ში მას 41 პროცენტი ერგო, ახლა 26. ეს შედარება 2 ნოემბრის კენჭისყრის არა საბოლოო, არამედ წინასწარ შედეგებს ეფუძნება.

გერმანელ ჟურნალისტს არ უჭირს შევარდნაძის რეიტინგის დაცემის მიზეზის განმარტება: ის მკითხველს ამცნობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა, რომ ღარიბებს ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო მომსახურებაზე, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს მათ სოციალურ დაცვაზე და რომ მსოფლიოში კორუფციის შემსწავლელი ორგანიზაციის "ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორემპირებული სახელმწიფოა.

შევარდნაძისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მომძლავრებაზე წერს საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა "მონდიც". გარდა ამისა, შევარდნაძის სახელს ხშირად წაიკითხავთ გაზეთ "ინდეპენდენტში" დაბეჭდილ სტატიაში. მასში აღნიშნულია, რომ შევარდნაძის მხარდამჭერი სახელისუფლო ბლოკი ახალ პარლამენტში, როგორც ჩანს, ყველაზე მეტ სავარძელს დაიკავებს. თუმცა, ოპოზიციურ პარტიებს, ერთად აღებულს, უფრო მძლავრი გაერთიანების შექმნა შეეძლებათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან კი უცხოეთის გამოცემები ყველაზე ხშირად "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ახსენებენ. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ნაციონალები მოპოვებული ხმების რაოდენობით (ასე, 23 პროცენტით), როგორც ცნობილია, მეორე ადგილს იკავებენ. გაზეთები ბეჭდავენ სხვა პარტიების: "ლეიბორისტების", "ბურჯანაძე-დემოკრატების", "ახალი მემარჯვენეების" საარჩევნო შედეგებსაც - ცხადია წინასწარ შედეგებს, რომელთა ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ. არ შევჩერდებით არც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში გამეფებულ არეულ-დარეულობაზე, "ქაოსზე", რომლის შესახებ საინტერნეტო გამოცემები "ეურეიჟა ვიუსი" და "ტრანზიშნ ონლაინი", გაზეთები "ნოიე ციურხერ ცაიტუნგი", "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი", "ფრანკფურტერ რუნდშაუ" იუწყებიან და ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ქაოსი არ განმეორდება შემდეგ დიდ კენჭისყრაზე საქართველოში - 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ამ არჩევნების რეპეტიციად უცხოეთის გაზეთებში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებია მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG